ლევან ჯავახიშვილი
“ალიას” ესაუბრება ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი.
-“ნაცებმა” უამრავი რამ დაუშავეს ხალხს. ათასობით ოჯახი გააუბედურეს, უდანაშაულო ხალხი დახოცეს, უდანაშაულო ხალხი ციხეებში გამოამწვდიეს და ბევრი იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდა, გაქანებული ძარცვაñგლეჯვა იყო და ხალხს ბიზნესები და კერძო ქონება წაართვეს, ციხეებში, პოლიციისა და სუსñის შენობებში უამრავი ადამიანი აწამეს და ამ ყველაფერს ხომ არ ვგონებ? თავად ვარ მომსწრე, ვაშუქებდი ამ ფაქტებს, ინტერვიუებს ვაკეთებდი დაზარალებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან, სხვა უფელებადამცველებთან, და ეს ხალხი ეჭვმიუტანელი მტკიცებულებებით მელაპარაკებოდა, კონკრეტულ ფაქტებს ვბეჭდავდი “ალიაში” მეც და ჩემი სხვა კოლეგები. ამ ყველაფერს არც ახსენებენ “ნაცები”. ბოდიშის მოხდაც არ უნდათ ამ ხალხისთვის.
– არავის არ აინტერესებს ეს ხალხი. ყველა პოლიტიკური ძალა, ამ შერიგების იდეაში სდებს იმას, რომ საკუთარი ინტერესი გაატაროს, უკაცრავად და, თავისი იჩალიჩოს. ასეთ პირობებზეა ყველა თანახმა და წარსულის დანაშაულის აღიარება არავის უნდა, არც “ნაცებს” და არც იმ პოლიტიკურ ძალებს, მათ ლიდერებს, რომლებიც “ნაცების” მმართველობისას ხელისუფლებაში იყვნენ და რაც ჩამოთვალეთ, მაგ დანაშაულებების ნაწილი მათ სინდისზეა, სულ მცირე, მორალურად არიან პასუხისმგებლები, ზოგიერთები კი, ამ დანაშაულებების თანამონაწილენი არიან.
მაფიის ბოსები რომ მოილაპარაკებენ ერთმანეთში და გავლენის სფეროებს გადაინაწილებენ, ამას ჰგავს ეს შერიგების მცდელობა. მთავარი პოლიტიკური ლიდერების შერიგება კი არ არის, უნდა შერიგდეს საზოგადოების ორი ნაწილი. ორად გაიყო უკვე საზოგადოება. ერთი ნაწილი თვლის, რომ ის დაზარალდა წინა ხელისუფლების პირობებში და სამართლიანობას ითხოვს, მეორე ნაწილი თვლის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არიან დაზარალებულები და ითხოვენ სამართლიანობას და ბოდიშს. ორი სიმბოლო გვყავს დღეს ამ ორი ხელისუფლების ძალმომრეობისა და უსამართლობისა – სანდრო გირგვლიანი და მაკო გომური, 18 წლის უდანაშაულო გოგონას თვალი ამოსთხარეს და ცხოვრება თავდაყირა დაუყენეს. ვისაც რეალურად შერიგება უნდა, პირველ რიგში უნდა გვითხრან, რომ ხვალიდან დამკვიდრდება სამართლიანი თამაშის წესები, ანუ ლევან მურუსიძეს გამოაგდებენ სასამართლოდან, პოლიცია ჩადგება სახელმწიფოსა და ხალხის სამსახურში და არ დარჩება ბიძინას სამსახურში. პროკურატურა იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური, აღარ მოუსმენენ უკანონოს ადამიანებს აღარ იქნება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, ხელისუფლება, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები თავს დაანებებს ბიუჯეტის ყვლეფას და სახელმწიფო ქონების დატაცებას… გააკეთონ ეს ყველაფერი და თავისთავად შევრიგდებით, ჩვენ ერთმანეთთან პირადი შუღლი კი არ გვაქვს.
-“ქართული ოცნება” თუ ამ შერიგებაზე წავიდა, ჩემი აზრით, ბევრ მხარდამჭერს დაკარგავს. იმ ხალხს ვგულისხმობ, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს ხელისუფლება დამნაშავე “ნაცებს” დასჯის, სამართლიანობას აღადგენს და ამ პროცესებს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ეს რწმენა ამ ხალხს სააკაშვილის დაპატიმრებამ გაუმყარა და იმანაც, რომ პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში, ხელისუფლება თითქმის არაფერს თმობს და დიდად არც დასავლეთის მოთხოვნებს თუ თხოვნებს ითვალისწინებს.
– ჩვენ თუ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე, მაშინ ასეა. ეგრე შეიძლება დღევანდელმა ოპოზიციამაც დაკარგოს მომხრეები, თუ ეს შერიგებაñგარიგება მოხდა. სამართლიანობის აღდგენა მარტო იმათთვის კი არ უნდა მოხდეს, ვინც მაშინ დაზარალდა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც ბევრი დაზარალდა და მათაც უნდა აღუდგინონ სამართლიანობა. ნულოვან პირობაზე შეთანხმება მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი მხარეები აღიარებენ საკუთარ შეცდომებსა და დანაშაულებებს. იტყვიან, რომ კი ბატონო, ადრე გვეშლებოდა, ცუდად ვაკეთებდით, მაგრამ დღეის შემდეგ სხვაგვარად იქნება ყველაფერი. ირაკლი კობახიძე “ნაცებისგან” ბოდიშს რომ ითხოვს, თვითონ, მისი პარტიის ყოფილ და ახლანდელ ლიდერებს, ამ ხელისუფლების ჩინოვნიკებს არაფერი დაუშავებიათ? “ნაცებს” კი ნუ ედრება, ერთი ხალხს ჰკითხოს, რამდენი აქვთ დაშავებული და აქვთ თუ არა ბოდიში მოსახდელი. ორივე მხარემ უნდა მოიხადოს ბოდიში, თქვან, რომ ჩვენ ცუდი წესებით ვთამაშობდით, ახლა ვიხდით ამის გამო ბოდიშს და ხვალიდან ვიწყებთ სამართლიანი გარემოს ფორმირებას. კი, ბატონო, ასე შეიძლება. სხვანაირად, ახლა რომ დასხდნენ და მიშა გამოუშვით და ცხოვრება მშვენიერია, ასე არ იქნება.
კომენტარები