“აი ფაქტის” ინფორმაციით, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან ექსპონატები დროებით საცავში გადააქვთ. ათი ხატის გადასატანად, 11 ათას ევროს უხდიან იტალიური ასოციაცია “სუარდოს” ექსპერტებს.
ეს ის ორგანიზაციაა, გელათის დაზიანებული მხატვრობის გადასარჩენად, რეკომენდაციები რომ გასცა. ამაში მათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 288 ათასი ლარი გადაუხადა.
“სუარდოს” მომზადებული ანგარიში ბრიტანელმა ექსპერტებმა გააკრიტიკეს. მათ კვლევას ზედაპირული უწოდეს და თქვეს, თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, გელათის ისედაც დაზიანებულ მხატვრობას უარეს მდგომარეობაში ჩააგდებთო. ბრიტანელების შეფასებით, “სუარდომ” კონსერვაციის საერთაშორისო სტანდარტებიც დაარღვია.
ბრიტანელების შეფასება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის 15 სექტემბერს უკვე ცნობილი იყო. ორი თვის შემდეგ კი ასოციაციას კიდევ ერთი კონტრაქტი გაუფორმეს.
22 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით, ასოციაცია “სუარდოს” ორ ექსპერტს, მარია ფრატელს და დავიდ რიგიარდს ევალებათ, რომ დაგეგმონ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ხატების უსაფრთხო ტრანსპორტირება.
მათ ხატების დაზიანებები უნდა შეისწავლონ და განსაზღვრონ, რას გამოიწვევს მათი ადგილმონაცვლეობა. ექსპერტებმა უნდა შეამოწმონ შესაფუთი ყუთების, ტრანსპორტის და გზის უსაფრთხოება დანიშნულების ადგილამდე. მათ მუზეუმის თანამშრომლებს ხატების ტრანსპორტირების შესახებ ტრენინგიც უნდა ჩაუტარონ.
შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამ საქმის მცოდნე სპეციალისტი არ მოიძებნება, ამიტომაც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა აუცილებლად ჩათვალა უცხოელი ექსპერტების მოწვევა.
“სუარდომ” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 27 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს.
მუზეუმიდან დროებით საცავში გადააქვთ: ვლაქერნის ღვთისმშობლის, ზარზმის ფერისცვალების, წილკნის ღვთისმშობლის, ანჩის ხატი, ხახულის ღვთისმშობლის, ზარზმის ღვთისმშობლის, აწყურის ღვთისმშობლის, კაცხის მაცხოვრის, ახალი შუამთის ღვთისმშობლის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს ხატები ბოლოს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში გადააადგილეს.
კომენტარები