ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
„ალია“ ადრე წერდა, რომ ძალოვან უწყებებში დასაქმებული ადამიანების უმეტესობას, კონკრეტულ უწყებაში მუშაობის 20 წლის სტაჟი შეუსრულდება თუ არა, პენსიაში გადიან და მერე, სხვა, კერძო სამსახურებში მუშაობენ. ძირითადად, კერძო დაცვის სამსახურებში, კერძო დეტექტივებად, პირად მცველებად, ბიზნეს–კომპანიების უსაფრთხოების სამსახურებში და ეს გამოცდილი კადრები ბიზნესს ძალიან სჭირდება, 45 წლის, უფრო ახალგაზრდა ხალხი პენსიაში გადის, შსს–ს, სუს–ს, სასჯელაღსრულებით სისტემას, თავდაცვის სამინისტროს, კერძო დაცვის სამსახურს ტოვებს, როდესაც მათ უზარამაზარი გამოცდილება გააჩნიათ და ნორმალური ხელისუფლება მათ უდიდეს გამოცდილებას ეფექტურად გამოიყენებდა.
„ალიას“ წყაროს თქმით, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა მასობრივად, 20 წლის სტაჟის შესრულებისთანავე პენსიაში გავლის მიზეზი დაბალი ხელფასები და უპერსპექტივობაა, ზოგიერთ უწყებაში კი, მათ უკანონო დავალებების შესრულება უწევთ. ამიტომაც, გასწრებაზე არიან, რადგან მორიგი უკანონო დავალების შესრულებისას, ზემდგომებმა არ გასწირონ, ჯოხი მათზე არ გადატეხონ და არ გააგდონ სამსახურიდან. ამგვარი ფაქტი არაერთი ყოფილა ამჟამინდელი და წინა ხელისუფლების დროს. მაშინ პენსია განზე დარჩება. უარესი საფრთხეც არსებობს –შეიძლება გამოიყენონ, დანაშული ჩაადენინონ ზემდგომებმა, მერე ზემდგომები გამოძვრნენ და ციხეშიც გაუშვან, საკუთარ თავზე ააღებინონ დანაშული. არ აიღებს და ოჯახს ახსენებენ, შვილებს ახსენებენ, ემუქრებიან, რომ ციხეს სანატრელს გაუხდიან, ისეთ დღეში ჩააგდებენ. გარბიან საშუალო რგოლის თანამშრომლები, რომელთაც არც ბიზნესები აქვთ, არც რომელიმე მაღალჩინოსნის ფავორიტებად ითვლებიან და ხელფასის გარდა, სხვა უკანონო შემოსავლები არ გააჩნიათ. კადრები რომ შეინარჩუნონ ძალოვან უწყებებში, საამისოდ ხელისუფლებამ მარტივი გამოსავალი მოძებნა: „მაქვს ინფორმაცია, რომ ძალოვან უწყებებში დასაქმებული ადამიანების საპენსიო სტაჟი, 25 წლამდე უნდათ, რომ გაზარდონ. ამით, თავისთავად შეაკავებენ უწყებაში იმ ხალხის დენადობას, ვინც სავალდებულო სტაჟს აგროვებს და მიდის. ხალხი იძულებული გახდება, 5 წლით მეტი იმსახუროს სახელმწიფო სამსახურში. ძალოვანი უწყების თანამშრომლის პენსია სამოქალაქო უწყების თანამშრომლისგან განსხვავებით ბევრად მეტია. ამას ემატება სამხედრო წოდების დანამატი, რომელიც პენსიაში შედის. რაც უფრო მაღლი ჩინისაა ადამიანი, მით უფრო მაღალ პენსიას იღებს. ამიტომ ეხარბება ხალხი ამ პენსიას, შედარებით მაღალია. „ქართულ ოცნებაში“ უკვე იციან, რომ ამას დიდი პროტესტი მოჰყვება ძალოვანთა მხრიდან, მაგრამ უკან დახევას არ აპირებენ. ზოგადად, ხედავენ, რომ ძალოვან უწყებებზე კონტროლი ხელიდან ეცლებათ. დაბალი ხელფასის გამო, ვისაც რა ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი, მათი უმეტესობა ჰყიდის ამ ინფორმაციას. ზოგი მედიაზე ჰყიდის, ზოგი კერძო პირებზე. რომლებიც მერე მოქალაქეთა შანტაჟისთვის იყენებენ ამ ინფორმაციებს და ფულს შოულობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით შავ დღეშია სუს–ი და შსს. ადრე მოგახსენეთ, რომ გიორგი ლილუაშვილი დატოვებს პოსტს და მის ნაცვლად განიხილება ირაკლი შოთაძის კანდიდატურა. ეს ვარიანტი, ჯერჯერობით, ძალაში რჩება. ახლა წყალი აქვს შეყენებული შს მინისტრსაც, დიდი ალბათობით, მას მალე მოხსნიან და მის ადგილას განიხილება ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურა. ამავდროულად, ამ ორივე უწყებიდან ერთ–ერთის შეფად ბიძინა ივანიშვილი განიხილავს თეა წულუკიანს. ამ ეტაპზე წულუკიანი წინააღმდეგია, მაგრამ თუ ივანიშვილი ეტყვის, რომ კონკრეტულ ძალოვან უწყებას ჩაუდგეს სათავეში, უარს ვერ ეტყვის. არ არის გამორიცხული, ყოფილი მთავარი პროკურორი და ამჟამად მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი ბადაშვილი ვიხილოთ რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელად.“ – უთხრა წყარომ „ალიას“.
კომენტარები