ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
“გუშინ “როიტერსმა“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა, რომ დასავლეთი განიხილავს ტექნოლოგიურ სანქციებს რუსეთის მიმართ, თუ პუტინის არმია შეიჭრა უკრაინაში.
მათ შორის სმარტფონთა ექსპორტის აკრძალვას რუსულ ბაზარზე.
ერთი შეხედვით, თითქოს, `რანაირად` უნდა აკრძალოს ვაშინგტონმა ან ბრიუსელმა ტელეფონების ექსპორტი? `ეფლ`-ისა კიდევ ჰო, მაგრამ` სამსუნგი`?
`რანაირად` და `ამნაირად`:
არა მხოლოდ `ეფლი` არამედ `სამსუნგიც` მზადდება მათ შორის იმ კომპონენტებით, იმ ტექნოლოგიური `ნაწილაკებით`, რაც 100%-ით ამერიკული ან ევროპული წარმოებისაა და რომელთა გარეშე ვერანაირი `სამსუნგი` ვერაფრით შეძლებს ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ტელეფონის წარმოებას.
ამ გარემოებაზე დაყრდნობით, დიახ, ამერიკის ვაჭრობის სამინისტროის შეუძლია აუკრძალოს ამერიკელ მწარმოებლებს კომპონენტთა და `ტექნოლოგიურ ნაწილაკთა` ექსპორტი სამხრეთ კორეაში, თუ ეს ქვეყანა სანქციებს არ დაემორჩილება.
სხვა გავლენის ბერკეტებიც რომ არ ჰქონდეს სეულზე (არადა რა თქმა უნდა სხვაც ბევრი აქვს, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური) მხოლოდ ესეც საკმარისი იქნება და `ეფლ` სიხარულით ცას ეწევა, თუ მისი გლობალური კონკურენტი ჩაიძირება.
ასევე შეუძლია ამერიკას აკრძალოს ტელეფონების რეექსპორტიც, ნაწილობრივ გარდა……ჩინეთისა პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა ჩინეთიც დიდწილად დამოკიდებულია ამერიკაზე ტექნოლოგიურად.
და დიდი ფახიფუხის მიუხედავად, პეკინში ეს არასდროს ავიწყდებათ
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და თუ ჩინეთი არ დაემორჩილა, ამერიკას იმის საშუალებაც აქვს, გენიალური `გუგლ`-ის მეშვეობით, საოპერაციო სისტემები (ორივე, ო რ ი ვ ე!) დაბლოკოს რუსეთის ტერიტორიაზე. ხოლო თუ ეს სისტემები აღარ ექნებათ `პრადვინუტი` რუსებს, რა ჯანდაბად უნდათ სმარტფონი?
თუ `იუთუბ`-ს ვერ უყურა, თუ სტრიმები ვერ ნახა…….ამოიღოს მაშინ ბებიას სკივრიდან `ერიქსონი` ან `ნოკია` და ილაპარაკოს, კი ბატონო.
გასაგებია, რომ კერძო ექსპორტს ამერიკა ვერ აკრძალავს. მაგალითად ვერ შეუშლის ხელს ვინმე ცალკეულ სომეხს, ყაზახს, მოლდოველს, უზბეკს შევიდეს თავისი ქვეყნის მაღაზიაში, იყიდოს იქ ასი `სამსუნგი` ან `ეფლ` და ჩემოდნით წაიღოს რუსეთში, მერე გაყიდოს სადმე ბაზრობაზე.
თუმცა ეს ინდუსტრიული მასშტაბის ვერ იქნება და აუცილებლად (აუცილებლად!) გააძვირებს ნაწარმს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩვენ ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, რამდენად კოლოსალურია ამერიკის ეკონომიკის და ფინანსური სისტემის გლობალური გავლენა.
ხარაგ(ო)ულის რაიონში მცხოვრები ვინმე მაქათუბნელი გლეხი რომ სოფელ ბორითის ყოფილი `კანტორას` ადგილას, მაღაზიაში გამოჩხერილი ბანკომატიდან 100 დოლარს მოხსნის თუ ექნა, ამასაც ამერიკის `ფედერალური რეზერვი` აკონტროლებს და ნებისმიერ წამს შეუძლია დაბლოკოს.
ხოლო ამერიკის არიზონას შტატის რომელიღაც საგრაფოს სასამართლოს, რაკი საქმე დოლარს ეხება, შეუძლია სისხლის სამართლის საქმე აღძრას იმ მაქათუბნელი გლეხის წინააღმდეგ, თუ ამ ოპერაციაში რაიმე საეჭვო მოეჩევნება ან/და სხვა საეჭვო ტრანზაქციების ნაწილად მიიჩნევს.
სახელიც ეცოდინება მისი, გვარიც და საცხოვრებელი ადგილიც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამგვარი სანქციები უეჭველად დაასუსტებენ პუტინის რეჟიმს, რაკი იმ რუსების უკმაყოფილებას გამოიწვევს, ვისაც არც `იუთუბის` არც დასავლური საკონცერტო და სპორტული სტრიმების, არც ფეისბუკის თუ `ინსტაგრამ`-ის გარეშე ცხოვრება უბრალოდ აღარ შეუძლია.
განა თითქოს რა არის ეს `თხელი ფენა` იმ უზარმაზარ `შავბნელ მასასთან` შედარებით, რომელსაც არანაირი სმარტფონი არ სჭირდება, ვობლას გაზეთზე არჩევს და გარაჟში `ბუხავს` არაყს მაგიდად მოხერხებულ ძველ პაკრიშკებზე?
ძააააალიან ცდება ვინც ასე ფიქრობს და აი რატომ:
პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი თავისებურება, რაც მას წინა რუსული რეჟიმებისგან განასხვავებს, სწორედ ისაა, რომ რამდენად მცირეც არ უნდა იყოს ეს ფენა, მისი მხარდაჭერის გარეშე, ანუ პირობითად `საშუალო რუსთა` მხარდაჭერის გარეშე (ეს რიცხოვნობითი კატეგორია არ არის) ის დიდხანს ვერ გაატანს.
ხოლო ამ კატეგორიას, ანუ `პრადვინუტ` საშუალო რუსს, `ყირიმი` კი უხარია, როგორ არა, ოღონდ იმდენად კი არა, `სამსუნგ გალაქსი-ნოუთ ლაითზე` ჩელსი-ლივერპულის` თამაში და ინსტაგრამზე გერლფრენდის ან ბოიფრენდის ფოტოები ვეღარ ნახოს.
უბრალოდ ამგვარი სანქციებით პუტინის რეჟიმზე ზემოქმედება დროში გაიწელება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის რეჟიმი არ არის ჩრდილო კორეა!
ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ ძალიან ძნელია ეს აუხსნათ დასავლელ მეგობრებს.
მაგალითად ვერანაირად ვერ დაარწმუნებ, რომ ყველაზე ძლიერ დარტყმას იმ რეჟიმს მიაყენებდა არა SWIFT-ის გათიშვა (არსებობს `ტელექსი` – ძნელია, სახლაფორთოა, თუმცა არსებობს), არამედ მარტივი გადაწყვეტილება, რომლითაც არა მილიონობით რუს ტურისტს, არამედ 100-200 ათას რუსული ისტებლიშმენტისა და ელიტათა წევრებს, აგრეთვე მათ ოჯახობებს (!-ესაა მთავარი) აეკრძალება ევროპა-ამერიკაში მოგზაურობა, კურშაველსა და მაიამიში განაზება, იტალიურ კომოს ტბაზე ნაყიდი ბინებით სარგებლობა და ა.შ.
რომელიღაც რუსი ბობოლა ჩინოვნიკისთვის ან გენერლისთვის თუ ნავთომრეწველისთვის ეს არაფერია, მაგრამ…..მისი საყვარელი შვილიშვილი რომ ვეღარ წავა ამერიკულ მაიამიში იქ ესპანელ ბოი-ფრენდთან შესახვედრად და ამის გამო მწარედ იტირებს, აი ეს ძაააალიან ააღელვებს ნამდვილად, გარწმუნებთ.
ისინიც ადამიანები არიან. ყოველთვის ასეთები იყვნენ. სტალინის დროსაც კი ასეთები იყვნენ და თქვენ წარმოიდგინეთ, შვილიშვილები უყვარდათ.
უბრალოდ სტალინის ან თუნდაც ბრეჟნევის დროს ის გოგონა მაიამიზე ვერც იოცნებებდა და ნამყოფიც არ იქნებოდა, შესაბამისად ესპანელი ბოი-ფრენდიც ვერ ეყოლებოდა.
პუტინის მსგავსი `ჰიბრიდული რეჟიმი` აუცილებლად ჩამოიშლება ადრე თუ გვიან ამ ფენის აქტიური მხარდაჭერის გარეშე. იმიტომ, რომ ეს ფენა (მაქსიმუმ 100-200 ათასი ადამიანი) ქმნის `ამინდს` ქვეყანაში.
ჰიბრიდული რეჟიმის ბედი კი ქვეყანაში არსებულ `ატმოსფეროზეა` დამოკიდებული.
ეს თუ გააკეთა დასავლეთმა, 1-2 წელიწადში, საურონის გენიტალიებს `Принесут ему на блюдечке с голубой каёмочкой`.
კომენტარები