ჯერ კიდევ 8 მარტს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძემ “ალიასთან” ინტერვიუში პირველად ახსენა მედიკამენტი, რომელსაც ცდიან კორონავირუსის სამკურნალოდ:
– ჩინეთში 5-6 ასეთ წამალს ცდიან, მათ შორის შიდსის წამალს, რომელსაც ქვია ქლოროქინი, აგრეთვე იყენებენ მედიკამენტს რემდესივირი – ეს მედიკამენტი თავის დროზე ებოლას ვირუსის საწინააღმდეგოდ გააკეთეს, მაგრამ ებოლაზე კარგად არ იმუშავა, ესეც არის სწორედ იმ კომპანიის, რომელიც ცე ჰეპატიტის სამკურნალო წამლებს გვაწვდის და მათი პრეპარატი რემდესივირი ახლა იცდება კორონავირუსის შემთხვევაში. ჩინელმა ექიმებმა გითხრეს, რომ მისი მოქმედება თითქოს დამაიმედებელია, მაგრამ ჯერ არა აქვთ ისეთი შედეგი, რომ ამერიკის წამლებისა და პროდუქტების საგენტოს – სდა-ს მიერ ოფიციალურად დარეგისტრირდეს, როგორც კორონავირუსის წამალი – ასეთი დამაჯერებელი შედეგები ჯერ ვერ მოიპოვეს. ვარაუდობენ მხოლოდ, რომ ეს წამლები ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას, თუმცა, ჩინეთის გარდა ვერც ერთი სხვა ქვეყანა ამ რეკომენდაციებს ვერ იძლევა.
უნდა ვთქვათ ისიც, რომ ექიმის გარეშე, კატეგორიულად არ უნდა ვეცადოთ ამ მედიკამენტების მიღება. მსუბუქ შემთხვევებს ეს საერთოდ არ სჭირდება, მძიმე შემთხვევებში, თუ ჩავთვლით რომ მათი გამოყენება მიზანშეწონილია, ჩვენ ეს მედიკამენტები გვაქვს, აი, რემდესივირის გარდა, სხვა ყველა წამალი გვაქვს, იმიტომ რომ ზოგი შიდსისაა, ზოგი ცე ჰეპატიტის და ისედაც გვაქვს, მათ შორის, ქლოროქინიც, რომელსაც, როგორც ჩინელი ექიმები ფიქრობენ – კარგი შედეგი აქვს. და თუ ჩავთვალეთ რომ სტანდარტული მკურნალობით, ანტიბიოტიკებით, გადასხმებით, ჟანგბადის მიწოდებით ვერ მოვერიეთ დაავადებას, ჩვენ ამ წამლებს გამოვიყენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არ არის რეკომენდირებული.
ამ ინტერვიუს შემდეგ, მეტი და მეტი ადამიანი, მეტი და მეტი ქვეყანა საუბრობს რემდესივირზე, ბატონმა თენგიზმაც არაერთხელ ახსენა მისი მოქმედება, სხვა ექიმებმაც ისაუბრეს ჩვენთან ამ პრეპარატზე. “ალიამ” სცადა გარკვევა, უკვე ველოდოთ, თუ არა, ამ წამლის შემოტანას და ამ კითხვითაც ბატონ თენგიზს მიმართა:
-რემდესივირზე უნდა გკითხოთ, გეგმავთ შემოტანას, თუ არა?
ვგეგმავთ, მაგრამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ ვთხოვეთ, მთელი მსოფლიო რიგში დგას. არა აქვთ, ცოტა აქვთ და იმ ცოტას ვის მისცემენ, არ ვიცით. რემდესივირი გაყიდვაში არ არის, მას კომპანია აწარმოებს და გამოცდის რეჟიმშია, ხომ წარმოგიდგენიათ, მთელი მსოფლიო ელოდება, ამხელა ჩინეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და ვის მისცემენ, არ ვიცი. შეიძლება ჩვენ, თუ მოგვცეს, ეს იმის შედეგი იქნება ცე ჰეპატიტის პროგრამას რომ გვაქვს, ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც ამ კომპანიისა, გილედის, ისევე როგორც რემდესივისი, ამდენწლიანი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენთან მეგობრობს და კარგ ურთიერთობაშია და შეიძლება ამან გვიშველოს, თორემ, საქართველო მისთვის იქნება მეასეხარისხოვანი
შეგახსენებთ, პრემიერის თქმით, ჩვენ უკვე გადავედით, კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე.
ალია
კომენტარები