აშშ-ში მცხოვრები ქართველი ტელენევროლოგი დავით მრელაშვილი:
“ძალიან დიდი მადლობა ევროკავშირს და გაეროს ორგანიზაციებს დახმარებისთვის. თუმცა მინდა დავსძინო, როგორც ამ დარგის მოკრძალებულმა წარმომადგენელმა – რომ საქართველოში საკმარისზე მეტი ტექნოლოგიაა ტელემედიცინის და ციფრული მედიცინის განვითარებისთვის, ბევრად მეტი ვიდრე საჭირო.
ეს ტექნოლოგიაა “კომპიუტერი და ინტერნეტი”. კი ბატონო, ზოგიერთ სოფელში შეიძლება ინტერნეტი, და კომპიუტერი არ ჰქონდეთ – და თვეში 30 ლარიანი მაგთის ინტერნეტი ჩაირთოს. მეორადი კომპიუტერებით და ლეპტოპებით სავსეა ქვეყანა, და რომც არ იყოს – მათი ფასიც უკვე მინიმალურია.
მიუღებლად მიმაჩნია რესურსების (და ფინანსების) “ტექნოლოგიაზე” დახარჯვა (თუ ამაზე საქართველოს მხარეს რაიმე კონტროლი აქვს). დრო, რესურსი და ფინანსი უნდა დაიხარჯოს იმ არსებული (ზოგიერთი) კადრის გადამზადებით რომელიც დღემდე ანტიბიოტიკს ნიშნავს კორონავირუსზე, და დექსამეტაზონს “ყოველშემთხვევაში” ბინაზე მომკურნალე მსუბუქ, ჯანმრთელ პაციენტებში.
უმარტივესი მოდელია რომ თვითოეულ სპეციალობაში (ოჯახის ექიმი, კარდიოლოგია, პულმონოლოგია, და ა.შ.) შერჩეულ იქნას საუკეთესო სპეციალისტები (და ნამდვილად გვყავს ქვეყანაში ასეთები), რომლებიც გაუძღვებიან ამ ტელემედიცინის პილოტ-პროექტს, და მათ “მიემაგრონ” მათივე სპეციალობის ნაკლებად კვალიფიციური ექიმები რომლებიც პაციენტთან ერთად გააკეთებენ ჯგუფურ ვიდეო ზარს (სამი მონაწილე). ამგვარად პაციენტიც მიიღებს უმაღლეს დონის კონსულტაციას, და ამ ზარზე მყოფი ექიმიც აიმაღლებს კვალიფიკაციას.
ეს იქნება ერთგვარი ელ-რეზიდენტურა, ანუ გადამზადების პროცესი ქვეყანაში იმ არსებული კადრისთვის რომელმაც ვერ აუწყო ფეხი მედიცინის აჩქარებულ ტემპს და ლამის ყოველდღიურად განახლებად სამედიცინო ლიტერატურას, რათა წამოეწივნენ და მინიმუმ წელიწადში ერთხელ განახლებული გაიდლაინის პრინციპით მაინც უმკურნალონ ყველაზე ხშირ დაავადებებს (მაგალითად ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, პნევმონიები და ა.შ.)
მე არ ვიცი ამ პროექტის არც ბიუჯეტი, და არც კონრეტულად რაზე დაიხარჯება თანხა. აქედან გამომდინარე ზემოთ მოყვანილი ვერ იქნება ვინმეზე რაიმე სახის ბრალდება ან ქება თუ რა კეთდება ან რა არ კეთდება. ეს არის ჩემი პოზიცია გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან, თუ რისი გაკეთება იქნება ყველაზე ხარჯ-ეფექტური საუკეთესო შედეგისთვის.
UNICEF Georgia
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო”
შეგახსენებთ, ევროკავშირმა (EU), გაეროს ოთხმა ორგანიზაციამ, კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA), გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (MoIDPLHSA) ახალი ინიციატივა წამოიწყეს: „საქართველოში COVID-19 პანდემიის უარყოფითი ზეგავლენის მინიმუმამდე შემცირება ტელემედიცინისა და ციფრული სამედიცინო ტექნოლოგიების საშუალებით.“
კომენტარები