ლევან ჯავახიშვილი, ალია
საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება. ქვეყანა მართლა უფსკრულის პირას არის და თუ გადაიჩეხა, საეჭვოა, იქიდან ოდესმე თავი დავაღწიოთ. ქვეყანა, რომელსაც ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანების პრეტენზია ჰქონდა და იყო კიდეც ამის პრეტენდენტი, ქვეყანა რომელსაც რეგიონში ყველაზე მზარდი ეკონომიკა გააჩნდა, ფაქტობრივად, მსოფლიოში უკვე მესამე სამყაროს ქვეყნად განიხილება. ეკონომიკის განვითარების პარამეტრებით, სოციალური მდგომარეობით, სიღარიბის ზღვარის ინდექსით, გამრავლების დაბალი მაჩვენებლით და სხვა უარყოფითი მონაცემებით, ბევრი აღარ გვიკლია აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ჩამორჩენილ ქვეყნებამდე. არადა, საშველიც არაფერი ჩანს. მოსახლეობა პასიურია, არ უნდა აიღოს ხელში ის, რაც კონსტიტუციურად მას ეკუთვნის – ძალაუფლება. ყველა მესიას ელოდება. ზოგისთვის ეს მესია ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ რა დღეში ჩააგდო ქვეყანა, ვხედავთ. ზოგს მიშა სააკაშვილი მიაჩნია მხსნელად, რომელიც ისე გაათახსირა თავის დროზე ძალაუფლებამ, ლამის მანიაკად გადაიქცა. ბიძინა ივანიშვილის „შუა გაკრიფეს“ პოლიტიკამ კი სხვა ლიდერები ჩრდილში მოაქცია. საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი რუსეთს უყურებს იმედიანი თვალით, მეორე – დასავლეთს, ხოლო მესამეს ორივე ფეხებზე ჰკიდია. ბევრს უკვე მიაჩნია, რომ დასავლეთმა საბოლოოდ ხელი ჩაიქნია საქართველოზე, მაგრამ ასე არ არის. ევროპასაც და ამერიკასაც საკუთარი პრობლემები მოეძალათ, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში სოლიდური ინტერესები კვლავ გააჩნიათ და ამ რეგიონში მათი ერთადერთი მოკავშირე საქართველო იყო და რჩება.
„ალიას“ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყარომ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოაწოდა არა მხოლოდ დასავლეთისა და საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებზე, სხვა საჭირბოროტო თემების შესახებაც. წყარო აცხადებს, რომ ევროპაც და ამერიკაც, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც ისინი აქამდე ეყრდნობოდნენ, მალე ჩარეცხავენ და პოლიტიკურ ველზე ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას შემოიყვანენ.
„უკვე რამდენჯერმე განვაცხადე „ალიასთან“, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველანაირი ურთიერთობა გაიფუჭა დასავლეთთან, უპირველესად ამერიკელებთან და მისი შეცვლა უნდათ. ცხადია, ამერიკა უფრო აქტიურია. დასავლეთი უკვე აღარ ენდობა არც ერთ ე.წ. პროდასავლულ პოლიტიკურ ძალას საქართველოში. „ნაცმოძრაობამ“ განახლება ვერ მოახერხა, ფასადური ცვლილებები განახორციელა, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებებისთვის ერთი ბოდიშიც კი არავის მოუხდია და ისევ მიხეილ სააკაშვილის ნებაზეა ჩამოკიდებული. ის უნდა გამოვრიცხოთ. გიგა ბოკერია იმიტომ გამოეყო „ნაცმოძრაობას“, რომ მისი ალტერნატივა იქნებოდა. სხვათაშორის, ვიდრე ეს მოხდებოდა, „ალიასთან“ ექსკლუზიურად განვაცხადე, რომ ბოკერია ამერიკის ელჩთან შეთანხმებით იმოქმედებდა, გამოვიდოდა „ნაცმოძრაობიდან“ და თავის გუნდთა ერთად შექმნიდა ახალ პარტიას. ასე კი მოხდა, მაგრამ გეგმამ ვერ გაამართლა: ბოკერიას საზოგადოებაში, მის პროდასავლულ ნაწილში მაღალი რეიტინგი არ აქვს. ფაქტია, სააკაშვილს მეტი მიმდევარი ჰყავს. ზოგადად, ქართველ ხალხს ბოკერიაზე მეტად ორიოდე პოლიტიკოსი თუ ეჯავრება. მეტადრე, მორწმუნე საზოგადოებას, რომელიც მას ეკლესიის მტრად მიიჩნევს. გარდა ამისა, გიგა ბოკერიას შესახებ გავრცელდა არა ერთი ინფორმაცია, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გაურიგდა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ და პირველად ეს ხმები, ევროკავშირის ერთ–ერთი ქვეყნის საელჩოდან გავრცელდა, მე ასე ვიცი. შესაბამისად, დასავლეთს ამის მტკიცებულებებიც უნდა გააჩნდეს. ეს ფაქტორები გამორიცხავს, რომ ამერიკამ მასზე ფსონი დადოს.
ახლა გიორგი ვაშაძე ცდილობს, გახდეს ევროპისა და ამერიკის ფავორიტი, მაგრამ არაფერი გამოუვა, რადგან ისიც ეჭვმიტანილია ივანიშვილთან გარიგებაში და რაც მთავარია, ვანო ჩხარტიშვილის ნათესავს ხელისუფლების სათავეში არ მოიყვანს არც ევროპა და არც ამერიკა. ჩხარტიშვილი იმ სიაში იყო, ამერიკელი კონგრესმენები რომ განიხილავდნენ სანქციების დასადებად. კიდევ არის რამდენიმე პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსი, მაგრამ მათ სათვალავში არ აგდებენ.
„ქართულ ოცნებაში“ საუბრობენ და სხვა სანდო ადამიანებისგანაც მაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ამერიკა, ევროპასთან შეთანხმებით, ახალი ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის შექმნას დაფინანსებას აპირებს, რომელიც მთავარი პროდასავლური ძალა იქნება ქვეყანაში და მისით ჩაანაცვლებენ „ქართულ ოცნებას“, ვადამდელი არჩევნებისას თუ ვადიანის დროს. ამ მოძრაობაში, რომელიც მერე პარტიად გადაკეთდება, არ იქნება არც ერთი ანგაჟირებული და ხალხისთვის უკვე მოყირჭებული პოლიტიკოსი. მეტ–ნაკლებად ცნობილი რამდენიმე პოლიტიკოსი შეიძლება იყოს და პარტიის ძირითადი ბირთვი იქნება დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დრომ და გარემოებამ წარმოაჩინა – უმთავრესად ახალგაზრდები. შესაძლოა, ლიდერი ამ ახალ მოძრაობას შიგნითვე მოუძებნოს, მაგრამ მეორე ვარიანტიც არსებობს.
დასავლეთი თვლის, რომ ამ მოძრაობას სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუყენონ. ბევრისთვის ეს ძნელი წარმოსადგენია, რადგან ყველა სხვა ნაკლთან, ხალში უავტორიტეტობასთან ერთად, ის „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება და რეალურად, დამოუკიდებელი კი არა, ამ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. სამაგიეროდ, სალომე ზურაბიშვილი ებრძოდა „ნაცმოძრაობას“ და მის დამარცხებაში გარკვეული წვლილიც შეიტანა. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრობას კი, თუ მოისურვა, ზურაბიშვილი 2–3 თვეში ჩამოირეცხავს. საკმარისია, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ორ მნიშვნელოვან, მისთვის საჭირბოროტო კანონპროექტს დაადოს ვეტო, რომ მას ეგრევე „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მტრად შერაცხავენ, უმადურთა სიაში მორიგ ადგილს დაიკავებს.
თუ ასე მოხდა, ის მიუღებელი იქნება „ნაცმოძრაობისათვისაც“ და „ქართული ოცნებისთვისაც“. სამაგიეროდ, პროდასავლური ელექტორატის სერიოზული ნაწილი მხარს დაუჭერს და ამერიკას იმედი აქვს, რომ მას იმ ხალხის ნაწილიც გაჰყვება, ვინც მესამე ძალის გამოჩენის ლოდინით უკვე დაიღალა. ზურაბიშვილს მხარს უჭერს ემიგრაციის დიდი ნაწილი და ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაზე მთავარი კი აქ ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთისთვისაც მისაღები კანდიდატია.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, დასავლეთი არ დაუშვებს, ერთ რომელიმე პარტიას ჩუვარდეს ისევ სრული ძალაუფლება და თუ ეს გეგმა იმუშავებს, ზურაბიშვილი ახალი პარტიით, კოალიციური მთავრობის პრემიერი გახდება. ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები მიმდინარეობს. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკებებს უშუალოდ ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი უძღვება. ვერ ვიტყვი, რომ დიდად ფარულია ეს კონსულტაციები. „ქართული ოცნების“ მთავარმა ლიდერებმა იციან ამის შესახებ. ზოგადად, ამერიკელებს ასეთ საკითხებზე ფარული მოლაპარაკებები სჩვევიათ, მაგრამ ეს გამონაკლისი რატომ დაუშვეს, ვერ გეტყვით. მით უფრო, საქმე აქვთ ყოფილ დიპლომატთან, რომელიც ამგვარი ფარული მოლაპარაკებების დიდოსტატია“ – განუცხადა „ალიას“ წყარომ.
კომენტარები