ჩეხმა ტურისტმა სრულად აღწერა ის მარშრუტი, რომელიც მან გაიარა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარა ჩვენს ოპერატიულ სამსახურს, რომელმაც გუშინ გამოავლინა ყველა ის პირი, ვისთანაც ჩეხ ტურისტს ჰქონდა კონტაქტი, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„იქედან გამომდინარე, რომ პრევენციულ ზომებს ძალიან დიდი და კარგი ეფექტი აქვს, გადავწყვიტეთ ეს ღონისძიებები კიდევ უფრო გავამკაცროთ, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო გართულება. ჩეხ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, 8 მარტს გამოუვლინდა სიმპტომები. ამის შემდეგ ის დაბრუნდა სამშობლოში, სადაც მას კორონავირუსი დაუდგინდა. ის დაუკავშირდა ჩვენს საელჩოს და მოგვაწოდა ინფორმაცია თავისი დიაგნოზის შესახებ. ამის გამო გადავწყვიტეთ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები დავაწესეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა ფაქტი და სრულად აღწერა ის მარშრუტი, რომელიც მან გაიარა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ეს მნიშნველოვნად დაეხმარა ჩვენს ოპერატიულ სამსახურს, რომელმაც გუშინ გამოავლინა ყველა ის პირი, ვისთანაც ჩეხ ტურისტს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე იზოლირებულია 30 პირი, მიმდინარეობს კონტაქტების დამატებითი შესწავლა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჩეხეთის მოქალაქეს, რომელიც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის გამო გუდაურის რესტორან „მთვრალი ალუბლის“ ორი თანამშრომელი თბილისში გამოკვლევაზე გადაიყვანეს, რესტორანი კი დაკეტეს.
კომენტარები