ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგს ბატონ ალექსანდრე ხელაიას პაციენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის უამრავი გამორჩეულად რთული ოპერაცია აქვს დიდი წარმატებით შესრულებული, თუმცა მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და ფიქრობს, რომ თვითგანვითარებაზე ზრუნვა ადამიანის და მით უმეტეს ექიმის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ამისთის თავად ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე და ცდილობს, ფეხდაფეხ მიყვეს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს.
ალექსანდრე ხელაია: მშობლები ექიმები არიან და მეც პროფესიული არჩევანის დროს ბევრი არ მიფიქრია, თავდაპირველად ზოგადი ქირურგიის მიმართულებით წავედი და რამდენიმე წლის შემდეგ, მამაჩემის რჩევით გადავწყვიტე უროლოგიის დარგში გადავსულიყავი.
_უროლოგიის ეროვნულ ცენტრში როგორ მოხვდით?
_1998 წელს მეექვსე კურსიდან მომეცა სშუალება გარკვეული პერიოდულობით მოვსულიყავი უროლოგიის ეროვნულ ცენტრში და დავსწრებოდი სხვადასხვა აქტივობებს, სწორედ აქ გადავდგი ჩემი პირველი ნაბიჯები უროლოგიაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო კლინიკის ჯერ ორდინატურაში და შემდეგ ასპირანტურაში გავაგრძელე, სადაც ჩემი ამოცანა იყო ქალთა უროლოგია, იქ ჩემი ხელმძღვანელი პროფესორი დიმიტრი პუშკარი იყო.
_ პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია გახსოვთ?
-2006 წელს, როდესაც დავბრუნდი უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ბატონი ლაურის ზედამხედველობის ქვეშ პირველად უროლოგიის ეროვნულ ცენტრში დამოუკიდებლად გავაკეთე ოპერაცია ქალბატონთან შარდის შეუკავებლობის გამო, იმ მეთოდით რაც დღემდე ოქროს სტანდარტად ითვლება. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ჩემი დამოუკიდებელი უროლოგიური პრაქტიკა საქართელოში. 16 წელია რაც უროლოგიის ეროვნულ ცენტრში ვმუშაობ და ამ წლების მანძლზე გარდა ქალთა უროლოგიისა ძალიან მნიშვნელოვანად განვვითარდი რამდენიმე სხვა მიმართულებითაც, როგორიცაა მამაკაცის რეპროდუქტოლოგია-უშვილობასთან დაკავშირებული პრობლემები, მამაკაცის სექსუალური ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემების მართვა და ასევე ოფის უროლოგია.
_ რას გულისხმობს ოფის უროლოგია?
_ ეს ნიშნავს, რომ უროლოგი თავის ძირითად დროს კაბინეტში, ამბულატორიული პაციენტების მიღებაში ატარებს, რაც ჩემი ყოველდღიური მუშაობის დაახლოებით 75 პროცენტს შეადგენს, გეგმიურ ოპერაციებზე ავდივარ საოპერაციოში და შემდეგ ისევ ვაგრძელებ პაციენტების მიღებას. დღეის მონაცემებით დაახლოებით 300 მდე პირველადი ვიზიტი მაქვს თვეში და გარდა ამისა, მაქვს ოპერაციები და ლექციები.
_ რა შემთხვევაში მიდიან პაციენტები ოპერაციამდე?
_ მნიშვნელოვანია ექიმმა სწორად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ პაციენტს ოპერაცია ჭირდება თუ მედიკამენტოზური მკურნალობა. არის შემთხვევები როდესაც ვიწყევთ მედიკამენტოზური მკურნალობით და თუ შედეგს ვერ ვიღებვთ, მაშინ ოპერაციული ჩარევის გადაწყვეტილებას ვიღებთ. ხშირად, მსგავს ტაქტიკას მივმართავთ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს. მედიცინა ჭადრაკის დაფას გავს და ექიმი უნდა ფლობდეს ყველა შესაძლო მანიპულირების გზებს რათა ამ „თამაშიდან“ გამარჯვებული გამოვიდეს. ყოველთვის რაც უფრო რთულია ოპერაცია, წინასწარ ვფიქრობ და ვაანალიზებ მისი მსვლელობის ყველა შესაძლო სცენარს.
_ ყველაზე რთული ოპერაციები თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პრაქტიკიდან?
_ ერთ-ერთი რთული ოპერაცია რამდენიმე დღეში მაქვს ჩანიშნული, საშვილოსნოს მიომის გამო ქალბატონს ჩაუტარდა ოპერაცია, სამწუხაროდ განუვითარდა შარდის ბუშტის საშოს შემაერთებელი ხვრელმილი, ე.წ ფისტულა, ამ ხვრელმილთან განვითარდა კენჭი, მხოლოდ და მხოლოდ კენჭის ამოღებისთვის ჩაუტარდა განმეორებითი ოპერაცია, რაც ტექნიკურად ართულებს ჩვენს საქმიანობას, ამას ემატება ჭარბი წონა და ბუნებრივია ეს ყველაფერი განაპირობებს ჩემს მიერ ჩასატარებელი ოპერაციის სირთულეებს, მაგრამ ეს არ არის ყველაზე რთული შემთხვევა, ასეთი ჩემს კარიერაში დაახლოებით 4-5 თვის წინ იყო, როდესაც ახალგაზრდა გოგონასთან იყო შარდსადენი მილის დაზიანება, ეტაპობრივად მოვახდინეთ შარდსადენი მილის აღდგენა და შარდის შეკავების უნარის საბოლოო აღდგენითი ოპერაცია, ვფიქრობ, სწორედ ეს შემიძლია ჩავთვალო ჩემს კარიერაში ყველაზე რთულ ოპერაციად, რადგან ასეთი სირთულის ოპერაციები ხშირად არ კეთდება.
_ ხშირად ცვლით უკეთესობისკენ ადამიანის ცხოვრებას?
_ ძირითადად ისეთ დაავადებებთან მაქვს საქმე, რაც მკვეთრად აუარესებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, ძალიან ხშირად მაქვს შეხება ქალბატონებში შარდის შეუკავებლობასთან, რის გამოც ისინი იძულებულები არიან საფენები ატარონ, რაც თავისთავად დიდი დისკომფორტია. ეს დაავადება მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ აიძულებს უმეტესწილად სახლში იყვნენ, ყველაფერს მოერიდონ, არ დაიტვირთონ ფიზიკურად და სხვა უამრავ შეზღუდვას უწესებს, რის გამოც ხშირად დეპრესიამდეც მიდიან.
_ ვიცით, რომ ბევრ დროს უთმობთ თვითგანვითარებას…
_ თვითგანვითარება ყოველდღიური პროცესია, არ შეიძლება თქვა, რომ მე ეს საქმე ვიცი და მორჩა, სულ ძიებაში ვარ, ვარ ევროპის უროლოგთა ასოციაციის აქტიური წევრი, ევროპის უროლოგთა ასოციაციის რამდენიმე სექციის წევრი, როგორც ანდროლოგიური, ასევე ოფის უროლოგიის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციებს, რასაც შემდეგ უკვე პრაქტიკაში ჩემს პაციენტებთან ვიყენებ.
_ოჯახი გაგვაცანით, როგორ ახერხებთ ოჯახის და პროფესიის შეთავსებას?
_მეუღლე – კოკოშა ფაჩულია ექიმი – ნეფროლოგია, ისიც უროლოგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობს, სადაც მოხდა ჩვენი გაცნობა, ორივეს დატვირთული დღის რეჟიმი გვაქვს და გვესმის, რომ ექიმის ცხოვრება სხვანაირად წარმოუდგენელია. სამი შვილი გვყავს ნინი, ბარბარე და საბა. ვცდილობ ისე გადავანაწიოლო დრო ოჯახსა და სამსახურს შორის, რომ ორივეგან სრულფასოვნად ვიყო.
_ როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
-რამდენიმე უცხოელ კოლეგასთან აქტიურად ვსაუბრობ ძალიან მნიშვნელოვანი ანდროლოგიური ცენტრის დაფუძნებაზე, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით, რაც მაქსიმალურად მოგვცემს იმ კითხვაზე პასუხს თუ რა არის მამაკაცის უშვილობის მიზეზი, მეორე საკითხია ღეროვანი უჯრედების გამოყენება რეკოსნტრუქციულ-აღდგენით უროლოგიაში და ანდროლოგიაში. ეს ორი დიდი ამოცანა დგას ჩემს წინაშე და თუ ამას განვახორციელებ ძალიან ბევრი დადებითი საქმის გაკეთებას შევძლებ ბევრი პაციენტისთვის.
_ ქალბატონებთან შედარებით, რამდენად აქტიურია უშვილობის პრობლემა მამაკაცებში?
_ ჩემს ყველა საჯარო ლექციასა და პრეზენტაციაში სადაც ამ თემას ვეხები, ყოველთვის იგნორირებას ვუკეთებ, იმ ცხრილებს სადაც წერია, რომ ეს მამაკაცის ბრალია და ეს ქალის. ყოველთვის ვამბობ, რომ მხოლოდ ძალიან მცირე შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რა ვისი მიზეზითაა გამოწვეული, ამისთვის ძალიან გამოხატული პათოლოგიური მოვლენები უნდა იყოს. 80 პროცენტში ხაზგასმით ვერ ვიტყვით ამას, ამიტომაა ამოსავალი წერტილი იმ ანდროლოგიური ლაბორატორიული ცენტრის შექმნა, რომელიც ამ ყველაფრის გარკვევაში დაგვეხმარება.
– რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს თქვენს პროფესიაში?
– ექიმობა მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტის და უროლოგია მხოლოდ უროლოგიის რეზიდენტურის დამთავრებას არ გულისხმობს, ექიმმა დღის უმეტესი ნაწილი საკუთარ პროფესიას უნდა დაუთმოს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსდაზრისით. ექიმობას მხოლოს ამ პროფესიის სიყვარული არ კმარა, საჭიროა უდიდესი პასუხმისმგებლობის გრძნობა, ბრძოლა თავის დამკვიდრებისა და განვითრებისთვის.
ნინო მახარაძე
კომენტარები