ავტოფანი უცნობი ავტორის წერილს აქვეყნებს:
“მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობ და ავტომანქანაც შესაფერისი მყავდა ყოველთვის. ამ რამდენიმე წლის წინ, “ნისანის” ჯიპი ვიყიდე, აი, ისეთი, გაეროს წარმომადგენლები რომ დადიან. ჰოდა, სახლში რომ მოვიყვანე, საბარგულში სამშენებლო ბლოკი დავინახე. ძალიან არ მიყვარს მანქანაში ზედმეტი ნივთები. რა ჯანდაბა უნდა ამას მანქანაში-მეთქი და გადავაგდე. გავიდა რამდენიმე თვე, სადღაც მივდივარ ჩემი “ნისანით”, უცებ საბურავი გასკდა, “ზაპასკა” გადმოვიღე, “დომკრატი” მოვამზადე, მაგრამ რად გინდა, “დომკრატი” გაცილებით პატარა აღმოჩნდა, მაშინ კი მივხვდი, რატომაც იყო საბარგულში ბლოკი.
მალე ეს მანქანა გავყიდე და “ვილისი” ვიყიდე, ვხედავ, საბარგულში დევს აგური. მაშინვე ამოვიღე “დომკრატი”, ოთხივე მხარეს დავუარე, მაგრამ ოთხივეს მოერგო.მაშინ რაღად მინდა-მეთქი და ისიც გადავაგდე. მეორე დღეს მეზობელ სოფელში წავედი ძმაკაცთან ერთად. დიდი მინდორი უნდა გამევლო. აღმართში მანქანამ ერთი დააცემინა და გაჩერდა. მაშინვე ხელის “ტორმუზი”ამოვწიე, ქვემოთ რომ არ დაგორებულიყო, მაგრამ სადაა “რუჩნოი”? მიდი, ძმურად, ქვა ნახე და დაუდე-თქო, ვუთხარი მეგობარს. ჩავიდა, ბევრი ეძება ქვა, მაგრამ ვერ იპოვა. აი, მაშინ მივხვდი, რატომ იყო საჭირო საბარგულში აგური.
აქ თითქოს კურიოზული არაფერია, მაგრამ “ვილისი” რომ გავყიდე და “პაჯერო” ვიყიდე, სწორედ მაშინ მოხდა კურიოზი… საბარგული ავხადე და შიგ ერთი ცალი მეტლახი ეგდო. ჰოდა, მთელი წელია დავდივარ ამ მეტლახით. მეკითხებიან, რატომ დაგაქვს აქეთ იქითო, მაგრამ შიშით ვერ ვაგდებ, რა ვიცი, რაში დამჭირდება…”
კომენტარები