ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეში ჩართული ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ხელი 2021 წლის 30 დეკემბერს მოაწერა, დამკვეთს (ტელეკომპანია პირველს) კი ინფორმაცია არ მიაწოდა, რადგან, მისივე მტკიცებით, ამის უფლება არ ჰქონდა. მისივე თქმით, მივიდა დასკვნამდე, რომ ლაშქრავა ჰეროინის მოხმარებით გამოწვეული ორგანიზმის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.
გეჯაძე ამბობს, რომ გაკვეთის პროცესში მწვავე ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელი “კლასიკური სურათი” ნახეს – სისხლჩაქცევები თავის ტვინის რბილ გარსებში, თავის ტვინის რბილი გარსების შეშუპება და ა.შ.
გეჯაძის თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგები და ექსპერტიზის დასკვნის პროექტი სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებამ მას 30 დეკემბრამდე, “მაქსიმუმ, 10 დღით ადრე” მიაწოდა. მისივე ინფორმაციით, საკითხებზე, რომლებიც ვიწროპროფილურ ცოდნას საჭიროებდა, კონსულტაციები საკუთარი ექსპერტიზის ცენტრის წარმომადგენლებთან გაიარა.
“გავაანალიზე და შევისწავლე რა მთლიანად ეს მონაცემები ლაბორატორიული კვლევის და ა.შ. მივედი დასკვნამდე მე პირადად, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ჰეროინის მოხმარებით განპირობებული ორგანიზმის ზოგადი ინტოქსიკაცია, რამაც შედეგად განაპირობა გულსისხლძარღვთა მწვავე და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შესაბამისად, ამ ფაქტორების გათვალისწინებით დადგა სავალალო შედეგი, ფატალური გამოსავალი”. – ამბობს ის.
მისივე ინფორმაციით, სისხლისა და შარდის გამოკვლევით, არ აღმოჩნდა ალკოჰოლი, საძილე და ფსიქოტროპული პრეპარატი. ექსპერტი ამბობს, რომ შარდის გამოკვლევით აღმოჩნდა მარიხუანა და ანტიეპილეფსიური პრეპარატი გაბაპენტინი, რომელსაც, მისივე სიტყვებით, ნარკოტიკული ეფექტის გახანგრძლივებისა და გაძლიერების მიზნით გამოიყენებენ.
გეჯაძე ასევე ამბობს, რომ ტრავმა, რომელიც ლექსო ლაშქარავამ 5 ივლისს მიიღო, არ იყო სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის ზიანის შეფასებისას, ის მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას. მისივე სიტყვებით ტრავმისა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირზე დასკვნების გამოტანა საფუძველს არის მოკლებული და ხელის შეწყობის ფონიც გამორიცხულია.
“ხელისშემწყობ ფონში ვგულისხმობთ იმას, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფონზე ტრავმის ნარჩენმა ფონმა ხომ არ დაამძიმა, ან ხომ არ შეუწყო ხელი ფატალურ გამოსავალს – ამ სიტუაციას ცალსახად გამოვრიცხავ. თუნდაც, იმ მხრივ, რომ მძიმე ტრავმას ადგილი არ ჰქონია”. – ამბობს ის.
საკითხზე, თუ რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია ტელეკომპანია პირველს დოკუმენტთან დაკავშირებით, გეჯაძე ამბობს, რომ დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა, 3 იანვარს სამხარაულის ექსპერტიზას მიმართა და სრული ასლის გადაცემა მოითხოვა, ასლი კი 4 იანვარს ჰქონდა.
“ეს ექსპერტიზა რომ დანიშნულიყო არა გამოძიების მიერ, არამედ, თუნდაც, მხარის მიერ, ჩვენ, ბუნებრივია, ექსპერტიზის შედეგებს გავუმხელდით კი არა, მაშინვე წარვუდგენდით დამკვეთს, როგორც კი დამთავრდებოდა. ამ შემთხვევაში, დამკვეთი იყო სახელმწიფო სტრუქტურა, გამოძიება, შემსრულებელი იყო სამხარაულის საექსპერტო ცენტრი. მე ვიყავი უბრალოდ მოწვეული ამ კომისიაში და ჩართული ტელეკომპანია პირველის [მიერ] დამკვეთი იყო გამოძიება, შესაბამისად, სანამ გამოძიება არ გაამზეურებდა, გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მე უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის.
[…] არანაირი ინტერესი, არანაირი მიზანი ამ ინფორმაციის დამალვის მე არ მქონდა, დამკვეთი იყო გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სანამ გამოძიება არ გაამზეურებდა ამ დასკვნას, მე უფლება არ მქონდა, რომ მესაუბრა ამ დასკვნაზე”. – ამბობს გეჯაძე.
“გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში)” – წერია დოკუმენტში.
დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავას გვამს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ დაზიანებები არ არის კავშირში დამდგარ შედეგთან.
კომენტარები