ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 31 პაციენტიდან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან ერთს არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნება, რის გამოც, ეზუგბაიას თქმთ, მოსალოდნელია “მძიმე გამოსავალი”.
რაც შეეხება კიდევ ერთ პაციენტს, ექიმის ინფორმაციით, ის 80 წელს გადაცილებულია და მასთანაც პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
მესამე მძიმე პაციენტის მდგომარეობა კი, შედარებით, დამაკმაყოფილებელია.
„ქვეყანაში ინფიცირებული 40 პაციენტია, მათგან ჩვენთან 31 პაციენტი იმყოფება. 31-დან 3 პაციენტი არის პრობლემური და მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი პაციენტი არის 80 წელს გადაცილებული და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს და პროგნოზი გახდეს არაკეთილსაიმედო. გარდა ამ ქალბატონისა, კიდევ 2 პრობლემური პაციენტი გვყავს. მათთანაც არსებული დაავადება ერთთან არის ჰიპერტონული და მასთანაც შეიძლება დაავადების გართულება და პროგნოზულად მძიმე გამოსავალი. მესამე მძიმე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ დინამიურად გაუარესებული გვაქვს მაჩვენებელი. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევებში ყველაფერი კარგად დამთავრდება.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ნაწილს აქვს პნევმონია, როგორც საშუალო, ასევე მსუბუქი სიმძიმის, ყველასთან დაავადების მიმდინარეობა არ არის პროგრესირებადი. ველოდებით, რომ უნდა გამოჯანმრთელდნენ, თუმცა დაავადების მიმდინარეობისას, შესაძლებელია, დამძიმებაც“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებული 1, კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216.
კომენტარები