ზოგად ქირურგს და ორთოპედ-ტრავმატოლოგს ბატონ მიხეილ ჯანჯღავას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, ის თავის სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული სიძლიერის სპეციალისტია, თუმცა, მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და ყოველდღიურად მუშაობს საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად რამდენიმე წუთი ჩვენთვისაც გამონახა და არაერთ აქტუალურ, საინტერესო და საჭირო თემაზე გვესაუბრა.
მიხეილ ჯანჯღავა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე, შემდეგ ჩავაბარე სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომის შემდგომი სასწავლო აკადემია ბელორუსში დავამთავრე, დავბრუნდი საქართველოში და აქ გავიარე დამატებითი კურსი რეზიდენტურაში ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულებით, ასევე გავიარე სამაგისტრო პროგრამა ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით, პარალელურად ონლაინ გავდივარ ევროპის ბავშვთა ორთოპედიის სასწავლო კურსს, მაქვს გაცვლითი პროგრამები, უკრაინაში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში და მაქსიმალურად ვცდილობ, ფეხი ავუწყო თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს.
– ბატონო მიხეილ, რას მოიცავს ორთოპედია და რა ასაკიდან უნდა დავგეგმოთ პირველი ვიზიტი ორთოპედთან?
– ორთოპედია აღზრდის სწორ მეთვალყურეობას ნიშნავს, აქედან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი საქმიანობა ბავშვთა და მოზარდთა მეთვალყურეობაა, იმისთვის რომ სწორად აღიზარდონ ისინი. სასურველია ბავშვის ორთოპედთან პირველი ვიზიტი დაბადებიდან სამ თვემდე განხორციელდეს, მაგრამ თუ დაბადებიდანვე ბავშვს აღენიშნება ხილული დეფორმაცია ან ანომალია, აუცილებელია პირველივე კვირაში იყოს ორთოპედი ჩართული მკურნალობაში.
– რომელია საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული ორთოპედიული პრობლემები?
– საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ორთოპედიული პრობლემა მენჯ-ბარძაყის დისპლაზია და ამოვარდნილობაა, სტატისტიკურად ყოველ 1000 დაბადებულ ბავშვს შორის ერთი ამ პრობლემითაა, ამიტომ თუკი მშობლებს აქვთ მსგავსი პრობლემები, სასურველია დაბადებიდანვე ვაჩვენოთ ბავშვი ორთოპედს და შემდგომშიც გარკვეული პერიოდის მანძილზე მოხდეს მისი დაკვირვება. შემდეგი გეგმიური ვიზიტი ორთოპედთან უნდა მოხდეს 6 თვემდე, რათა რენდგენოლოგიურად გადავამოწმოთ მენჯ-ბარძაყის სახსარი, ვნახოთ განვითარება, შევაფასოთ სახსრის სტატუსი და ფუნქცია, ასევე მნიშვნელოვანია ვიზიტი სიარულის დაწყების პერიოდში, შემდეგი ვიზიტები 6, 8 და 12 წლის ასაკში უნდა დაიგეგმოს, ეს აუცილებელი ნორმაა.
– რა იწვევს მენჯ-ბარძაყის დისპლაზიას და პრევენციისთვის რა საშუალებები არსებობს?
– უპირველესია გენეტიკური წინასწარგანწყობა, რომელსაც ვერსად გავექცევით, მენჯბარძაყის დისპლაზიის პრევენცია სამწუხაროდ შეუძლებელია, მხოლოდ სწორი კვებით, სწორი ფიზიკური აქტივობითა და მონიტორინგით შეგვიძლია დავიცვათ თავი.
– როგორ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ბავშვს აქვს ტერფთან დაკავშირებული პრობლემა?
– ტერფის პათოლოგიები ორ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ, ერთია თანდაყოლილი პრობლემები და მეორე შეძენილი. შეძენილი პრობლემები შესაძლოა 3-4 წლიდან დაიწყოს პოსტტრავმული განვითარებით, გარკვეული განვითარების შეფერხებით ან გაურკვეველი იდიოპათიური პრობლემებით, რომლის მკურნალობა მაშინ იწყება, როდესაც უკვე გვაქვს პრობლემა. რაც შეეხება თანდაყოლილს, ეს არის ექვინოვარუსული დეფორმაცია-ტერფმრუდობა, ანუ როდესაც კოჭ-წვივის სახსარში გვაქვს გარკვეული დეფორმაცია, რომლის დიაგნოზის დასმა კარგ ექოსკოპისტს ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდშიც შეუძლია. თუ გვაქვს ექვინოვარუსული დეფრომაციის შესახებ ინფორმაცია, დაბადებიდან ერთ კვირაში ვიწყებთ მკურნალობას, რაც გულისხმობს ეტაპობრივი თაბაშირის ნახვევებით ტერფის კორექციას, მობრუნებული ტერფის ეტაპობრივ გასწორებას და სწორ პოზიციაში დაფიქსირებას, რასაც, რა თქმა უნდა, დრო ჭირდება, მაგრამ ამ მკურნალობის შედეგად შესაძლებელია ასპროცენტიანი შედეგის მიღება.
– რომელია ისეთი ორთოპედიული პრობლემები რომელიც თვალსაჩინო არ არის და შესაძლოა გეგმიური ვიზიტის დროს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინოს ორთოპედმა?
– ხშირად გვხდება მცირედ გამოხატული ნევროლოგიური პრობლემები, რომლებიც პრობლემას გვიქმნის საყრდენ მამოძრავებელ სისტემაში, ეს არის ე.წ ბავშვთა ცერებრალური დამბლებით გამოწვეული პრობლემები, რომელიც შესაძლოა თვეების ასაკში ვერ იქნას სრულად დიაგნოსტირებული და ჩვენ ორთოპედებმა გეგმიური გასინჯვების დროს აღმოვაჩინოთ მცირე გამოხატული პრობლემა, მაგ: კუნთის სიმოკლე, დაჭიმულობა, რაც საყურადღებოა და რითიც შესაძლოა შემდგომი განვითარების პრობლემების წინასწარმეტყველება მოვახდინოთ. რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია არ არსებობს თუ რაზე უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება, ამიტომ საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა, რა დროსაც აღმოჩენილი პრობლემის დროს ჩვენ ავტეხთ განგაშს.
– ბავშვთა ასაკში რა ჩივილებია საყურადღებო?
– როდესაც ბავშვს აღენიშნება ადვილად დაღლა, ტერფის ხილული დეფორმაცია, ქუსლი არ დგას სწორად და არის დეფორმაცია გარეთ, მუხლები შიგნითაა შეტრიალებული, სიარულის დროს მთელი ტერფი და ქვემო კიდური შიგნითაა შეტრიალებული, ადვილად ეცემა, დატვირთვის შემდგომ აქვს ტკივილის და წვის შეგრძნება, აწუხებს ტკივილი მენჯ-ბარძაყის და ხერხემლის არეში, დეფორმაცია გულმკერდის მიდამოში, ზედმეტი მოძრაობა ან შეზღუდვა სახსრებში, ეს ის მარტივი ხილული პათოლოგიებია, რაც პრობლემაზე მიგვანიშნებს.
– ორთოპედიული პრობლემების მოგვარება დროში გაწერილია?
– ორთოპედიას თითქმის ყველა პრობლემის მოგვარება შეუძლია, მაგრამ საჭიროა მოთმინება, სამწუხაროდ, მოზარდებში ერთ დღეში პრობლემის მოგვარება არ ხდება, ჩვენ გვაქვს გარკვეული სპეციფიკური გათვლები, რა შეიძლება დღეს გავაკეთოთ, იმისთვის რომ რამდენიმე წელიწადში ეს პრობლემა მოგვარდეს.
– დიაბეტური ტერფის დროს ხშირია კიდურის დაკარგვის საშიშროება?
– დიაბეტის მქონე პაციენტების დაახლოებით 60-70 პროცენტს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს ე.წ. დიაბეტური ტერფის სინდრომი, რომლის მკურნალობაშიც ერთდროულად რამდენიმე სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული. არასწორი მკურნალობის შედეგად პაციენტებს უწევთ კიდურის ამპუტირება, ჩვენ ვცდილობთ მკურნალობით შევაჩეროთ დიაბეტური ტერფის პრობლემა და შევუნარჩუნოთ კიდური.
– ქუსლის დეზის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
– ქუსლის დეზის გამომწვევი მიზეზები ნივთიერებათა ცვლის და ბიომექანისკის დარღვევით გამოწვეული პრობლემაა, რაც ძალიან მტკივნეულია, იწვევს დეფორმაციას და ხელს გვიშლის მოძრაობაში, ყოველმა ფეხის დაბიჯებამ შესაძლოა ტკივილი გამოიწვიოს, ამის მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს: კონსერვატიული და ოპერაციული ტაქტიკა, რასაც დეზის სიდიდით და მისგან გამოწვეული პრობლემების გათვალისწინებით ვწყვეტთ პაციენტთან ერთად.
– რა ორთოპედიული დარღვევების დროს კეთდება კიდურის დაგრძელების ოპერაცია?
– ორთოპედები ნაკლებად ვართ ორიენტირებული გარეგნულ სილამაზეზე, ჩვენთვის პრიორიტეტული ფუნქციაა, როდესაც ფუნქცია დარღვეულია, მხოლოდ სილამაზით ვერ მიიღწევა ცხოვრების მაღალი ხარისხი. თუკი გვაქვს გარკვეული კიდურის სიმოკლე ან დეფიციტი, ამ შემთხვევაში ვახდენთ ამის კორეგირებას, გასწორებას, კიდურის დაგრძელებას ან დამოკლებას.
– დღეს ძალიან პოპულარულია დაგრძელება კოსმეტიკური თვალსაზრისით…
– რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია, მაგრამ ეს ძალიან სათუთი და სპეციფიკური საკითხია, თუმცა ტექნიკურად შესაძლებელია და გაგვიკეთებია კიდეც. ბაზარი ქმნის მოთხოვნას და მოთხოვნას ყოველთვის მიწოდება ახლავს თან, მაგრამ კიდურის დაგრძელების მეთოდის მხოლოდ კოსმეტოლოგიური თვალსაზრისით გამოყენება ცდება მხოლოდ ორთოპედიის მიმართულებას და ეს კოსმეტოქირურგიის მიმართულებაცაა.
– როგორ ხდება ძვალის დაგრძელება და მაქსიმუმ რამდენი სანტიმეტრით გრძელდება კიდური?
– ორგანიზმში თითქმის ყველა ქსოვილს აქვს თვითგანახლების და აღდგენის უნარი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგად განახლებადი ძვალია, როგორც მოტეხილობის შემდგომ ხდება ძვლის შეხორცება, იგივე პრინციპზეა დაფუძნებული დაგრძელებაც. ვახდენთ ძვლის ხელოვნურად გაჭრას და მის ეტაპობრივად, ყოველდღიურად რამდენიმე მილიმეტრით დაგრძელებას. როგორც კი დავასრულებთ ტრაქციის მომენტს, ვახდენთ ბლოკირებას და ეს დაგრძელებული ადგილი და სიცარიელე შეივსება ახალი ძვლით, რომლის სრულად განახლების პერიოდში ძვალი იქნება ისეთი მტკიცე როგორიც ნებისმიერ სხვა ადგილას. კიდურის დაგრძელება მაქსიმუმ 15-16 სანტიმეტრითაა შესაძლებელი.
– რა ჩვენებების დროს არ არის რეკომენდებული ძვალის დაგრძელების ოპერაცია?
– დაგრძელების ოპერაციებს ყველა შემთხვევაში ვერ ვახორციელებთ, მაგ: თუ გვაქვს შაქრიანი დიაბეტი, ინფექციური პრობლემები, მნიშვნელოვანია ასაკობრივი ზღვარიც, ვინაიდან 40 წლის შემდეგ ორგანიზმში იწყება ჰორმონალური ცვლილებები რის შედეგადაც კლებულობს გაძვალების და აღდგენის უნარი, კიდურის დაგრძელების რეკომენდაციას სკოლამდელი ასაკის ბავშვებს არ ვაძლევთ, მინიმალური ქვედა ზღვარი 6 წელია, ამ ასაკში სასურველია როდესაც სამედიცინო ჩვენებაა, მაგრამ კოსმეტიკური თვალსაზრისით 18 წლის ზემოთ კეთდება. შესაძლებელია ნებისმიერი სეგმენტის დაგრძელება, არის დაავადება როდესაც თითების სიმოკლეა, ამის დაგრძელებაც შესაძლებელია ერთ მომენტად.
– და ბოლოს, ბავშვებისთვის სპორტის რომელ სახეობას გაუწევთ რეკომენდაციას?
– ყველა ბავშვისთვის სპორტის ნებისმიერი სახეობა არ არის რეკომენდებული, ამიტომ ვიდრე ბავშვის სპორტის კონკრეტულ სახეობაზე მიყვანას გადავწყვეტთ, უმჯობესია ჯერ ორთოპედმა მოგვცეს ზოგადი შეფასება. მაგ: ბრტყელტერფიანობის პრობლემის მქონეთათვის რეკომენდირებული არ არის ქართული ცეკვა, რადგან იქ მუხლის და ხერხემლის პრობლემას უფრო მეტად ვაძლიერებთ. ზედმეტი და არასწორი დატვირთვა დამღუპველია ორგანიზმისთვის. ყველაზე კარგია დოზირებული, სწორი სპორტი.
ნინო მახარაძე
კომენტარები