გერმანიაში მოღვაწე ახალგაზრდა ექიმი-კარდიოლოგი რეზო ჯორბენაძე შტუტგარტის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგიის განყოფილების უფროსი კარდიოლოგია, რაც უცხო ქვეყნიდან ჩასული სპეციალისტისათვის არც თუ ისე მარტივად მოსაპოვებელი სტატუსია. მედიცინის გარდა, ორი ძირითადი გატაცება აქვს – მუსიკა და მწერლობა. რამდენიმე წლის წინ მისმა ნოველამ – „ტოსკა“, რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსში პირველი პრემია დაიმსახურა, რაც თავად ავტორისთვისაც სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. ბატონი რეზო, გარდა თავისი გამორჩეული პროფესიონალიზმისა, საოცრად საინტერესო მოსაუბრეც აღმოჩნდა.
რეზო ჯორბენაძე: გერმანიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2004 წელს წამოვედი და მეექვსე კურსი, ხელახლა, ბონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე დავხურე. ჩემი პირველი სამსახური ბაიროითის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილება იყო. ორი წლის შემდეგ გადავედი ლაიფციგის გულის ცენტრში, ხოლო ლაიფციგიდან – ტუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიურ განყოფილებაში, სადაც მომდევნო 12 წელი დავყავი. 2011 წელს, სწორედ, ტუბინგენში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და 2018 წელს აქვე გავხდი აღნიშნული განყოფილების უფროსი კარდიოლოგი. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გადმოვედი შტუტგარტის ცენტრალური კლინიკის კარდიოლოგიაში, ასევე უფროს კარდიოლოგად.
– როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი?
– ვფიქრობ, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც პროფესიის არჩევაა, 17 წლის ასაკში ძალიან რთულია. ექიმობა ყოველთვის მომწონდა, თუმცა, არ ვიცოდი, რამდენად კარგად გამომივიდოდა. შეიძლებოდა, როდესაც პრაქტიკულ საქმიანობას დავიწყებდი და პაციენტის პირისპირ აღმოვჩნდებოდი, ეს პროფესია სულაც აღარ მომწონებოდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, ვინაიდან ამ 15 წლის განმავლობაში, რაც ექიმად ვმუშაობ, ყოველდღიურად ვრწმუნდები ამ გადაწყვეტილების სისწორეში. დღევანდელი გადასახედიდან, კარდიოლოგია, სწორედ, ის დარგია, რომლის გარეშე ცხოვრებაც ძალიან გამიჭირდებოდა.
– თქვენი პროფესიის გარდა ორი ძალიან საინტერესო ჰობი გაქვთ, წერას და მუსიკას ვგულისხმობ…
– მუსიკა ჩემთვის ჰობზე გაცილებით მეტია, მუსიკა ჩემი ვნება და გატაცებაა. პროფესიონალი პიანისტი არ გახლავართ – წარმოუდგენელია, კონსერვატორიის დამთავრების გარეშე ადამიანი პროფესიონალი პიანისტი იყოს. გარდა ამისა, ვფიქრობ, რაშიც პროფესიონალად მიგაჩნია თავი, ის ყოველდღე უნდა აკეთო, რასაც მე, სამწუხაროდ, ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, დაკვრასთან მიმართებაში ვერ ვახერხებ. შეიძლება, არ ვუკრავდე, არ ვუსმენდე, მაგრამ მუსიკა მაინც ჩემშია. ამის გარეშე ჩემი ცხოვრება ძალიან უდაბური იქნებოდა. ექიმი რომ არ ვყოფილიყავი, აუცილებლად ამ გზას გავყვებოდი. რაც შეეხება ლიტერატურას, მწერლობას პროფესიული განათლება არ ესაჭიროება. შესაძლოა, მწერალს ფორმალურად არც ერთი პროფესია არ გააჩნდეს, მაგრამ მაინც ძალიან კარგი და მკითხველისათვის საყვარელი ავტორი იყოს. პირადად მე პატარ-პატარა მოთხრობებს სკოლის პერიოდიდან ვწერდი. მერე იყო დიდი პაუზა და 2017 წელს, სრულიად შემთხვევით, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე, რევაზ ინანიშვილის სახელობის ერთი მოთხრობის კონკურსზე გავგზავნე ჩემი მოთხრობა – „ტოსკა“. აღმოჩნდა, რომ 74 მოთხრობას შორის პირველი ადგილი აიღო. ეს ჩემთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მაშინდელი ჟიურის თავმჯდომარეს, მწერალ მაკა ჯოხაძესა და ამ კონკურსის ორგანიზატორსა და სულისჩამდგმელს, ქალბატონ თამარ შაიშმელაშვილს. ამ გამარჯვების შემდეგ გავბედე იმაზე ფიქრი, რომ გამომეცა ჩემი მოთხრობების პირველი კრებული – „დაბადებიდან შობამდე. აპეირონი“, რომელიც 2019 წელს დაიბეჭდა გამომცემლობა „არტანუჯში“. ჩემი მეორე წიგნი, კერძოდ, რომანი, სახელწოდებით –„ლაჟვარდისფერი ვითარცა-ქრისტე“, არმაზ ბეკარის ფსევდონიმით, წელს გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“.
– როგორ გაჩნდა იდეა, დაგეწერათ რომანი „ლაჟვარდისფერი ვითარცა-ქრისტე“, რაც საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო თქვენი მხრიდან?
– რამდენიმე წლის წინ საქართველოში შედგა ერთ-ერთი პირველი, ყველაზე დიდი ჰომოფობიური აქცია. მე გერმანიიდან ვადევნებდი თვალყურს გადაჭედილ რუსთაველის გამზირს ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლების წინამძღოლობით. ვიხილე, თუ როგორ მისდევდნენ ახალგაზრდა ბიჭები პირჯვრის წერით ჰომოსექსუალებს და მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას ცდილობდნენ. ბავშვობიდან მქონდა ეს თვისება, რომ ყოველთვის ავტომატურად ვდგებოდი უმრავლესობის მიერ დაჩაგრული უმცირესობის მხარეს. შესაბამისად, ამ კადრების ნახვის შემდეგ სასტიკი აგრესია გამიჩნდა და სწორედ, ზემოთ ნახსენები სცენა გახდა ჩემთვის იმის ბიძგი, რომ წიგნში ჰომოფობიური, მტრულად განწყობილი საზოგადოების ფონზე წინა პლანზე წამომეწია ის კითხვები, რაც ბავშვობიდან მაწუხებდა – საკუთარი თავისა და უფლის ძიება, ადამიანის ფუნქციისა და ამქვეყნად მოვლინების მისიის გააზრება. ეს ყველაფერი თემატიზირებულია ამ ნაწარმოებში. შესაძლოა იმ კითხვებზე პასუხი, რაც ნაწარმოებში ისმება, მეც არ მქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, მთავარი არა პასუხი, არამედ კითხვის დასმაა, რადგანაც სწორედ კითხვების დასმით იწყება ყველანაირი სტერეოტიპის მსხვრევა. წიგნში საკმაოდ საინტერესო და მძაფრი სიუჟეტის ფონზე, ზოგადსაკაცობრიო და უძველეს ადამიანურ ვნებებსა და ემოციებზეა საუბარი. ადგილი აქვს კითხვების დასმასა და ავტორისეული პასუხის გაცემას ან ვერგაცემას. რაც შეეხება წიგნის მთავარ გმირს, ის ჰომოსექსუალი ადამიანია, რომელიც უმაღლესი ზნეობრიობით გამოირჩევა. ამიტომაც ის თავისი ბუნებით ქრისტესმიერია, ვითარცა-ქრისტეა, და იმავდროულად ლაჟვარდისფერიც – ლაჟვარდისფერი, როგორც უმანკო, კამკამა, და ლაჟვარდისფერი, როგორც ცისფერი.
– რატომ გადაწყვიტეთ ამ რომანის ფსევდონიმით დაბეჭდვა?
– მეუღლემ მკითხა, ხომ არ შემეშინდა, წიგნი საკუთარი ვინაობით დამებეჭდა. პირიქით, მე ძალიან მიყვარს ბრძოლა და კამათი. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ამ ნაწარმოებს ფსევდონიმი არმაზ ბეკარი ძალიან უხდება. ვინც მუსიკასთან ახლოს დგას, იცის ბეკარის მნიშვნელობა. რაც შეეხება არმაზს, იგი ქართულ ფესვებზე მიანიშნებს.
– რა სჭირდება მწერალს ყველაზე მეტად?
– ერთი რამ, რაც მწერალს აუცილებლად ესაჭიროება, გახლავთ მოცალეობა. დროის გარეშე არაფერი გამოდის. თუმცა, რაც უფრო სოციალური პროფესია აქვს მწერალს, რომელიც მას ბევრ ადამიანთან აკავშირებს და ბევრ ფსიქოტიპაჟს აცნობს, მით უფრო მეტი ინფორმაცია, გამოცდილება და დაკვირვება ილექება მწერლის შინაგან სამყაროში. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ასეთი პროფესია, სწორედ რომ, მედიცინა გახლავთ. როდესაც მე ვინმე ან რამე ძალიან მიყვარს, ვცდილობ, მაქსიმალურად დავიხარჯო. თუმცა გათვითცნობიერებული მაქვს, რომ რასაც ვაკეთებ, იმ მატერიისთვის, რასაც ეს ემსახურება, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მას სინამდვილეში ესაჭიროება. ეს მიდგომა, საკუთარი თავით უკმაყოფილების მომაბეზრებლობა, ჩემთვის განუწყვეტლივ მასტიმულირებელი ძალაა. სრულყოფილებას ვერასოდეს მივაღწევთ, მაგრამ სწორედ, ეს უნდა იყოს ქმედების მუდმივი სამიზნე.
– რა სირთულეები გაიარეთ უცხო ქვეყანაში უფროს კარდილოგობამდე?
– იმისთვის, რომ უცხოელმა იმავე სტატუსს მიაღწიო გერმანიაში, რასაც გერმანელი აღწევს თავის ქვეყანაში, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ პროფესიულად მასზე გაცილებით უკეთესი უნდა იყო. მედიცინა ძალიან რთულია და კომპლექსური მეცნიერებაა. ინტელექტთან ერთად საჭიროა ემოციურად გაუძლო საოცარ ფიზიკურ, ფსიქიკურ და ემოციურ წნეხს. ამ ყველაფერს ემატება ადამიანური ემპათია, რის გარეშეც ჭეშმარიტი მკურნალი წარმოუდგენელია. რაც არ უნდა დიდი იყოს ცოდნა და გამოცდილება, მედიკოსი, რომელიც პაციენტს ისე უყურებს, როგორც სამუშაო ობიექტს და არა როგორც ადამიანს, კარგ ექიმად ვერასოდეს შედგება.
– რა სიახლეა თქვენს პროფესიაში?
– მინდა გამოვყო მიტრალური სარქვლის კლიპირება. გულის სარქველი შესაძლოა, დროთა განმავლობაში შევიწროვდეს ან პირიქით, ნაკლოვანება განავითაროს, ანუ ბოლომდე ვეღარ დაიხუროს, რის გამოც სისხლის ნაკადი ნაწილობრივ გულის რიგით უკანა საკანში გადადის, რაც პაციენტს უამრავ პრობლემას უქმნის, უპირველეს ყოვლისა, გულის უკმარისობის ერთ-ერთ ისეთ სიმპტომს, როგორიცაა ქოშინი. ასეთი მდგომარეობისას შედარებით ახალგაზრდა და ჯანსაღ პაციენტებში სარქვლის ოპერაცია ტარდება. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ხანდაზმული ავადმყოფებისთვის მსგავსი ოპერაციის ჩატარება ხშირად დიდ რისკთან არის დაკავშირებული. მიტრალური სარქვლის კლიპირების მეთოდი სწორედ ისეთი პაციენტებისათვის არის განკუთვნილი, რომლებიც გულის ღია ოპერაციას რთულად ან საერთოდ ვერ გადაიტანენ. უკვე, თითქმის, 15 წელია, რაც მიტრალური სარქვლის კლიპირება მსოფლიოში დამკვიდრებული და აპრობირებული მეთოდია. უკეთესად რომ წარმოვიდგინოთ, ეს გახლავთ სარეცხის სამაგრის მსგავსი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ხდება მიტრალური სარქვლის შემჭიდროება. და ეს ყველაფერი ხორციელდება ყოველგვარი ოპერაციის გარეშე, საზარდულის სისხლძარღვებიდან მიდგომით, დაახლოებით 1-2 საათიანი პროცედურით. პაციენტი რამდენიმე დღეში საავადმყოფოდან ეწერება და თავს გაცილებით უკეთ გრძნობს, ვიდრე მიტრალური სარქვლის კლიპირებამდე. ეს ჩარევა საქართველოში და სრულიად ამიერკავკასიაში, სამწუხაროდ, არ კეთდება, რადგანაც ერთი კლიპის ღირებულება დაახლოებით 50 000 ევრო გახლავთ. დაახლოებით 4 წელია, რაც სხვა ისეთ ინტერვენციებთან ერთად, როგორიცაა გულის სისხლძარღვების სტენტირება, მიტრალური სარქვლის კლიპირებაც ჩემს სამედიცინო პროფილს განეკუთვნება. აღნიშნულ ჩარევას რეგულარულად ვახორციელებ. ამ თვალსაზრისით ქართველი ავადმყოფი ჯერ არ მყოლია. თუმცა სტენტირებაზე მყავდა რამდენიმე ქართველი პაციენტი და იმ წუთებში ძალიან ბედნიერი გახლდით – ისეთი განცდა მქონდა, თითქოს საქართველოში ვიმყოფებოდი და ინტერვენციას ჩემს სამშობლოში ვახორციელებდი.
– ოჯახი გაგვაცანით.
– ჩემი მეუღლე – თეა კოპაძე, შტუტგარტის ცენტრალური კლინიკის უფროსი ფსიქიატრი გახლავთ. მასაც იგივე გზა და სირთულეები აქვს გამოვლილი, რაც მე. ერთმანეთს გერმანიაში შევხვდით. ორი შვილი გვყავს – 14 წლის იოანე და 9 წლის ლილი. რაც შეეხება ჩემს პირველად ოჯახს, ჩემი მშობლები და ძმა თავისი ოჯახით თბილისში ცხოვრობენ. რამდენიმე რამ არსებობს ჩემს არსებაში, რაშიც ჩემი ცხოვრებისეული ღუზა მყარად მაქვს ჩაშვებული და რაშიც ძალიან გამიმართლა: პირველი ის, რომ დავიბადე და გავიზარდე იმ ოჯახში, სადაც დავიბადე და გავიზარდე; მეორე ის, რომ შევხვდი ჩემს მეუღლეს, რომელიც ჩემი სარკე და ჩემი უკეთესი ნახევარია; მესამე ის, რომ მყავს რამდენიმე უახლოესი მეგობარი, რომელთა გარეშეც ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა; მეოთხე ის, რომ მაქვს პროფესია, რომელშიც ყოველდღე ვიკარგები და იმავდროულად, ჩემს თავს ვპოულობ და მეხუთე ის, რომ მაქვს სულის მისადრეკი და ნავსაყუდელი მუსიკისა და ლიტერატურის სახით, რომელთაც მყისვე თავს ვაფარებ, როგორც კი ამის საჭიროება და მოთხოვნილება ჩნდება.
– ოდესმე თუ დაუბრუნდებით საქართველოს და თქვენს პროფესიონალიზმს ქართველ პაციენტებს მოახმართ?
– ჩემი ერთ-ერთი ოცნება ჩემს ქვეყანაში დაბრუნება გახლავთ, მაგრამ არა საპენსიო ასაკში, არამედ ჩემი პროფესიული კარიერის ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მაინც. მინდა, ჩემი პროფესიული ცხოვრების ბოლო 1-2 ათწლეული საქართველოში ვიმუშაო, ქართველ პაციენტებს ვემსახურო და მომავალი ქართველი ექიმების რამდენიმე თაობა გავზარდო, რათა მათაც ჩემსავით უცხოეთში გადახვეწა არ მოუწიოთ. ეს ჩემი მთავარი ოცნება და ცხოვრებისეული მისიაა, რომლის განხორციელების გარეშეც არ მსურს ამქვეყნიური არსებობის დასრულება.
ნინო საყვარელიძე