ლევან ჯავახიშვილი, ალია
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი, ქართულ პოლიტიკაში კვლავ ყველაზე აქტუალურია. მიხეილ სააკაშვილი ბიძა, თემურ ალასანია, 11 წელი არ ყოფილა საქართველოში და მიუხედავად, დაკავების მოსალოდნელი საფრთხისა, ჩამოვიდა. ტელეკომპანია პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ალასანიამ განაცხადა, რომ მისი მიზანი, სააკაშვილის საქართველოდან უცხოეთში წაყვანაა. თუმცა, ის არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანაში უპირებს დისშვილს წაყვანას. ამ ეტაპზე, სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მეტ-ნაკლებად რეალურია. არა მგონია, ხელისუფლებამ ეს დაუშვას, რადგან უცხოეთის კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, სააკაშვილი, დიდი შანსია, აღარ დაბრუნდეს საქართველოში. ქართველი ძალოვანები, საქართველოში ვერ აკონტროლებენ სიტუაციას და უცხოეთში სააკაშვილის მკურნალობა და მისი უკან დაბრუნება, შეიძლება ვეღარც მოახერხონ. კი, უცხოურ კლინიკაშიც სააკაშვილს ჩვენი და იმ ქვეყნის პოლიციის წარმომადგენლები დაიცავენ, სადაც იმკურნალებს, მაგრამ პატიმარი პაციენტების კლინიკებიდან გაქცევა-აორთქლების ფაქტები ჩვეულებრივი ამბავია. მით უფრო, როდესაც საქმეში კგბñს ყოფილი ოფიცერი, თემურ ალასანია იქნება ჩართული. რას წარმოადგენენ ჩვენი ძალოვანები, ეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლამ დაადასტურა. ასევე, ორი დღის მანძილზე ლამის მთელი საქართველო მოიარა სააკაშვილმა, რამდენჯერმე, თავისით გავრცელებული ვიდეოთი დააფიქსირა, თუ სად იმყოფებოდა (ბათუმი, ქუთაისი, მცხეთა, თბილისი), მაგრამ შსს-დან და სუს-იდან ინფორმირებული სახელისუფლებო პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ის უკრაინაში იყო და ამ ვიდეოებს ფეიკს ეძახდნენ. კი, ბოლოს სააკაშვილი აიყვანეს, მაგრამ ეს მისი თანმხლები პირის შეცდომის გამო მოხდა, მან, როგორც ამბობს, შემთხვევით ჩართო ერთ-ერთი ის ტელეფონი, რომლითაც სააკაშვილმა ერთ-ერთი ვიდეო გადაიღო და ატვირთა, უკრაინული ნომრით და იმ მომენტში ის ტელეფონი მას აღარ ჰქონდა. ამ დროს კი უკვე სუს-ს მოსმენზე ჰყავდა აყვანილი ეს უკრაინული ნომერი…
არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ თემურ ალასანია სააკაშვილის სამკურნალოდ წაყვანას კი არა, მის უკრაინაში გადაყვანას აპირებს და ამაზე უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი დიდი ხანია თანახმაა. უკრაინაში გადაყვანის შემთხვევაში, სააკაშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ, ძებნილი სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით მიმართა უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ კიევის საქალაქო სასამართლომ უარი განაცხადა მის საქართველოში ექსტრადირებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი იყო საიმისოდ, რომ სააკაშვილი ბრალდებულად ეცნოთ. მოკლედ, უკრაინაში გადაყვანის შემთხვევაში სააკაშვილს გაათავისუფლებენ და საფუძველს არის მოკლებული ის ვარაუდი, რომ მას, როგორც დამნაშვეს, უკრაინის პრეზიდენტი შეიწყალებს და ასე დააღწევს თავს ციხეს. ზელენსკის სააკაშვილი უდანაშაულოდ მიაჩნია, სხვაგვარად მას უკრაინის ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ პოსტზე არ დანიშნავდა.
თემურ ალასანია აცხადებს, რომ მას არანაირი კომუნიკაცია არ აქვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თუმცა, “ალიას” კონფიდენციურმა წყარომ აცნობა, რომ მას შუამავლის მეშვეობით ჰქონდა კავშირი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. სალომე ზურაბიშვილს რომ კარგად იცნობს და მას არა ერთხელ შეხვედრია. . კი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს, მაგრამ პოლიტიკოსების სიტყვას ფასი არ აქვს, მით უფრო, საქართველოში. სალომე ზურაბიშვილი უკვე ალაპარაკდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შერიგებასა და დიალოგზე, პოლარიზაციის დასრულებაზე. ბევრი ჭკუსაკითხავი ადამიანი ამბობს, რომ შერიგების თემა “ნაცების” შემოგდებულია და ეს სააკაშვილის გასათავისუფლებლად არის გამოგონებული. ამ ვარაუდს მეც ვემხრობი. უცნაურია, რომ “ნაცებისგან” წამოვიდა ინიციატივა იმ ხელისუფლებასთან შერიგების ინიციატივა, რომელსაც 2 თვის წინ დამხობას უპირებდნენ. ვის ურიგდებიან სააკაშვილი და “ნაცები”? ასევე, მათი სატელიტი თუ თანამოაზრე პარტიები? ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის მონას ეძახიან? “ქართულ ოცნებას”, რომელსაც მეხუთე კოლონას და საქართველოში ფე-ეს-ბეს ფილიალს ეძიან? და ამგვარი და უარესი რიტორიკა, არც შერიგების იდეის გახმაურების მერე შეუწყვეტიათ. თუ ივანიშვილი და “ქართული ოცნების” პოლიტელიტა საქართველოს მტრები არიან, მათთან შერიგებით ხომ შენც ქვეყნის მტერი გამოდიხარ? ამით ხომ “უპრავებ” ყველა იმ დანაშაულს, რაშიც აქამდე დებდი ბრალს? ეს არ აინტერესებთ “ნაცებს” და სააკაშვილს, რადგან დღეს მთავარი მიშას ციხიდან გამოყვანაა. მოკლედ, ეშმაკსაც შეეკვრებიან, ოღონდ მიშამ ციხეს თავი დააღწიოს.
შერიგების იდეამ თუ იმუშავა, ხელისუფლება თუ წავიდა შერიგებაზე, მაშინ მართლა მოუწევს სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან “ნაცები” მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. თუ ექს-პრეზიდენტი პოლიტპატიმარია, ციხეშია, რომელ შერიგებაზეა ლაპარაკი? მაშინ ჯერ მიშა უნდა გათავისუფლდეს, შეიწყალოს პრეზიდენტმა და მერე მოხდეს შერიგება ასე უნდათ “ნაცებს”, მაგრამ არა მგონია ამაზე წავიდეს ხელისუფლება. თუმცა, სალომე ზურაბიშვილს აქვს შეწყალების ექსკლუზიური უფლება და შეიძლება, გამოიყენოს, ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს არაფერს დაეკითხოს. მით უმეტეს, მიშას შეწყალებას ზურაბიშვილს მოუწოდებს არაერთი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსი. ღიად არ მოუწოდებენ, მაგრამ მათი განცხადებების ქვეტექსტებში ეს იკითხება. ამას დაემატა თემურ ალასანიას ფაქტორი. იმავე წყარომ “ალიას” აცნობა, რომ სალომე ზურაბიშვილი დავალებულია თემურ ალასანიასგან და “ვალს” გადახდა უნდა. სწორედ ალასანიამ ურჩია 2004 წელს მიშა სააკაშვილს, რომ სალომე ზურაბიშვილი დაენიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, მეტიც, მარტო კი არ ურჩია, საბოლოოდ მან გადაწყვიტა, რომ ზურაბიშვილი ყოფილიყო საგარეო მინისტრიო. მართალია, ზურაბიშვილი შემდეგ გადააყენეს მინისტრის პოსტიდან, ამის გამო ოპოზიციაში ჩაუდგა სააკაშვილს და მას წლები ებრძოდა, მაგრამ ისიც ფაქტია, ზურაბიშვილი სააკაშვილის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი რომ არ გამხდარიყო, დღეს ქართულ პოლიტიკაში არ იქნებოდა და თუ იქნებოდა, არა – პრეზიდენტად. სააკაშვილმა ანუ ალასანიამ გაუხსნა მას გზა ქართულ პოლიტიკაში.
სალომე ზურაბიშვილი 1989-90 წლებში იყო კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი. 1998-2001 წლებში, პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი. დიახ, მას ორჯერ მოუწია განიარაღების საკითხებზე მუშაობა, თემურ ალასანია კი ამ პერიოდში, გაერო-ს განიარაღების კომიტეტის ექსპერტი იყო. მან გაეროს აღნიშნულ კომიტეტში მუშაობა 1987 წელს დაიწყო, როგორც საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა. ცხადია, ამ ორ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილისა და თემურ ალასანიას გზები გადაიკვეთებოდა. რა იმალება მათი ურთიერთობის უკან, კაცმა არ იცის. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 1991-92 წლები, როდესაც ზვიად გამსახურდია და მისი მომხრეები, სალომე ზურაბიშვილს, ფაქტებით უმტკიცებდნენ, რომ ის კგბ-ს აგენტი იყო და მის დავალებას ასრულებდა, როდესაც ფრანგულ პრესაში და საფრანგეთში, ქართული ემიგრაციის მიერ გამოცემულ გაზეთ “ივერიაში” ახდენდა ეროვნული ხელისუფლებისა და პირადად, ზვიად გამსახურდიას დისკრედიტაციას. სალომე ზურაბიშვილი ფრანგულ და ემიგრანტულ პრესაში რომ ლანძღავდა ზვიად გამსახურდიას, მის ხელისუფლებას, ეს ფაქტია. “ივერიაში” ის სალომე ქართველის ფსევდონიმით სწერდა და გამსახურდიას დიქტატორს უწოდებდა, ვინ დაამხო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება? რუსეთმა და სრულიად დასაშვებია, რომ სალომე ზურაბიშვილი კგბ-ს აგენტი იყო და 1991-92 წლებში მის დავალებას ასრულებდა. თემურ ალასანია 1987 წელს გააგზავნეს გაერო-ში სამუშაოდ და კგბ-კადრის გარდა, გაერო-ში არავის აგზავნიდნენ სამუშაოდ საბჭოთა კავშირის დროს, მით უფრო, განიარაღების კომიტეტში სამუშაოდ, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი იყო. ამ ფონზე უფრო დამაჯერებელი ჩანს წყაროს ინფორმაცია, რომ 2004 წელს სააკაშვილს სალომე ზურაბიშვილი თემურ ალასანიამ დაანიშნინა საგარეო საქმეთა მინისტრად. გამოდის, ზურაბიშვილი დავალებულია ალასანიასგან და სრულიად დასაშვებია, რომ ორივენი ერთი ქვეყნის, რუსეთის სპეცსამსახურის აგენტები არიან. ახლა დასკვნები მკითხველმა გააკეთოს, ამ ფაქტებიდან და ვერსიებიდან გამომდინარე, რა შანსები აქვს თემურ ალასანიას, რომ სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინოს დისშვილი.
არსებობს ვარაუდი, რომ თემურ ალასანიამ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად დიდი ფული ჩამოიტანა და ამისთვის იყო ჩამოსული, ფულისა რა მოგახსენოთ, მაგრამ არაფერია გამორიცხული. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ციხეში ჩასაჯდომად არ ჩამოსულა. მისი გეგმა აქ არეულობის მოწყობა იყო, რომელიც 2 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს უნდა მოჰყოლოდა და რომელსაც თავად უნდა ჩასდგომოდა სათავეში. თუმცა, მისი თანმხლები პირის შეცდომის გამო დაიჭირეს და გეგმა ჩავარდა. “ნაცმოძრაობისა” და მისი პარტნიორების მთელი ძალისხმევა მიშას გათავისუფლების მცდელობებში იხარჯება. ისე, დღევანდელი ჩვენი სიტუაცია, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. 2103 წლის ნოემბერში, კიევში საპროტესტო აქციები, ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო, რომელსაც მასშტაბური კორუფციის გამო, 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, საპროტესტი აქციების შემდეგ, რომელიც ცნობილ “კიევურ მაიდანში” გადაიზარდა, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა და ტიმოშენკო პატიმრობიდან გათავისუფლდა. ჩვენთან ექს-პრეზიდენტი ზის ციხეში. თუ ზურაბიშვილმა არ შეიწყალა სააკაშვილი, თუ უცხოეთში სამკურნალოდაც არ გაუშვეს და არც უკრაინას გადასცეს, როგორც უკრაინის მოქალაქე, მაშინ დიდი შანსია, “ნაცებმა” არეულობა დაიწყონ. ძალადობრივი გზით სცადონ ხელისუფლების დამხობა და თუ ეს გამოუვიდათ, სააკაშვილი არა მხოლოდ ციხიდან გამოვა, ხელისუფლების სათავეშიც ტრიუმფით მოვა. ვფიქრობ, ეს რეალური სცენარია და თუ კულუარებიდან თემურ ალასანიამ ითავა რევოლუციის ორგანიზატორობა, მე ნამდვილად არ გამიკვირდება. მით უფრო, რომ შერიგების პარალელურად, “ნაცების” ლიდერები აცხადებენ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალა უნდა უჩვენონ, ქუჩის აქციები არ უნდა მოაკლონ. ამ გზით კი მას დაასუსტებენ და აიძულებენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და კიდევ სხვა დათმობებზე წასვლაც. ჩემი აზრით, თემურ ალასანია რომ წამსვლელია რევოლუციაზე, ერთი დეტალიც მეტყველებს. მან ინტერვიუში განაცხადა, რომ პარტიამ, “ნაცმოძრაობამ” შეუძლებელი არ გააკეთა სააკაშვილის გასათავისუფლებლად:
ნოდარ მელაძის კითხვას, მიხეილ სააკაშვილმა მისი პოლიტიკური გუნდისგან, ადეკვატური მხარდაჭერა მიიღო? – ალასანია ასე პასუხობს:
“ეს მიშას უნდა ჰკითხოთ. მე მგონია, რომ – არა, იმიტომ რომ დღემდე ციხეშია, ბევრი მათგანი აკეთებს შესაძლებელს, მაგრამ ეს არის სიტუაცია, რომელიც მოითხოვს შეუძლებელს. ვკითხოთ ჩვენ, ყოველმა მათგანმა ჩვენ თავს, გავაკეთეთ ის შეუძლებელი? თქვენ როგორ გგონიათ, გააკეთა პარტიამ შეუძლებელი? – არ გააკეთა. პარტია აკეთებს შესაძლებელს, კი, ყოველი მათგანი, მე მესმის, რა ნება მაქვს ვინმეს მოვთხოვო, რომ თქვენი საკუთარი გადაყარეთ. პატრიოტიზმი, სწორედ ეგაა, პირადულზე უარის თქმა. შეიძლება ყველას მოთხოვო ერთნაირად? ჩემი გადმოსახედიდან, ბევრი შესაძლებლობაა, ძალიან ბევრი, დაწყებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობიდან, ყველა იმ დემოკრატიული, კონსტიტუციურად გამყარებული მეთოდის გამოყენებით, რომელმაც მსოფლიოში გამოიღო თავისი შედეგი.”
და მაინც, რა შეიძლება იყოს ეს შეუძლებელი? ვფიქრობ, არეულობა, დესტაბილიზაცია, რომელიც ხელისუფლებას კედელთან მიაყენებდა და მიშას გაშვების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩებოდა. სხვა მხრივ, “ნაცებს” არაფერი დაუკლიათ, რომ მიშა ჯერ გლდანის ციხიდან სხვაგან გადაეყვანათ და არც მის გასათავისუფლებლად ზოგავენ თავს. ალასანია მაინც უკმაყოფილოა “ნაცმოძრაობისა”. ალასანიას ამ განცხადების მერე, ოპოზიციამ მასობრივი შიმშილობა დაოწყო. ვნახოთ, ქვეყანაში ისეთი მყიფე ვითარებაა ყველა კუთხით, რომ არ გამოვრიცხავ, რევოლუციური პროცესები აგორდეს და მის უკან ალასანია იდგეს, მიუხედავად იმისა, არის, თუ არა ქვეყანაში. ისე, ეს ხელისუფლება თუ დაამხეს, სხვას ვერ დააბრალებენ. ვითომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ რეალურად, ბიუჯეტიდან ფულის მოპარვის, ქვეყნის ქონების ძარცვისა და ამ მოპარულით, აქ თუ უცხოეთში გრიალის მეტს არაფერს აკეთებენ.
კომენტარები