“ყველაზე ცუდი მუზეუმი მსოფლიოში” – ამ სახელწოდებით გამოაქვეყნა ცნობილმა ყოველდღიურმა ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მა სტატია გორში იოსებ სტალინის მუზეუმის შესახებ.
სტატიის თარგმანს “ტაბულა” ავრცელებს:
“გორში, სტალინის მშობლიურ ქალაქში, მუზეუმი მის სახელს ატარებს, ხოლო დიქტატორის ქანდაკებები კვლავ ჩნდება ქვეყანაში. მუზეუმის შესასვლელში მაღაზიაა, რომელიც სავსეა სტალინის სუვენირებით. გასაღების საკიდები, ჭიქები, მაისურები, ჩანთები, კალმები, ღვინის ბოთლები…
“ბევრი ადამიანი იმიტომ ყიდულობს ამ სუვენირებს სხვისთვის საჩუქრად, ან სახუმაროდ” – ღიმილით განმარტავს გამყიდველი – “ფრანგები ხშირად იღებენ ღვინის ბოთლს, მაგრამ ყველაზე მეტს რუსები ყიდულობენ”.
გორში, რომელიც იოსებ სტალინის (1878-1953) დაბადების ადგილია, საბჭოთა დიქტატორი ადგილობრივი გმირია. მუზეუმი, რომელიც მის სახელს ატარებს, 1957 წელს გაიხსნა და ყველაზე პოპულარულია ქვეყანაში. 2019 წელს, Covid-19-ის პანდემიის დაწყებამდე, მას 175 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
შენობის დარბაზში ფრანგი წყვილი აკვირდება სტალინის შთამბეჭდავ ქანდაკებას, რომელიც კიბეებზე დგას. 30 წლის მაშველი ორელიენი და მისი კომპანიონი, 27 წლის მედდა ხესია (გვარის დასახელება არ ისურვეს), მას შემდეგ აღმოჩნდნენ მუზეუმში, რაც აღმოაჩინეს, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერი აქ დაიბადა. ახალგაზრდას უკვირს: იყო, თუ არა დიქტატურა ცუდი რამ? კარგი, საშინელებაა ასე თუ ისე გაიძულებდნენ რაღაცების გაკეთებას, მაგრამ მე უფრო კარგ მხარეს ვხედავ, ხალხს ჰქონდა საკვები და სამუშაო. მისი კომპანიონი მხრებს იჩეჩავს: მე ეს ყველაფერი არ მაინტერესებს.
კოშმარი
მათ უკან ერთ-ერთი გიდი, მოლურჯო ქურთუკში გამოწყობილი, ტურს იწყებს და ფოტოების, ნახატების, ქანდაკებებისა და გობელენების ნაკადში შედის, რომლებზეც ხალხის “პატარა მამის” ფიგურებია გამოსახული. ერთი საათის განმავლობაში 60 წლის ლარისა გაზაშვილი კითხვების თავიდან არიდებას ცდილობდა.
30 წელია, ლარისა აქ მუშაობს და ყოველი ვიზიტი კოშმარია.
“ეს არის ყველაზე ცუდი მუზეუმი მსოფლიოში! ხალხი არასოდეს არის ბედნიერი” – ამბობს ის – “ყველას, ვინც აქ მოდის, სტალინზე განსხვავებული აზრი აქვს. ხან ნეოკომუნისტები მოდიან, ხან ნეონაცისტები, ხან მსხვერპლთა შთამომავლები… ყოველ ჯერზე ხალხი კითხვებს მაყრის. შეურაცხყოფასაც კი მაყენებენ”!
ლარისა გაზაშვილმა ნახა, როგორ ტიროდნენ ახალგაზრდა გიდები, როდესაც მნახველები მათ ცუდად ექცეოდნენ.
“წამებაა იმუშაო ისეთ ხალხთან, რომელიც ნერვებზე თამაშობს და პასუხს არასდროს გაცდის”!
იმისთვის, რომ რაც შეიძლება, მეტი მნახველი კმაყოფილი დარჩეს, გიდები მათ სურვილებს ერგებიან. თუ ტურისტები პოსტსაბჭოთა რესპუბლიკიდან არიან, მაშინ ხშირად გიდები სტალინს უფრო დადებით კონტექსტში მოიხსენიებენ, ხოლო თუ ტურისტი ევროპიდან, ან ამერიკიდანა, მაშინ სტალინს ნეიტრალურად განიხილავენ.
დისკურსის შეცვლა კიდევ უფრო მარტივია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მუზეუმს არანაირი ახსნა-განმარტება არ გააჩნია. ტექსტები მხოლოდ ადგილმდებარეობებსა და დასახელებების სიებს შეიცავს.
აქ არსად იხსენიებენ 1930-იანი წლების დიდ ტერორს, გულაგებსა და სტალინის რეჟიმის მილიონობით მსხვერპლს, გარდა კიბეების მიღმა დამალული პატარა ოთახისა. სიტყვა “დიქტატორი” არსად წერია.
“ეს არ არის კერძო მუზეუმი, ეს არის სახელმწიფო მუზეუმი” – ამბობს ლარისა გაზაშვილი – “მე ჩემს პრეზენტაციაში ვამბობ, რომ დიქტატორი იყო, მაგრამ ეს განმარტებაში არ წერია, რადგან ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი აზრი გამოვთქვათ”.
ახსნა საქართველოში არსებული ამბივალენტურობისა და უხერხულობის მანიშნებელია იმ ფიგურის მიმართ, რომელიც მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელი კრიმინალია. გორში 2010 წლამდე იდგა სტალინის ძეგლი. ავტო ქუსრაშვილი, მუზეუმში დასასვენებლად მოსული, სტალინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია.
“ყველას უნდა უყვარდეს სტალინი. მან მეორე მსოფლიო ომი მოიგო და პროლეტარიატის ღმერთი იყო. დაილოცოს მისი სული” – ენთუზიაზმით გვეუბნება 82 წლის კაცი, ყოფილი მუშა, რომლის სახლშიც სტალინის დიდი პორტრეტია გამოკრული, ინახავს სუვენირს იმ პერიოდიდან, როცა სტალინი პირადად ნახა. ის 11 წლის იყო და პიონერების ბანაკში ისვენებდა ზაფხულში – ეს სკაუტების კომუნისტური ვარიანტია. “გვითხრეს, რომ როდესაც მოვიდოდა, საპატიო haie d’honneur გაგვეკეთებინა. როდესაც გაიარა, დავიყვირეთ “გაუმარჯოს სტალინს! გაუმარჯოს სტალინს!”. მან მანქანიდან ხელი დაგვიქნია. ისეთი ამაყი ვიყავი”. დღემდე ემოციებისგან ცახცახებს 82 წლის მოხუცი.
მსგავსი ენთუზიაზმი საქართველოში მარგინალური არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დანგრევიდან, ქვეყანა დღემდე საბჭოთა მემკვიდრეობას ებრძვის. სკოლაში საბჭოთა ისტორია 4 გაკვეთილში ეტევა. როგორც კავკასიის კვლევითი ცენტრის 2015 წლის კვლევა აჩვენებს, რესპონდენტთა 38.9%-ს სკოლაში სტალინი პოზიტიურ კონტექსტში გაუგია, 35.5% კი ამბობს, რომ ამ თემაზე არც უსაუბრიათ. ეს მოქმედებს იმაზეც, თუ როგორი დამოკიდებულებაა მის მიმართ. მოსახლეობის 29%-ზე მეტი მას “აბსოლუტურად დადებითად” აფასებს, ხოლო 41% კი ფიქრობს, რომ ის მალულად ქრისტიანი იყო.
რუსული პროპაგანდა
ამაზე უფრო შემაშფოთებელი ის ფაქტია, რომ 2012 წლის შემდეგ სტალინის 9 ახალი ქანდაკება დადგეს ქვეყნის მასშტაბით, ზოგჯერ ეს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ხდებოდა. ქანდაკებების გამოჩენა ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლას ემთხვევა, რომელსაც ოპოზიცია პრორუსულობაში ადანაშაულებს. გიორგი კანდელაკი, ისტორიკოსი და ყოფილი დეპუტატი, აღნიშნავს, რომ ეს ფენომენი დამთხვევა არ არის.
“ეს ასახავს რუსული დეზინფორმაციისა და მათი სატელიტების წარმატებას ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც სტალინს ხატავენ, როგორც პატრიოტს, ვისითაც ქართველები უნდა ამაყობდნენ”.
საქართველო წლებია, ცდილობს ევროკავშირთან და NATO-თან დაახლოებას და მოსკოვის გავლენის სფეროდან თავის დაღწევას, რომელთაც 2008 წელს ომი ჰქონდა.
“როგორ შეიძლება, საზოგადოება უყვარდეს სტალინი და თან ამბობდეს, რომ იზიარებს ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებს” – ამბობს ისტორიკოსი – “ეს მუზეუმი ქვეყნის სირცხვილია”.
კომენტარები