ცნობილი და წარამეტებული ექიმის ბატონი არჩილ ჩხოტუას მოღვაწეობა უროლოგიის დარგში 30 წელს ითვლის. ლ. მანქგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანმა უროლოგმა და დირექტორმა სამეცნიერო დარგში, საკუთარი პრაქტიკული მოღვაწეობა წლების წინ სწორედ ამ კლინიკაში დაიწყო. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა დროს მივლენილი იყო არაერთი ქვეყნის წამყვან კლინიკაში სადაც მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას დიდი წარმატებით იყენებს ქართველ პაციენტებთან.
არჩილ ჩხოტუა: წულუკიძის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში 1991 წელს მოვედი რეზიდენტად, კურსის დამთავრების შემდეგაც დავრჩი როგორც რიგითი თანამშრომელი. მაშინ უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი ლავრენტი მანაგაძე გახლდათ, რომელის უშუალო რეკომენდაციითა და ხელმძღვანელობით დავიწყე მუშაობა. ბატონ ლაურის საოცარი ნიჭი და უნარი ქონდა მოეხდინა მისთვის საინტერესო, ნიჭიერი და პოტენციურად კარიერის მქონე ახალგაზრდა ექიმების სელექცია და მათთვის ამ პროფესიაში წარმატების ფართო შესაძლებლობა მიეცა. 1993 წელს დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია უროლოგიაში, თემა იყო ღამის ენურეზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები ბავშვებში.
_როდის გახდა აქტუალური თირკმლის ტრანსპლანტაციის საკითხი სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში და თქვენ როდის ჩაერთეთ ამ პროცესში?
-1995 წელს ჩვენმა კლინიკამ პირველმა საქართველოში დაიწყო თირკმლის ტრანსპლანტაციის თემის წამოწევა და ქართველი და ფრანგი ქირურგების ერთობლივმა ჯგუფმა 1995 წელს ჩაატარა თირკმლის ტრანსპლანტაციის ხუთი ოპერაცია, საჭირო იყო ამ რთულ მიმართულებას ვინმე ჩადგომოდა სათავეში და ეს არჩევანი ჩემზე გაკეთდა, ამისთვის საჭირო იყო მივლინებები უცხოეთში, გავემგზავრე ისრაელში, კერძოდ თელ-ავივის საუნივერსიტეტო კლინიკის ტრანსპლანტაციის ცენტრში, იქ დავყავი 2 წელი, ეს იყო სტაჟირება ტრენინგი და პარალელურად ვმუშაობდი სამეცნიერო პროექტზე. ისრაელიდან ერთი წელით წავედი იტალიაში, შემდეგ წელიწადი და შვიდი თვე ვიყავი გერმანიაში, იქაც თირკმლის ტრანსპლანტაციის საკითხებზე. შუალედში, 2000 წელს ჩამოვედი საქართველოში, ჩავატარეთ რამდენიმე წარმატებული თირკმლის ტრანსპლანტაცია და ისევ გავემგზავრე. საბოლოოდ, 2003 წლიდან დავბრუნდი საქართველოში და მას შემდეგ ჩვენს კლინიკაში თირკმლის ტრანსპლანტაციების ოპერაციები უკვე სტანდარტულ რუტინული ოპერაციების ხასიათს ატარებს. ოპერაციების წარმოების აქტივობითა და შედეგებით, ჩვენ არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის ლიდერები ვართ.
_მნიშვნელოვანი გახდა ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტების ქირურგიული უზრუნველყოფა
_ამ სტაჟირებებმა და ბატონი ლაურის დიდმა სურვილმა განაპირობა ე.წ ჰემოდიალიზის ანუ დიალიზზე მყოფი პაციენტების ქირურგიული უზრუნველყოფა, მათი პრობლემების მართვა და მოგვიანებით 2010-11 წლებში ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სისხლძარღვოვანი მიდგომების ფორმირებაში დიალიზის პაციენტებისთვის. ამისთვის მე მიმავლინეს შედარებით ხანმოკლე ერთთვიან სტაჟირებაზე აშშ-ში ნიუ იორკის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, სადაც კარგად იყო ეს მეთოდი დამუშავებული. ჩვენ გვქონდა და გვაქვს დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიალიზის ცენტრი და ბევრი ისეთი პაციენტი გვყავს რომლებიც მოითხოვდნენ შესაბამის მკურნალობას, პირველ რიგში სისხლძაღვოვანი მიდგომის თვალსაზრისით. ამ სტაჟირების შემდეგ ინტენსიურად დავიწყეთ ამ კუთხით მუშაობა და ფაქტობრივად 1 წელში ლიდერები ვიყავით ამ ოპერაციების წარმოების როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით.
_როგორია თქვენი აზრი გვამურ დონაციასთან დაკავშრებით?
_ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში გადანერგილი ორგანოების ძირითადი წილი გარდაცვლილი ადამიანებიდან აღებულ ორგანოებზე მოდის, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი ორგანიოების გადანერგვაზე რომელიც წყვილია მაგ: თირკმელი, იქ შეიძლება დონორი იყოს ცოცხალი ადამიანი, მაგრამ რა ვუყოთ იმ პაციენტებს ვისაც ჭირდებათ ისეთი ორგანოს გადანერგვა რაც მხოლობით რიცხვში გვაქვს მაგ: გული. აქ ერთადერთი საშუალებაა, რომ ამ ორგანოს აღება მოხდეს გარდაცვლილიდან. ეს არის მიმართულება, რომელიც მოითხოვს აბსოლუტურ ნდობას როგორც სამედიცინო სისტემის, ისე სამთავრობო სისტემის და პირველ რიგში მოსახლეობის მხრიდან, ეს მედიცინის ძალიან სპეციფიური დარგია და თუ არ არის მოსახლეობასა და სამედიცინო სისტემას შორის ძალიან მაღალი ხარისხის ნდობა, ეს მიმართულება ვერ იფუნქციონირებს. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის ეს ნდობა. ამ საკითხზე არაერთხელ მქონია სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა ინსტანციებთან აქტივობა და საუბარი, მათ შორის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლებს ვარ შეხვედრილი საპატრიარქოში. მრავალჯერადი არგუმენტირებული ინიციატივა გვქონდა, მათ შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებითაც, რომ გვამური გადანერგვის პროგრამის ამუშავება ბიუჯეტისთვისაც ძალიან მომგებიანია, რადგან ძალიან ბევრ ფულს ზოგავს ჯანდაცვის სისტემისტის. ეს კალკულაციები გაკეთებული გვაქვს მრავალჯერ სხვადასხვა მთავრობის პირობებში, მაგრამ სამწუხაროდ, რეალური ძვრა დღემდე არ არის.
_დღეს პაციენტების დიდი ნაწილი აღარ მიდის თირკმელის გადასანერგად უცხოეთში და ამ მხრივ საკმაოდ მდიდარი გამოცდილება დაგიგროვდათ, ყველაზე რთული ქეისების გახსენება თუ შეგიძლიათ?
_ყველა წარმატებული ოპერაცია პატარა გამარჯვებაა ჩვენთვის, საოცარი გრძნობაა რისი სიტყვებით გადმოცემაც წარმოუდგენელია. საოცარ თვითკმაყოფილოებას იწვევს რომ შენ შენს ცხოვრებაში გააკეთე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაც შენ საკუთარი თავისთვის გაგიკეთებია. ჩვენ უკვე 200-ზე მეტი ტრანსპლანტაცია გვაქვს ჩატარებული და მათ შორის იყო გამორჩეული შემთხვევებიც, ახლა ორი საკმაოდ მძიმე შემთხვევა გამახსენდა ჩვენი პრაქტიკიდდან რაც დიდი გამარჯვებით დასრულდა. პირველ შემთხვევაში გადანერგვა გავაკეთეთ ისეთ პაციენტთან, რომელიც 25 წლის განმავლობაში იმყოფებოდა დიალიზზე, აქვე დიალიზის ცენტრში გაიცნო ასევე დიალიზზე მყოფი თავისი მომავალი მეუღლე და მათ შექმნეს ოჯახი. ბოლოს გამოჩნდა ბიძა რომელმაც გამოთქვა თირკმლის დონაციის სურვილი, ჩავატარეთ ტრანსპლანტაცია და ყოველგვარი გართულებების გაერეშე მეორე დღიდან მოიხსნა პაციენტი დიალიზიდან, გაეწერა ჯანმრთელი და დღემდე აგრძელებს ცხოვრებას დიალიზის გარეშე. გვყავდა 49 წლის მამაკაცი რომელსაც დაზიანებული ქონდა მთელი საშარდე სისტემა, გარდა საშარდე მილისა, ტუბერკულიოზის გამო, მთლიანად დააზიანებული იყო მისი ზედა და ქვედა საშარდე სისიტემა, მოვიდა ჩვენთან სავალალო მდგომარეობაში, დიდი ხანია ასეთი პაციენტი არ გვინახავს, ორივე თირკმელი ჰქონდა გადაგვარებული, იყო დიალიზზე, შარდის ბუშტი პრაქტიკულად აღარ არსებობდა, დაახლოებით ერთი წელია ვმკურნალობთ, ჩაიტარა არაერთი ოპერაცია, გაკეთდა მისი საშარდე სისტემის სრული პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ოპერაცია, ბოლომდე იმკურნალა ტუბერკულიოზზე, თავისივე ნაწლავებისგან გავუკეთეთ ხელოვნური შარდის ბუშტი, ბოლოს მეუღლემ მისცა მას თირკმელი, მოვახდინეთ თირკმლის ტრანსპლანტაცია, რომელიც მეორე დღესვე ამუშავდა, პაციენტი მოხსნილია დიალიზიდან და ახლა მიმდინარეობს პოსტოპერაციული რეაბილიტაცია. ამით მინდა ვუთხრა ჩვენს მკითხველს რომ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი აქვს ბრძოლას აზრი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამსუბუქოთ პაციენტის მდგომარეობა და გამოვასწოროთ მისი ჯანმრთელობა.
_რა შემთხვევაში ამბობთ უარს ტრანსპლანტაციაზე?
_თუ რომელიმე პაციენტს აქვს სამედიცინო უკუჩვენება, პირველ რიგში ამის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება სამედიცინო პერსონალის და მათ შორის ჩემს მიერ, როგორც ტრანსპლანტაციის ოპერაციის წარმოების სასარგებლოდ, ისე – საწინააღმდეგოდ. თუ რაიმე მკაცრი უკუჩვენებაა, რა თქმა უნდა, უარს ვამბობთ გადანერგვაზე, ეს ძირითადად დონორის ასაკი ან დონორის ან პაციენტის თანმხლები მძიმე პათოლოგიებია.
_მიუხედავად თქვენი არაჩვეულებრივი შედეგებისა, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი კმაყოფილოი ვერ იქნება..
_შეუძლებელია ყველა პაციენტი კმაყოფილი იყოს, მე მიმუშავია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში და ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველგანაა. უკმაყოფილების გამოხატვას ჭირდება რეგულაცია და კანონები. ცივილიზებულ ქვეყნებში ეს კანონები ცივილიზებულია და ეს პროცესი ექვემდებარება კანონმდებლობას და რეგულაციებს, ნაკლებცივილიზებულ ქვეყნებში ეს პროცესი მიშვებულია ყოველგვარი რეგულაციის გარეშე. ძალიან მწყინს, რომ საქართველოში არ არის ეს პროცესი ადექვატურად მართული. სამწუხაროდ, ჟურნალისტები ხშირად ნეგატიურ როლს ასრულებენ. კერძოდ, იქამდე, ვიდრე გაირკვევა რეალურად იყო თუ არა ექიმის ბრალეულობა კონკრეტულ შემთხვევაში, საზოგადოებამდე მიდის პირველივე წუთებში პაციენტების ახლობლების მიერ გამოთქმული ვარაუდები და ბრალდებები ექიმის მიმართ. საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებას კი აღარავინ აშუქებს, რაც უხშირესად სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.
_თქვენ ხართ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების თავმჯდომარე, როგორც იცავთ საკუთარ კოლეგებს?
_სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სწორედ ექიმების უფლებების დაცვაა, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვართ და აღმასრულებელ სტრუქტურებზე ზემოქმედების ძლიერი ქმედითი ბერკეტები არ გაგვაჩნია, რაც შეგვიძლია ეს არის განცხადებების გაკეთება მაგ: მორალური მხარდაჭერის სახით, მაგრამ მინდა გავახსენო ჩვენს მკითველს ბოლო წლების რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენი გაერთიანება ძალიან აქტიური იყო, მაგ: ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა, როდესაც გვქონდა გასვლითი ე.წ „თეთრი ხალათების აქცია“ საზღვართან, მეორე შემთხვევა იყო ბატონი ვახტანგ ყიფიანის დაპატიმრების საქმე, სადაც ასევე ძალიან აქტიური იყო ჩვენი გაერთიანება, ექიმებმა აქცია გავმართეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, მადლობა მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს რათა დაგვითმეს ეთერები და მოგვცეს საშუალება საექიმო საზოგადოებას ხმა მიეწვდინა სხვა საზოგადოებებისთვის.
ნინო საყვარელიძე