ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 5-6 მედიკამენტი გადის გამოცდა და წინასწარი მონაცემებით, ზოგიერთი მათგანი “დამაიმედებელია”. ამის შესახებ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
„ცალკეული ექსპერტთა ჯგუფები ან ცალკეული მკვლევრები მიიჩნევენ, რომ თუ ეს მედიკამენტები კორონავირუსს ასე პირდაპირ არ განკურნავს, ყოველ შემთხვევაში, მის მიმდინარეობას ამსუბუქებს და ლეტალურ გამოსავლებს ამცირებს.
შეიძლება ითქვას, ამ ხუთი, ექვსი თუ შვიდი მედიკამენტიდან, რომლებიც გამოცდას გადიოდა ჩინეთში, იტალიაში, აშშ და სხვაგან, ერთის გარდა ყველა გვაქვს და უკვე ვიყენებთ. რაც შეეხება იმ ერთ მედიკამენტს, ის არც ერთ ქვეყანაში არ არის გაყიდვაში. იმიტომ, რომ ის არ იყო სხვა დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული. ის ებოლას სამკურნალოდ იყო შექმნილი. ამ მედიკამენტმა ებოლას დროს ვერ იმუშავა, მაგრამ ახლა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კორონავირუსზე იმუშაოს. ქვეყნის ხელმძღვანელობა ზომებს ახორციელებს ამ ჩვენთან არარსებული ერთადერთი მედიკამენტის მისაღებადაც“, – განაცხადა ცერცვაძემ.
კომენტარები