თამო კეშელავა
„ალია“ ესაუბრება აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ექიმს, ნანა გეგეჭკორს:
– თქვენ კლინიცისტი ხართ, პირდაპირი კავშირი გაქვთ პაციენტებთან, მკურნალობის და სიმპტომების მიხედვით, რით განსხვავება შტამები ერთმანეთისგან? მაგალითად ვუჰანური, დელტა, ომიკრონი?
– ზემოთ უკვე ვახსენე, რომ ომიკრონი სხვა შტამებთან შედარებით მეტად აზიანებს ზედა სასუნთქ გზებს და ნაკლებად უშუალოდ ფილტვებს. აქედან გამომდინარეობს ომიკრონით გამოწვეული რესპირატორული დაავადების კლინიკური ფორმების განსხვავდება წინა ვერსიებისგან. ომიკრონით გამოწვეული კოვიდ-19 უმეტეს შემთხვევაში ჰგავს მსუბუქ სეზონურ რესპირატორულ სინდრომს. მას ასევე ნაკლებად ახასიათებს ყნოსვის და გემოვნების დაქვეითება. კორონავირუსის ადრეული ვერსიები ფილტვების მძიმე დაზიანებითა და ენდოთელიუმის ჩართვით იყო გამორჩეული, რაც თავისთავად კოაგულაციის პრობლემებში გამოიხატებოდა. ცხადია, როცა კოვიდ-19-ის კლინიკურ ვარიანტებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს. ამ ვირუსის ნებისმიერ ვერსიას აქვს განაპირა გამოხატულებები, სრულიად უსიმპტომოდან უმძიმეს პოლიორგანულ უკმარისობამდე. იგივე ეხება ომიკრონით გამოწვეულ კოვიდ-19-საც. მასაც ისევე, როგორც წინა ვერსიებს, აღენიშნება მძიმე მიმდინარეობის შემთხვევებიც, თუმცა პაციენტების მცირე ნაწილში.
– ამერიკაში რეკორდულად იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი, რისი ბრალი შეიძლება ეს იყოს? ხომ არ შეიცვალა ამის გამო მკურნალობის პროტოკოლი?
– ინფიცირების დრამატული ზრდა წინა შტამებთან, განსაკუთრებით პირველ, ვუჰანურ ვერსიასთან შედარებით, რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. უმნიშვნელოვანესია თვითონ ომიკრონის ბუნება. ის ინფიცირების ძალიან მაღალი კოეფიციენტით ხასიათდება. რაც თავისთავად განაპირობებს მეტ გავრცელებას. ამავე დროს, ჩვენ აღარ გვაქვს ისეთი ეპიდემიოლოგიური წესები, როგორიც, თუნდაც რადენიმე თვის წინ გვქონდა. პანდემიის დასაწყისში ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი გაჩერებული იყო. სამსახურში მიმავალს ხშირად მქონდა განცდა, რომ იმ პერიოდში ქალაქში მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებები და აქა-იქ კვების ობიექტები სუნთქავდნენ. სრულ იზოლაციაში ვირუსსაც გავრცელების ნაკლები შანსები ჰქონდა. დღეს ყველაფერი გახსნილია და პროცესი პრაქტიკულად ადამიანების გონიერებასაა მინდობილი. ადამიანების სერიოზულ ნაწილს კი, სამწუხაროდ, არ ჰყოფნის პასუხისმგებლობა, რომ სრულად გაითავისოს პრობლემის არსი, ამიტომ მათ არასწორ ხედვებს ეწირება მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ამასთან ერთად, პანდემიის ადეკვატური მართვის პერსპექტივაც. პაციენტების უდიდესი ნაწილი ადრეც და დღესაც ამბულატორიულად იმართება, დიდ ნაწილს ექიმის ყურადღებაც კი არ სჭირდება, უბრალოდ აუცილებელია სწორად ინფორმირება და შესაბამისი სერვისების დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ინფიცირებულთა უმცირეს ნაწილს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ომიკრონის შემთხვევაში ეს ციფრი კიდევ უფრო დაბალია.
– უკვე ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა გვითხრა, რომ ჰოსპიტლები არ არის უსაფრთხო და დაღუპულა საკმაოდ დიდი ნაწილი (დაახლოებით 12-13 პროცენტი) კორონავირუსით არ გარდაცვლილა. გვესმის, რომ საავადმყოფოებშიც ადამიანები მუშაობენ და შესაძლოა, ვერ მოხერხდეს სრულად სტერილური იყოს საავადმყოფო, მაგრამ ეს საკმაოდ მაღალი პროცენტია. როგორც წესი, რამდენს აღწევს ეს რიცხვი უცხოეთში კლინიკებში?
– ჯანდაცვის მინისტრს ნაწილობრივ დავეთანხმები იმაში, რომ საქართველოში დრამატულად მაღალია კოვიდის გართულებებით გარდაცვალების სტატისტიკა. ამ მხრივ, სეფსისი არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი პრობლემა. ყველა ამ პრობლემას აქვს მრავლობითი მიზეზი, ჰოსპიტლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით დაწყებული, მომსახურე პერსონალის (იგულისხმება ჯანდაცვის მუშაკებიც და ტექნიკური პერსონალიც) პროფესიონალიზმით დამთავრებული. ეს რთული და გრძელი საუბრის თემაა. ვფიქრობ საგაზეთო ინტერვიუ არაა ის პლატფორმა, სადაც ამ თემების განხილვა იქნება ეთიკური ან რაიმე კონკრეტული შედეგის მომტანი. ამ კითხვაზე პასუხად მკითხველს მხოლოდ იმას ვეტყოდი, რომ მოერიდონ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციას. კოვიდ-19-ის მკურნალობაში ჰოსპიტალიზაციას უნდა ჰქონდეს ძალიან მკაცრი საფუძველი. თუ პაციენტი არ აკმაყოფილებს ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მართვა ამბულატორიულ პირობებში უფრო უსაფრთხო და ეფექტურია. ყველას ვურჩევდი დაემორჩილონ პროფესიონალების რჩევებს, თვალყური ადევნონ ოფიციალურ და კვალიფიციურ ინფორმაციას, რაც დაავადების მართვის მიზნით ვრცელდება. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, მოქალაქეები უნდა მოერიდონ საკუთარ თავზე ექსპერიმენტული მიდგომების გამოცდას და არ გამოიყენონ მყარი სამეცნიერო საფუძვლის არმქონე მკურნალობის მეთოდები. ეს გააუმჯობესებს მათი მკურნალობის ხარისხს და შეამცირებს სიკვდილიანობას.
– საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადე აღარ იყოს საკმარისი ომიკრონის შტამის შესამცირებლად, ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს ზედიზედ ორი პირბადის გამოყენება, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს?
– დღემდე გრძელდება კვლევები და ექსპერიმენტები დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით. ცალსახად, ნაჭრის პირბადე არ გამოირჩევა არანაირი დამცველობითი უნარით. შედარებით დაბალია ჩვეულებრივი სამედიცინო პირბადის დამცველობითი უნარიც, რადგან ის ქმნის შესაძლებლობას ამოსუნთქული ჰაერი ფილტრის გავლის გარეშე, გვერდებზე დარჩენილი სივრცეებიდან მოხვდეს გარემოში. არც ამგვარი ნიღბის ფილტრია გათვლილი ასეთი ზომის ვირუსის ნაწილაკებისგან სრულად დასაცავად. მნიშვნელოვნად მაღალია დაცვა N 95 ნიღბების შემთხვევაში. სპეციალური ფილტრები და მორგების მეტი სიმჭიდროვე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მაგრამ დაცვის სრულ გარანტიას, ცხადია, არც ერთი ნიღაბი არ იძლევა. სწორედ ამიტომ მივდივართ ერთ-ერთი წინა კითხვის პასუხამდე, პრევენციის არც ერთი ცალკე აღებული ზომა შედეგიანი არ არის. დაცვის ეფექტურობა პირდაპირ პროპორციულია მათ კომპლექსურად გამოყენებასთან. პრევენციის ფორმულის ყველა კომპონენტი მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული, რათა მნიშვნელოვნად დავიცვათ საზოგადოება ვირუსის გავრცელებისგან და დაავადების მძიმე ფორმებისგან.
– რომელია ყველაზე გავრცელებული მითი კორონავირუსთან და ვაქცინასთან დაკავშირებით? მაგალითად, შესაძლოა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც არიან ე.წ. კოვიდ-მდგრადი და ბუნებრივად აქვთ ისეთი იმუნიტეტი, რომ კორონავირუსი არ ემართებათ – მითია, თუ რეალობა?
– მითების მრავალფეროვნებით კოვიდპანდემია საკმაოდ მდიდარია. ვერ გეტყვით რომელია ყველაზე გავრცელებული მითი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს გაოცებას ზოგჯერ საზღვარი არ აქვს ხოლმე, იმდენად საფუძველს მოკლებული ვარიაციებიც მომისმენია. არსებობენ თუ არა კოვიდ-მდგრადი ადამიანები, ამაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როცა შესაბამისი კვლევა დაიდება. დღეს-დღეობით მსგავსი, სერიოზული კვლევა არ არსებობს.
– როგორ ხდება ამერიკაში პოსტკოვიდური პრობლემების გამოვლენა და მკურნალობა? საქართველოში ამის კონტროლი თავად მოქალაქეებს უწევთ, მაგალითად, ისინი თავად აკვირდებიან თავს და ცდილობენ უმკურნალონ, რადგან სამწუხაროდ, კვლევებიც და მკურნალობას საკმაოდ ძვირადღირებულია. შეიძლება რამე ვურჩიოთ ადამიანებს, ვინც გადაიტანა კოვიდი და აქვს რამდენიმე ან ერთი ტიპის დისკომფორტი და წუხილი, თუმცა, ვერ მიდის ექიმთან?
– პოსტკოვიდური პროცესების მართვის სპეციალური პროტოკოლები არსებობს, ხშირ შემთხვევაში კომპლექსური პაციენტების მართვას ექიმთა სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფებიც ახორციელებენ, თუმცა პროცესის უდიდესი ნაწილი მაინც ჯანდაცვის პირველად რგოლს აბარია. როგორც სხვა ყველაფერში, აქაც მიდგომა სისტემურია და მთელი პროცესი აგებულია გაიდლაინებზე. გაიდლაინების კლინიკურ პრაქტიკად ქცევაც სისტემური პროცესია, რაც სამედიცინო პერსონალის უსწრაფეს ინფორმირებას და წვრთნას გულისხმობს. რაც შეეხება კონკრეტულად პოსტკოვიდურ პრობლემებზე საუბარს საგაზეთო ინტერვიუში მოვერიდებოდი, რადგან სენსიტიური სამედიცინო ინფორმაციის გაჟღერება მსგავს პლატფორმაზე მიზანშეწონილი არ არის, რათა ადამიანებმა თვითნებურ მკურნალობას არ მიმართონ.
– რამდენიმე ექიმი საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ სისტემატიურად მოგვიხდება ვაქცინის გაკეთება ყოველ 3-4 თვეში – რეალურია?
– ჯერ-ჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. ძალიან ცოტა დროა გასული იმისთვის, რომ ვაქცინაციის ზუსტ სქემებზე საუბარი იყოს შესაძლებელი. მეტი კვლევა და დროში პროცესებზე დაკვირვებაა საჭირო იმისთვის, რომ ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს.
– საუბრობდნენ იმაზეც, რომ ომიკრონის შტამისთვის, შესაძლოა, დამზადებული სპეციალური ვაქცინა. თუმცა, შესაძლოა, სანამ სპეციალური ვაქცინა დამზადება ახალი შტამიც გამოჩნდეს. რომელი ვაქცინები ითვლება ყველაზე მდგრადად დღეის მდგომარეობით და რამდენად შემცირდა მათი მოქმედების არეალი?
– ომიკრონისთვის შტამ-სპეციფირ ვაქცინაზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა მისი გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე, შეიძლება ვერც მოესწროს ვაქცინის ახალი ვერსიის კლინიკურ პრაქტიკაში დროული დანერგვა. დღეისათვის არსებული ვაქცინებიდან ყველაზე ეფექტურად მაინც რნმ ვაქცინები ითვლება. მათი ეფექტურობა ინფიცირების კუთხით საგრძნობლად შემცირდა, ასევე შემცირდა ეფექტურობა სიმპტომური დაავადებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან დაცვაშიც, თუმცა ცვლილების მიუხედავად, საკმარისი დაცვა მაინც არის იმისთვის რომ ადამიანი, კოვიდ-19-ით ავადობისას, სიკვდილს გადაურჩეს.
– უსაფრთხოა ბუსტერ დოზა ყველასათვის? ამერიკაში მცხოვრები ერთი ექიმი წერდა, რომ ბუსტერ დოზის შემდეგ, გულის დაავადებების რისკმა მოიმატა – რამდენად რეალურია და თუ რეალურია, რა არის მიზეზი?
– ბუსტერად ჯერ-ჯერობით გამოიყენება რნმ ვაქცინების ერთი დოზა. უამრავი კვლევა მიმდინარეობს გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით. ამ წუთისთვის არ არსებობს არც ერთი დიდი და სერიოზული კვლევა, რომელიც დაადასტურებს გვერდითი ეფექტების დრამატულ ზრდას.
კომენტარები