ფოტო – mzia saganelidze
ზაზა სარალიძის ადვოკატი, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელი ნესტან ლონდარიძე:
“2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით, 2018 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილმა განაჩენმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო გამოძიების სრულყოფილად წარმართვა და ყველა დამნაშავის გამოვლენა. აღნიშნულ;ი კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორც მიხეილ კალანდიას, ასევე გიორგი მენაბდის მიმართ დამდგარმა განაჩენმა.
საქმის მასალების შესწავლით და საპარლამენტო კომისიის დასკვნით დასტურდება, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით არაეფექტური იყო და ჰქონდა არაერთი ხარვეზი. დაგვიანებით ჩატარებული ან საერთოდ ჩაუტარებელი საგამოძიებო მოქმედებებები აღრმავებს ეჭვებს, რომ გამოძიება თავიდანვე არ იყო მიმართული დამნაშავეთა გამოსავლენად. ეს მოსაზრება გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელმაც 2018 წლის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ღიად აღნიშნა სამოხელეო დანაშაულის შესაძლო ნიშნების აშკარა არსებობისა და ამ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირების დეფიციტზე.
სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით გამოიკვეთა, რომ სახეზე იყო სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით, სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობა, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად. სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო, ამ მიმართებით გამოძიების დაწყება.
სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალწარმოება გაგრძელდეს იმ პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებებშიც იკვეთება სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. სამართალწარმოების მიზანი არა მხოლოდ იმ სამართალდამცავთა თუ სხვა თანამდებობის პირთა დასჯაა, რომლებმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გამოძიებას ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ და ობიექტურად გამოძიებას, არამედ ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სისტემის გაჯანსაღებისათვის. ასეთი დანაშაულების დაუსჯელად დატოვების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება იმ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრა, რაც შეუძლებელს ხდის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვას. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს სრულყოფილად წარმართული გამოძიება, რაც სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს.
ამ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფომ უზრუნველყოს გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულების ნიშნების შემცველ ქმედებებზე, კერძოდ – საგამოძიებო უწყებების იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენილმა სავარაუდო დანაშაულებრივმა ქმედებებმა განაპირობა ამ საქმის მტკიცებულებების განადგურება ან დაზიანება. ასევე, აუცილებელია, მოხდეს საზოგადოების დეტალური ინფორმირება სამოხელეო დანაშაულების მიმართ დაწყებული სამართალწარმოების შესახებ.”
კომენტარები