გიორგი ჯავახაძე, ალია
კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გადააგორა მიშამ. სხვათა შორის, ამჯერად ნაკლები ადამიანი იყო მობილიზებული სასამართლოს წინ. პროცესები განახლდება დეკემბრის ბოლოს და მანამდე რა იქნება? მანამდე ოპოზიცია იტყვის, მიშა ცუდადაა და კლინიკაში უნდა დარჩესო და „ოცნება” უპასუხებს, კარგადაა და ციხეში გადაყვანის დროაო?
„ალიას” უშიშროების ყოფილი თანამშრომელი ესაუბრება, რომელიც ახლაც ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს:
„ამჯერად, სასამართლოს წინ აღარ იყო პოლიციელთა ის რაოდენობა მობილიზებული, რამდენიც წინა ჯერზე. ჰოი, საოცრებავ, ისე „დაემთხვა”, რომ არც სასამართლოს წინ მობილიზებული ხალხი იყო ბევრი. ვისაც ოდესმე მაინც უმუშავია ძალოვნებში, ყველა გეტყვით, რომ პირველი სასამართლო პროცესის შემდეგ, წესით, მეტი პოლიციელი უნდა გამოეყვანა ხელისუფლებას და არა ნაკლები. ერთადერთ შემთხვევაში შეიძლებოდა პოლიციური ძალები შეემცირებია, თუ ზუსტად ეცოდინებოდა, რომ ნაკლები ადამიანი მივიდოდა აქციაზე და ექსცესებს ადგილი არ ექნებოდა. საიდან შეიძლებოდა მთვარობას ეს სცოდნოდა და ვის შეეძლო აქციის ექსცესების გარეშე ჩატარების გარანტია მიეცა? ხო, ამაშია საქმე!
პარალელურად, ახალი მესიჯი გავრცელდა ოპოზიციის მომხრეებში, ძველით ახალ წელს თავისუფალი იქნება, მიშაო… ანუ, ძველით ახალ წლამდე არაფერი მოხდებაო, ჯერ იყო და, არჩევნების მეორე ტურის მერეო, მერე იყო და 23 ნოემბერსო, ჩურჩულებდნენ, მერე, პირველ სასამართლო პროცესზეო, მერე – მეორე სასამართლო პროცესიც ბარემო, ახლა კი, ძველით ახალ წელსო.
თუ დააკვირდით, მიშამ მეორე სასამართლო პროცესზე სიტყვის დასაწყისშივე თქვა, ჩემი მიმართვა სასამართლოს კი არა, ხალხს ეკუთვნისო, შემდეგ კი ხაზი გაუსვა იმას, რომ მას არ აქვს ბევრი დრო, რადგან უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს და საქმე ელის. მისი ეს განცხადება სასაცილოდ მოეჩვენა ბევრს და სულაც არ არის ასე, მიშამ ამით განაცხადა, რომ მას წასასვლელი ნებისმიერ დროს აქვს, უბრალოდ, ჯერ არ მიდის. ამასობაში, გიული ალასანიამ ღიად მოსთხოვა უკრაინას, დამეხმარეთ, შვილს მიკლავენო და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს ტელევიზიაში მოხდა მისი პირდაპირი ჩართვა, არავინ ჰკითხა, ახლა, როცა საავადმყოფოშია სააკაშვილი, როგორ კლავენ, ვინ კლავს და რა აქვს გადასარჩენიო. როცა გიული ალასანიამ თქვა, საქართველოში ყველა ინსტიტუტი ჩამოინგრაო, არც ეს გაუხდია ვინმეს უკრაინაში სადაოდ. უკრაინელებმა ღიად გააკრიტიკეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, სააკაშვილზე რატომ არ ისაუბრაო, გორდონმა კი ბრძანა – საერთოდაც, ეგ კი არა, ისიც მწყინს, ღარიბაშვილს საერთოდ როგორ შეხვდა, ღარიბაშვილი ჩვენ პატივისცემას არ იმსახურებსო.
სინამდვილეში, სააკაშვილზე ღარიბაშვილთან იმიტომ არ ისაუბრა უკრაინის პრემიერმა, რომ უკრაინა ამ თემაზე უკვე საუბრობს და საუბრობს სხვა ადამიანთან – საქართველოს წარმომადგენელი ამ მოლაპარაკებებში არ არის ღარიბაშვილი, ივანიშვილია. ივანიშვილი ასეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ღარიბაშვილს არ ანდობს.
როცა გიული ალასანიამ თქვა, ციხეში კი არა, საკონცენტრაციო ბანაკში იჯდა ჩემი შვილიო, არც ეს გაიკვირვა ვინმემ – რას ამბობთ, საქართველოს ციხეები საკონცენტრაციო ბანაკებს ჰგავსო? დიმიტრი გორდონმა, რომელიც უკრაინაში დიდი გავლენებით სარგებლობს, ღიად მოითხოვა, უკარინამ სააკაშვილი უკან უნდა დააბრუნოსო. რას იტყვის ახლა უკრაინა, წავიყვანთ სააკაშვილს საქართველოდან, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია და ციხეები საკონცენტრაციო ბანაკებად არის ქცეული და დანარჩენ ქართველებს ასე ბედის ანაბარა მივატოვებთო?
ბოლო პერიოდში, ისევ გააქტიურად სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრები, რომლებიც სასამართლო პროცესების დროს მიწყდა. სასამართლო პროცესებზე კარგად გამოჩნდა, რომ მიშა ისევ ის მიშაა და მას დამატებით რამე ტიპის გართულება ამ მხრივ ნამდვილად არ აღენიშნება. იგივე თქვა ენდოკრინოლოგმა ლენა გიროგაძემაც, თუმცა, მაინც ჯიუტად გვიმტკიცებენ, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეაო. საუბარობენ იმაზეც, რომ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამეტებს აძლევენ, რომლებიც არ სჭირდება.
ამითი, გვეუბნებიან, სააკაშვილს წამლავენ და სპეციალურად უმძიმებენ მდგომარეობასო, აბა, სხვა რა ქვია იმ ფსიქტოროპული მედიკამენტის მიცემას, რომელიც პაციენტს არ სჭირდება? თუ ეს დამტკიცდა, საქართველოს მთავრობას ჰააგის სასამართლოსთვის მოუწევს პასუხის გაცემა და მზად არიან ამისთვის? თუ დამტკიცდა, რომ არამიზნობრივად აძლევდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და ამის საჭიროება არ იყო, აქედან, მიშას მოწამვლაზე საუბრის დასაწყებად ერთი ნაბიჯიც არ არის დარჩენილი.
როგორც ჩანს, ხელისუფლება ახლაც დაგვიანებულ რეაგირებას გეგმავს, ან არანაირ რეაგირებას, რადგან, მიშას მკურნალმა ექიმმა თქვა, უძილობა აწუხებდა სააკაშვილს და იმიტომ ვაძლევდით ფსიქოტროპულ მედიკამეტებსო. რამე სხვა ტიპის პრობლემაზე რომ ესაუბრათ, კიდევ კი, მაგრამ მიშა, დოკუმენტაციის მიხედვით 50 დღე შიმშილობდა და შიმშილობის დროს აწუხებდა უძილობა და მაგ დროს აძლევდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს?
თუ ოპოზიციას გამარჯვება უნდა, ის აუცილებლად გამოიყენებს ამ ფაქტს და დაიწყებს მოწამვლაზე, ან მოწამვლის მცდელობაზე საუბარს და თუ მიშას მოშორება უნდა, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს მიშას ე.წ. სამკურნალო მიზნით გადასაყვანად სხვა ქვეყანაში, სადაც კიდევ ერთი დასკვნა დაიწერება და იტყვიან, რომ უცხოელმა სპეციალისტებმა განკურნეს მიშა საქართველოს ციხეში და ჰოპისტალში მიღებული არამიზნობრივი მედიკამენტებისგან გამოწვეული პრობლემებისგან.
ასე თუ მოხდა, გამოდის, პოლიტიკური სიტუაცია გაყიდულია, რადგან მიშა, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, ვერაფერი შეცვალა და წავიდა – გამარჯვებულად ვერ ჩაითვლება. თუ სიტუაცია გაყიდულია, ცხადია, ეს ყიდვა-გაყიდვა ოპოზიციის გარეშე არ შედგებოდა. პარალელურად, ვრცელდება კულუარული ინფორმაცია, რომ თუ სააკაშვილს უკრაინაში დააბრუნებენ, ხელისუფლებას ივანიშვილი გახარია-კალაძის ფრთას გადააბარებს. ასეა, თუ ისე, ღარიბაშვილი ბოლო დღეებს ითვლის, რადგან, მან უკვე შეასრულა ყველა ის ბინძური საქმე, რომელიც გასაკეთებელი იყო და რომლის ტალახსაც ვეღარასოდეს ჩამოირეცხავს.”
კომენტარები