თეოლოგი, ვარლამ ხათრიძე:
“უწმინდეს პატრიარქს ვულოცავ დაბადებიდან 89 წელს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ…
წარმოგიდგენთ ჩემს მოგონებას და დამოკიდებულებას პატრიარქის მიმართ, რომელიც მე ჩამომიყალიბდა ჯერ როგორც სკოლის მოსწავლეს, შემდეგ კი სასულიერო აკადემიაში უწმინდესთან ურთიერთობის პერიოდში….
პირველად აღნიშნული მოგონება 2019 წელს ჟურნალ სამთავროს მაყვლოვანში დაიბეჭდა (აგვისტო N 9/34)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II პირველად სვეტიცხოველში ვნახე, 15 წლის ვიყავი. ვიდექი და ვუყურებდი. არ ვიცი, სასაცილო ვჩანდი, ალბათ — მაგრამ, ჯიუტად ვუყურებდი, მიშტერებითაც კი — რაღაცას ვეძებდი მის მზერაში, მოძრაობაში, მიტრის მოხდისას, თავზე ხელის ორჯერ გადასმაშიც კი.
გავიდა წლები და მე სასულიერო აკადემიის სტუდენტი გავხდი.
ქართულის გამოცდაზე შემობრძანდა, სათითაოდ შემოგვხედა ყოველ სტუდენტს, სათითაოდ დაგვაკვირდა, ახლა ის ეძებდა ჩვენში რაღაცას – ჯვარი გადაგვსახა და გაბრძანდა.
5 წელი ვსწავლობდი; ჩვენი დილა ერთად იწყებოდა – ხუთი წლის მანძილზე, ყოველ დღე ახერხებდა ჩვენთვის დროის დათმობას, ყოველ დილით ვსაუბრობდით.
რთულია, მოჰყვე რაზე ვსაუბრობდით, ყველაფერზე, ყველა თემაზე, რაზეც შეიძლება ისაუბროს მამამ და შვილმა, სტუდენტმა და ლექტორმა, სულიერმა შვილმა და მოძღვარმა.
ყოველთვის ბოლომდე გვისმენდა, მაშინაც კი, როცა იმას არ ვამბოდით, რისი მოსმენაც სურდა ჩვენგან, მაშინაც კი, როცა ახალგაზრდული სიფიცხე გვძლევდა —ბოლომდე გვისმენდა და რაც მეტად გვძლევდა ჩვენ სიფიცხე, მით მეტად მშვიდი იყო, მით უფრო მშვიდად გვპასუხობდა.
ზოგჯერ თვეების მანძილზე ერთი და იგივე ფრაზას იმეორებდა და მიკვირდა… ვფიქრობდი: რატომ გვიმეორებს?
და ერთხელაც, როცა ისევ გაიმეორებდა ასე ნაცნობ ფრაზას — ვხვდებოდი, რომ ახლა, ამდენი თვის მერე ჩავწვდი არსს, ახლა, ამდენი თვის მერე ჩავწვი ნათქვამის ნამდვილ აზრს და ისიც გასაგები იყო, რატომ იმეორებდა თვეების მანძილზე ერთი და იგივე ციტატას — სურდა, თავად მივსულიყავით ჭეშმარიტებამდე.
„ურთირთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალატელთა 6,2) — ესეც ერთ-ერთი იმ ფრაზათაგანია, თვეობით რომ იმეორებდა… იმეორებდა, საუბრის ბოლოს, შუა საუბარში, ან დასაწყისში… და ერთ დღეს მივხვდი, რომ ესაა ცხოვრება, სხვა ადამიანების სიმძიმის ტვირთვა, ადამიანებისთვის ტვირთის შემსუბუქება. ვიქცევი თუ არა ასე? ხშირად ვერა და ხშირად — კი.
ხშირად ვსაუბრობდით მშობლების პატივისცემაზე და სიყვარულზე. არაერთხელ უთქვამს, რომ მშობელმა უნდა დალოცოს შვილი სახლიდან გასვლის წინ.
“ოჯახში მამა უნდა მეფობდეს და დედა დედოფლობდეს”, — გვითხრა და მას შემდეგ ხშირად ვაკვირდები ოჯახებს.
ძალიან ბევრს ფიქრობდა დემოგრაფიის პრობლემაზე და ამაზე ფიქრმა და ხშირად საუბარმა მერე ნაყოფი გამოიღო პატრიარქის ნათლულების სახით.
ბევრ კითხვას ვუსვამდით და ყოველ ჯერზე მყისიერად და ამომწურავად გვპასუხობდა… შესაბამისი ციტატები მოჰყავდა. ვუსმენდით და ერთმანეთს გაოცებულნი ვუცქერდით: — განა ეს კითხვა ახლა არ დავსვით, ის კი ისე გვპასუხობს, თითქოს რამდენიმე კვირა ემზადებოდა ამისთვის.
ხშირად გვაძლევდა თავისუფალ თემებს დასაწერად. არ იცოდი, ვის წააკითხებდა დავალებას. ყოველთვის ვწერდი, ვიცოდი, რომ ერთხელაც მეც მერგებოდა წაკითხვის პატივი. ერთხელ ზღაპარის დაწერა გვთხოვა. გამიჭირდა, მაგრამ, ვიფიქრე: რომ მკითხოს? მე რომ მკითხოს?
და ხომ შეიძლება, მომდევნო წლების მანძილზე აღარასოდეს მკითხოს, იმიტომ კი არა, რომ გამიბრაზდება — არა, შეიძლება ტექნიკურად აღარ მოხერხდეს, ჩვენ ბევრნი ვიყავით და ის ერთი. რა გამოვა? ცხოვრებაში ერთხელ შეიძლება მკითხოს დავალება კათოლიკოს-პატრიარქმა და უარი უნდა ვუთხრა? ცხოვრებაში აღარასოდეს მთხოვოს, იქნება, რამის შესრულება… ახლაც შენახული მაქვს ის დავალებები, რომელთა შესრულებაც კათოლიკოს-პატრიარქმა მთხოვა.
ერთხელ თავისი დაწერილი საგალობელი მოგვიტანა, ერთად ვიგალობეთ, ემოციის გარეშე ვერ შეასრულებდი, მელოდიაც და ტექსტიც ისეთი იყო: “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!” — ვგალობდით და ბევრ ჩვენგანს მოსდიოდა ცრემლი.
მერე გვიამბო, რომ ეს გალობა 1980-იან წლებში დაწერა, მაშინ, როცა ტაძრების უმეტესობა დაკეტილი იყო და დარჩენილ ნაწილში, აფთიაქები, მაღაზიები, ბიბლიოთეკები იყო გახსნილი. გვითხრა, რომ შედიოდა მაღაზიებად, ბიბლიოთეკებად გადაკეთებულ ტაძრებში, გალობდა და გამოდიოდა, — როცა ამას გვიყვებოდა, მზერა უნაღვლიანდებოდა…
მაგრამ, ყველაზე ნაღვლიანი მაინც მაშინ იყო, როცა აფხაზეთზე საუბრობდა; ყოველთვის როცა აფხაზეთს და აფხაზებს იხსენებდა, ვგრძნობდით, რომ სტკიოდა, არა, კი არ ვგრძნობდით, პირდაპირ ვხედავდით, რომ სტკიოდა.
“ცოდვა ადამიანური სისუსტეა, ადამიანი კი არა, ცოდვა უნდა გძულდეს”, — გვითხრა და ვერ აღვიქვით პირველი მოსმენით…
ახლა როცა ვუყურებ, ვიცი, რამდენს გაუძლო, რამდენი პოლიტიკური ცვლილება მოხდა მისი პატრიარქობის დროს – ყველა უპირისპირდებოდა, ყველა ცდილობდა მასზე კომპრომატების მოპოვებას, ყველას სურდა მასზე გავლენის მოპოვება და მაინც მოახერხა სიმშვიდის შენარჩუნება; მოახერხა, ადამიანების და მათი ცოდვების განცალკავება და ვხვდები, — ეს მისი ცხოვრებაა იმის მაგალითი, რომ მხოლოდ ცოდვა შეიძლება გძულდეს და არასოდეს გძულდეს ადამიანი!
— როგორ ახერხებს? — კითხულობდნენ ხოლმე.
— მლოცველია და იმიტომ! — ვამბობდით ჩუმად.
— დილის 6 საათზე რომელი ლოცულობთ? — გვკითხა ერთხელ.
ორმა ადამიანმა ასწია ხელი მხოლოდ.
— მე ყოველ დილით ვლოცულობ, წარმოიდგინეთ, რომ როცა თქვენ დილით 6 საათზე იწყებთ ლოცვას, მეც ვლოცულობ თქვენთან ერთად. ყოველთვის როცა ვლოცულობ, ვფიქრობ, რომ ვიღაც კიდევ ლოცულობს ახლა, ამ წამს და ყოველთვის შევასრულებ შვიდგზის ლოცვას, რადგან ის, ვინც ამ დროს ლოცულობს, მარტო არ დავტოვო, — მშვიდად გვითხრა და მას შემდეგ, როცა ვლოცულობ, მეც ყოველთვის ვიცი, რომ არ ვარ მარტო, არ ვლოცულობ მარტო.
მასთან ყველას შეუძლია მისვლა, ყველაფრის გაგება შეუძლია, ყოველთვის ეცდება შველას…
ერთხელ, მარტყოფში ბრძანდებოდა, დაინახა, მერცხალი შემოფრინდა და ბუდის შენება დაიწყო მის სენაკში.
მალევე რამდენიმე მეგობართან ერთად ტყეში წაბრძანდა. ცოტა ხანში მერცხალი მოფრინდა, თავს დასტრიალებდა, არ მოშორდა..
როცა უკან დაბრუნდნენ, უთხრეს, რომ მერცხალი მის მოსასვენებელ ოთახში აპირებდა ბუდის აშენებას და გააგდეს. საშველად მისულა მერცხალი, ამბის მოსაყოლად მიაკითხა. იცოდა მერცხალმა, რომ მხოლოდ მას შეეძლო მისი მოსმენა და შველა…
იმავეს გრძნობენ ადამიანებიც, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონიათ მისი ნახვის პატივი.
ხშირად მახსენდება, მის მიერ წარმოთქმული იაპონური ლექსი: „მოვიდა გაზაფხული და აყვავდა ალუბალი, მაგრამ მოვიდა თოვლი და მე ვეღარ ვარჩევ, სად არის თოვლი და სად არის ყვავილი“. — ლექსი ადამიანებზეა. ჩვენც ასევე გვიჭირს კეთილის და ბოროტის დანახვა და გარჩევა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვქონდეს იმედი, რომ მზე გამოვა, თოვლი დადნება და ადამიანი კვლავ დაინახავს იმ ალუბლის ყვავილს, დაინახავს სიკეთეს.
ჩემს ცხოვრებაშიც მოვიდა თოვლი ერთხელ.
დიდხანს მესაუბრა, მე მართალი ვიყავი და მეგონა, ყველა გზა გამართლებული იყო ბოროტებასთან საბრძოლველად.
— მე მჯერა შენი, შენ კარგი ბიჭი ხარ და ცუდს არ გააკეთებ, — მშვიდად, თავდაჯერებულად, დამარწმუნებელი ტონით მითხრა.
და ვერ მოვიქეცი ცუდად, ზურგს მიმაგრებდა რწმენა, რომ მას სჯეროდა ჩემი და მეც საჭირო გზა, სამართლიანი გზა ვიპოვნე!
ამ ფრაზამ მე გადამარჩინა, ამ ფრაზამ მერე ჩემი ალუბლის ყვავილი მაპოვნინა თოვლში, მზის ამოსვლამდე.
მას შემდეგ, ჩემი ცხოვრების გარდამავალ ეტაპზე, ხშირად ვიღებ პატრიარქისგან რჩევებს და ლოცვა-კურთხევას!
და მაინც, ჩემი საუკეთესო მოგონება 4 იანვარს უკავშირდება, უწმინდესის დაბადების დღეს, როცა უამრავი ხალხი იყო მისული და თითოეული კუთვნილ წამს იყენებდა მხოლოდ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ, მოულოდნელად დავყოვნდი ხელზე მთხვევის შემდეგ, შევხედე და ვუთხარი: შეიძლება გულზე გაკოცოთ?
წამით მასაც გაუკვირდა, დამაკვირდა, გამიღიმა და მანიშნა, რომ ნებას მრთავდა.
ყველა იმ მნიშვნელოვანი საუბრის შემდეგაც კი, ყოველ დილით მასთან ერთად ლოცვის შემდეგაც კი — ჩემი საუკეთესო მოგონება ისაა, რომ მე ჩემს კათოლიკო-პატრიარქს გულზე ვეამბორე.
მადლობა, კათოლიკოს-პატრიარქო, ერთად გატარებული ყოველი წუთის გამო!”
კომენტარები