რუსეთის მოთხოვნით იტალიაში უკრაინელი რეჟისორი, ევგენი ლავრენჩუკი დააკავეს. ლავრენჩუკი ოდესის ოპერისა და თეატრის მთავარი რეჟისორია.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განმარტებით, ლავრენჩუკი ნეაპოლში 17 დეკემბერს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ 3 იანვარს გახდა ცნობილი. რუსეთი რეჟისორის ექსტრადიციას მოითხოვს. უკრაინის კონსულმა დაკავებული უკვე მოინახულა.
გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ მსხვილი თაღლითობის ბრალდებით ლავრენჩუკს დაუსწრებლად პატიმრობა უკვე შეუფარდა. გადაწყვეტილება 2020 წლის ივლისში მიიღეს, თუმცა საქმის დეტალებს არ ახმაურებენ.
ლავრენჩუკის მხარდამჭერი ჯგუფის ინიციატორი, მარიანა გუდიჩ-პალი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება რვა წლის წინანდელ ფინანსურ დარღვევას იძიებს, როდესაც ლავრენჩუკი რუსეთში მუშაობდა. რეჟისორის კოლეგები და ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ევგენი ლავრენჩუკი 39 წლისაა. ის ევროპაში არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატია. დიდი ხნის განმავლობაში ის რუსეთშიც მუშაობდა. 2014 წელს მან პროტესტის ნიშნად რუსეთი დატოვა და განაცხადა, რომ მთავრობის პოლიტიკას “კრიმინალური” უწოდა. 2018 წელს კი ოდესის თეატრის მთავარ რეჟისორად დაინიშნა.
წყარო – ფორმულა
კომენტარები