„ალია ჰოლდინგი“, 2013 წელი, ავტორი თამარ ოქრუაშვილი
დღევანდელი ჩვენი გმირი პარლამენტარი ნიკოლოზ ყიფშიძეა: ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის წევრი, 2006 წლიდან ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი და ჰამაც, სამედიცინო აკადემიის რექტორის მოადგილე. პარლამენტსა და მის გარე პერიმეტრზე ხასიათდება ღრმა სიმუნჯის სიმპტომით. ეს ის ნიკა ყიფშიძეა, „დაგუგვლის“ შემთხვევაში კომპიუტერი ერთბაშად რომ გიგდებს კაზინოს, საავადმყოფოს და, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ღორს! ფაქტია, რომ ეს სამი რამ მარტო საქართველოში თუ დაუკავშირდება ერთმანეთს ერთი პირის საშუალებით და ეს ყველაფერი რა შუაშია ერთმანეთთან, ამას თანმიმდევრულად მოვყვებით. ისე, ლოგიკით, ბატონ ნიკას უნდა უყვარდეს აზარტული თამაშები, ღორის სუკები, თბილი სავარძელი და სულერთია, სად იდგება ეს სავარძელი, პარლამენტში თუ საავადმყოფოში. ისე, პარლამენტარის ფოტოსაც თუ დავხედავთ, ადვილად მივხვდებით, რომ არის მასში რაღაც ტოტემური.
ნიკა ყიფშიძე ექიმების დინასტიის გამგრძელებელია და რუსეთის გარდა, ამერიკაშიც მოღვაწეობდა, სადაც ნიკოლასის სახელითაა ცნობილი. იგია დიდი ბაბუის პატარა შვილიშვილი და შეიძლება ღრმა ბავშვობაში კოლასაც ეძახდნენ, თუმცა ამის შემსწრე ვერავინ ვნახეთ და ამიტომ, ფაქტზე თავს ვერ დავდებთ. მოკლედ, ჩვენი ნიკუშა გახლავთ პროფესიით თერაპევტი, მოწოდებით ვეტექიმი და პარტიული სულისკვეთებით ნაციონალი, ანუ იმ პარტიის წევრი, მაგდუ, მაგდუს ძახილში მეტ სარგებელს ხალხს კი არ აძლევს, არამედ საკუთარ სარგებელზე რომ აქვს აქცენტი.
ახლა კი ჩვენს წმიდათაწმიდას, დეკლარაციას მივხედოთ და მერე მფრინავი ხალიჩით შემოვიფრინოთ ყიფშიძის სამეზობლო.
ნიკოლოზ ყიფშიძე, დაბადებული თბილისში, 1952 წლის 12 ოქტომბერს.
რაც შეხება უძრავ ქონებას, დეკლარანტის უძრავი ქონება შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:
ნოდარ ყიფშიძე, ბინა თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩა, #9, ფართობი 140,00 კვ.მ.
ნიკოლოზ ყიფშიძე, ბინა აჭარაში, დაბა გონიო, ფართობი 170.00 კვ.მ.
ნიკოლოზ ყიფშიძე, მიწის ნაკვეთი აჭარაში, ქობულეთი, ფართობი 430.00 კვ.მ.
დეკლარანტს თურმე არ გააჩნია არც მოძრავი ქონება და არც ფასიანი ქაღალდები. სამაგიეროდ, გრაფა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ცნობილი თერაპევტის საბანკო-საკრედიტო დაწესებულებაში არსებული თანხის შესახებ, ეს ასე გამოიყურება.
ნიკოლოზ ყიფშიძე, „რესპუბლიკა ბანკი“, 200 000,00 ამერიკული დოლარი (კრედიტი).
ნიკოლოზ ყიფშიძე, „რესპუბლიკა ბანკი“, 57 000,00 ამერიკული დოლარი (კრედიტი).
ნიკოლოზ ყიფშიძე, „თიბისი ბანკი“, მიმდინარე 17 000.00 ლარი.
ნიკოლოზ ყიფშიძე, „თიბისი ბანკი“, 18 000,00 ლარი.
ყიფშიძეს ნაღდი თანხა ხელზე არ გააჩნია, არც სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობს, რაც შეეხება არასამეწარმეო საქმიანობის გარდა, სხვა შესრულებული საქმიანობის მიხედვით მიღებულ ანაზღაურებას, ეს ნუსხა ასე გამოიყურება:
ნიკოლოზ ყიფშიძე, შპს ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, გენდირექტორი, 71 435.00 ლარი.
ნიკოლოზ ყიფშიძე, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რექტორის მოადგილე, 264 000,00 ლარი.
ნიკოლოზ ყიფშიძე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სამმართველოს უფროსი, 42 138.00 ლარი. დაბოლოს, საინტერესოა პარლამენტარის მიერ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, მიღებული მატერიალური შედეგით:
ნიკოლოზ ყიფშიძე, ნასყიდობა არასაცხოვრებელ ფართზე 335 500.00 ამერიკული დოლარი.
ნიკოლოზ ყიფშიძე, ნასყიდობა არასაცხოვრებელი ფართი, 546 000.00 ლარი
ნიკოლოზ ყიფშიძე, ნასყიდობა შპს „ნ. ყიფშიძის თერაპიის ეროვნული ცენტრი“, 437 630,00 ამერიკული დოლარი.
ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ქუჩა ვერაზე, კერძოდ, ფიქრის გორაზე ერთი პატარა მყუდრო ქუჩაა. რომ გითხრათ, ვერაზე ყველა იცნობს ქალაქის ამ უმდიდრეს ადამიანს-მეთქი, მოგატყუებთ. ვერელები უფრო მამამისს იცნობენ და ბაბუამისს. მანქანის გამოღებულ კარზე მიყრდნობილი ხმელი კაცი:
– აქ სულ ყოფილები ცხოვრობენ, ყოფილი პარლამენტარები და ყოფილი ცეკას მდივნები. მაგ ნიკა ყიფშიძეს ჰყავდა კაი ბაბუა, მაგის „წიოსკა“, ისიც ნიკოლოზი და სტალინი რომ მოკვდა, ხო? სტალინი, იმავე ღამეს გადაფრინდნენ მგელაძე, საქართველოს ცეკას მდივანი იყო და ის ნიკა სამ საათში მოსკოვში და იქ რა დახვდებოდა? ჩეკამ არ შეუშვა სტალინთან, ამათ ვითომ უნდა გამოერკვიათ სიკვდილის მიზეზი და წადით, ბიძიაო, ვის დაკარგვიხართო და გამოუშვეს. სამ თვეში ბერია დაიჭირეს და გააქრეს და უკვე ქართველების მოსპობა მიდიოდა იმ ღორი („აპიაც“, ღორი!) ხრუშჩოვის ამბები იყო და იმიტომ. თქვენ რა საქმე გაქვთ ამ ნიკა ყიფშიძესთან? მაგაზე აქ არავინ კარგს არ გეტყვით. მაგას არც ვიცნობთ, უბრალოდ, ვიცით. მამა ჰყავს კალიასკაში და იმას უვლის მოსამსახურე რუსის ქალი და კიდევ დაუქირავა სხვა ქალიც. ეგ კაცი აქ არ მოდის.
– ოჯახი არ ჰყავს?
– არ ვიცი, ალბათ, სხვაგან. აქ ნამდვილად არ ცხოვრობს.
პატარა მაღაზიაა და იქვე თმაგაჩეჩილი ქალი ზის და სიგარეტს ეწევა.
– ვინაა ეს ნიკა ყიფშიძე? მე სახლის მმართველი ვარ და არც გამიგია, აქ პარლამენტარი ცხოვრობდეს. თქვენ რა საქმეზე ხართ?
– ავადმყოფი დედა მყავს საოპერაციო და მინდა, ვთხოვო დაფინანსება.
– აი, ივანიშვილი ვნახე საოპერაციო და გადადებული! არ დაგეხმარათ, ხო? ისევ ნაციონალები, ხო? ჰაჰააა! მიშას ვენაცვალე, მიშას, მის დროს მოვასწარი ყველაფერი, იარეთ ახლა და ეძებეთ პატრონი! (მერე ეტყობა, ვეცოდები) მოდი, გიგი წერეთელთან მიდი! აქ ცხოვრობს, ამ უბანში!
– წერეთელს სახლი წყნეთში არ აქვს? იქ ვიყავი ასული!
– აქ ცხოვრობს, ნაყიდი აქვს სახლი კერვალიშვილების ახლოს, მიგასწავლი და მოგეხმარება. ოხ, ერთი ეგ ივანიშვილი ჩამაგდებია ხელში!
ანჯაფარიძის პარალელურ შიო მღვიმელის ქუჩაზე ვბორიალობ კარგა ხანს, ერთ სახლს აწერია ექიმის გვარი და ქვემოთ, „კერძო პრაქტიკა“. ასაკოვანი ქალი მხვდება, გინეკოლოგი.
– ყიფშიძე მოსკოვში მუშაობდა ბურაკოვსკის კლინიკაში კარდიოლოგად და 15 წლის წინანდელი მაგისი შეფასებები უარყოფითია. ითვლებოდა, რომ მას აჩერებდნენ კლინიკაში პაპამისის სახელის პატივისცემით. ეგ მერე წავიდა ამერიკაში და იქ მუშაობდა ღორზე, რადგანაც ღორი ადამიანის ორგანიზმთან ახლოსაა და ღორის გულზე ატარებდა ექსპერიმენტებს. ვერ ვიტყვი ცუდს, ურიგო მეცნიერი არ იყო. იქიდან ჩამოიყვანა მიშამ, მისი სახლის ექიმი იყო და იცოდა მიშას მარტო კუჭ-ნაწლავის მოქმედება კი არა, ტვინის მოქმედებაც, ამიტომ მიშა ზედ იყო გადამკვდარი მაგაზე. ამბობენ, რომ მიშა მაგის ტელეფონს პირადად პასუხობს, ისე ახლოს არიან და მაგას დაანგრევინა რესპუბლიკური საავადმყოფო და მანამდე ნიკას ერთი მძიმე შემთხვევა ჰქონდა. ნუ, ექიმები ვართ და არ მოვყვები, რა მოხდა პაციენტთან დაკავშირებით, მოკლედ, ფატალური ამბავი მოხდა და მეორე დღეს რესპუბლიკურში მივარდა მიშა და აქო და ადიდა ყიფშიძე. ამის შემდეგ მაგას ოპერაციები არ ჩაუტარებია. ამბობენ, რომ ძალიან უყვარს კაზინო და დალევა. მერე მოხდა ისე, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა დაიწყო გასაყიდად. მახსოვს, ლეიბორისტები ძალიან ჩაერთვნენ ამ საქმეში და აქციები ტარდებოდა, ამასობაში კი მაგან თერაპიის ინსტიტუტი იყიდა. ფაქტობრივად, თვითონ რესპუბლიკური აღარც არსებობს. სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, რომ მიშას უნდოდა მაგისი მინისტრობა, მაგრამ უარი თქვა ნიკამ, რად უნდოდა? არ სჭირდებოდა ზედმეტი პასუხისმგებლობა. თქვენ გინეკოლოგიური პრობლემები გაქვთ?
შარიკოვის ისტორია მახსენდება. თუ ცნობილი ექიმი ძაღლებზე ატარებდა ცდებს, ყიფშიძეს ღორებზე უტარებია, მაგრამ ამით ვერც კაცის გული მოიგო, ვერც ღორის და თუმცა დიდი ბაბუა ხალხს დღემდე ახსოვს, ეტყობა, ბადიშზე ბუნებამ შეისვენა. გზიდანვე ვუკავშირდები „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილ წარმომადგენელს, უკვე მემარცხენე სოსო შატბერაშვილს:
– ნიკა ყიფშიძე სააკაშვილის ფავორიტია და იმიტომ არის ჩუმად, რომ არის უვიცი. მაგას თავისი უვიცობით ხალხი შემოაკვდა და მერე გაჩერდა. მიშასა და ყიფშიძეს რესპუბლიკურში უნდოდათ კაზინოს, საუნებისა და სასტუმროს გახსნა და გარყვნილების ბუნაგის მოწყობა. ამ ყველაფერში ნიკა ყიფშიძეს ჰქონდა სერიოზული წილი. ამერიკიდან იმიტომ ჩამოიყვანეს, რომ ნაცების წესია, ვისაც ამერიკული დიპლომი ჰქონდა, ის ნამდვილი ექიმია და მაშინ ვუთხარით სააკაშვილს, რომ ყიფშიძეს ორი ავადმყოფი შემოაკვდა-თქო, უვიცობის გამო. ყველაზე კარგი ისაა, რომ „ემერჯენსის“ ასაშენებლად დიდი ფული გამოიყო და სწორად გაიხარჯა თუ არა ეს ფული, არავინ იცის. მიშამ ექვსჯერ გახსნა „ემერჯენსი“, წარმოგიდგენიათ (როგორ არ წარმოგვიდგენია, მაშინ მიშას არც ერთი გახსნა არ შევარგეთ, ისეთ სტატიებს ვუწერდით, ის კი, გიჟდებოდა და ხელმეორედ ხსნიდა, ასე „ჩაჯინებულმა“, საბოლოოდ, ექვსჯერ გაჭრა ლენტი. – თ.ო.)? ლენტებითა და მაკრატლით ექვსჯერ გაჭრა! ის ექიმები, უმეტესობა უმუშევარი დატოვეს, მაგრამ საავადმყოფო ვერ გაყიდეს.
ფიქრის გორაზე მშვენიერი პატარა კაფეა. ჩაის ვსვამ. გვერდით ქალი ზის და ტელეფონზე ლაპარაკობს. მერე შაქარი მიაქვს ჩემი მაგიდიდან. ვსაუბრობთ.
– ნიკა ყიფშიძეს ჰყავს არაჩვეულებრივი და და ის ქალიც შეწუხებულია ძმის ასეთი ქცევით. მეტი არაფერი ვიცი, იმიტომ, რომ უკონტაქტოა ეგ ნიკა. სხვა რამეს გეტყვით: „ალია“-„ქრონიკა“ მიყვარს და რატომ არ წერთ, რომ ახალმა ხელისუფლებამ არაფერი მოგვიტანა? რომ ეს ყიფშიძეები ისე დადიან, ვითომც ბუზი არ აუფრენიათ? და ატყობთ, ამ ხალხს რომ არავინ ეხება? კახა კალაძე რომ შარანგიების მეგობარია? მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობს და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ამ კრიმინალებთან. ჩვენ, საზოგადოება, ვართ შეძრულები და ნიკოლაიშვილის ოჯახს რომ ვერ მოგლიჯეს კახა კალაძის ოჯახი? ამ ხალხს ხომ არ აქვს მორალური კანონები? არც ამათ ცოლებს! ერთ მშვენიერ დღეს ცუდად წავა ეს ყველაფერი! მე არ ვარ საწყალი ადამიანი, მაგრამ ვინც ამათ შემოსავლებს ხედავს, ის საცოდავი ადამიანები მეცოდებიან, პური რომ არ აქვთ. მე ვკითხულობ მაგათ დეკლარაციებს, მაგ ყიფშიძეზე კითხულობს, ვინმე, საიდან? რესპუბლიკური საავადმყოფო სანდრას ხელში რომ უნდა გადასულიყო, ეგ ვინმემ გამოიკვლია, ვისია ახლა? ის საავადმყოფო რომ ამას დაანგრევინეს, ვინმემ მოითხოვა პასუხი? ივანიშვილი რომ ამბობდა, ამათ პარლამენტარობა ვერ უშველის, თუ დააშავებენ, ხელს არ დავაფარებო, ვისი საქმე გამოიძიეს? ვინ დასაჯეს? ვინ ჩასვეს? ის ასი კლინიკა სად არის? როგორც ჩანს, ჩვენი საშველი არ არის.
კომენტარები