“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“მე გამზარდა ბებიამ.
ჩემი ბებია ოსი იყო.
თბილისში, ათარბეგოვის ქუჩაზე დაბადებული და პირველ საშუალო დამთავრებული ოსი.
პასპორტშიც ეწერა არა ქართველი, არამედ ეთნიკურად – ოსი.
უკანონო კერძო ბიზნესი ჰქონდა – სახლში კერავდა.
სძულდა საბჭოთა სახელმწიფო, სახელმწიფო ორგანიზაციები – სადაც ყველა ქურდობდა და რამდენჯერაც მუშაობა დაიწყო, იმდენჯერ წამოვიდა, იპარავენ და მრცხვენიაო.
სძულდა საბჭოთა ეკლესია, სადაც ყველას კაგებეშნიკად თვლიდა. სანამ გარდაიცვლებოდა დაიბარა ვიღაც გაუნათლებელ და დაუბანელ კაგებეშნიკს ჩემს წესს ნუ ააგებინებთ, არ მინდა მღვდელიო – როგორც მოითხოვა, ისე წავიდა.
სადაც მიდიოდა, ყველგან დავყავდი.
ხშირად ამბობდა რომ ოსია – გამომწვევად ამბობდა ამას, ვგრძნობდი. ასე 10-12 წლის ვიქნებოდი რომ ვკითხე, მეთქი შენ რატომ იძახი რომ ოსი ხარ, ბაბუ და მამა ხომ არ ამბობენ რომ ქართველები არიან, რა მნიშვნელობა აქვს მეთქი და აი ზუსტად მაგიტომ ვიძახი, მნიშვნელობა რომ არ აქვსო.
მოგვიანებით მივხვდი რას გულისხმობდა – მაშინ როცა მალავდა ხალხი ეთნიკურ წარმომავლობას, ეს პირიქით იქცეოდა, როგორც ჯიუტი ოსი
როდესაც ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო, ოს ბებიაჩემს დავყავდი აქციებზე – სკოლაში გამოგვივლიდა და მე და ნატა საბანაძე მივყავდით.
არჩევნებზეც გაიქცა – ზვიად გამსახურდიას მისცა ხმა.
ცოტა ხანში, ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა ბებიაჩემის და მისნაირების მისამართით “ჩამოთრეულის” ძახება დაიწყეს.
ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი – შემძულდა ყველა, ვინც ჩემს უსაყვარლეს ადამიანს, რომელმაც ამ ქვეყნის სიყვარული მასწავლა, ასე ეპყრობოდა.
სააკაშვილი ბებიაჩემს კარგად იცნობდა.
სულ მეგონა, რომ პასპორტიდან ეთნიკურობის გრაფას რომ იღებდა და საქართველოს ყველა მოქალაქე ქართველი ხდებოდა – ბებიაჩემისთვის აკეთებდა ამას.
დღესაც, მისი პირიდან ნასროლი ყველა “ჩამოთრეული” და “უჯიშო” ბებიაჩემის შეურაცხყოფა მგონია და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაგ რიტორიკის ადამიანს (მიშა იქნება, რობერტ სტურუა, თუ ბიძინა ივანიშვილი) ძალაუფლება არასოდეს არ ჰქონდეს (ბებიაჩემი სულ მიმტკიცებდა, რომ ცხენის აწევა მეც შემიძლია).”
კომენტარები