ნანა სულავა
„ალიას“ სკანდალურ ინტერვიუს აძლევს წალენჯიხაში შევარდნაძისა და სახელმწიფო საბჭოს მიერ გაგზავნილი ბანდების, მათ შორის „მხედრიონის“ მიერ პირწმინდად გაძარცვული, მერე სააკაშვილის პირსისხლიანი რეჟიმისგან უკანონოდ რეპრესირებული და ამჟამად ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმისგან უცხოეთში თავის გადასარჩენად გადახვეწილი, ირინა კვარაცხელია.
– ირინა, ვიცი, რომ საახალწლოდ ჩამოხვედი შვილის და მოხუცი დედის მოსანახულებლად და, რადგან დრო გამონახე „ალიასთან“ სასაუბროდ, მოდი, მოგვიყევი შენი განვლილი ცხოვრების შესახებ.
– ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როცა წალენჯიხაში ტირანიისგან გამოშვებული „მხედრიონი“ წალენჯიხის სკოლა-ინტერნატის შენობაში დაბანაკდა. ასე დაიწყო საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა. ბავშვები გაიყვანეს სკოლიდან და იქ შეიყვანეს „დემოკრატიის“ მშენებელი ყაჩაღები. საზოგადოებამ კარგად იცის, ამაზე როგორ დუმდა პრივილეგირებული ინტელიგენცია, თავი ერის მამებად და დედებად რომ მოაქვთ. მხედრიონელები კარგა ხანს ცხოვრობდნენ სკოლა-ინტერნატის შენობაში. იქიდან დიდი „იკარუსის“ მარკის ავტობუსით დადიოდნენ და კბილებამდე შეიარაღებულები მთელ წალენჯიხაში ჯგუფ-ჯგუფად იფანდებოდნენ. ისინი განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებს, უმოწყალოდ სცემდნენ და კლავდნენ კიდეც. მაგალითად, ჩემს ოჯახში მცხოვრები ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ანჯაფარიძეები, რომლებიც აფხაზეთიდან იყვნენ, იმის გამო ააფეთქეს და სიცოცხლეს გამოასალმეს, რომ კანონიერი ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.
– თქვენი ოჯახი არ იყო კანონიერი ხელისუფლების მომხრე?
– წალენჯიხის მოსახლეობის 99 პროცენტი ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მომხრე იყო. მახსოვს, ერთი ჩემი მეზობელი მოხუცი კაცი შევარდნაძის პოლიტიკისკენ იხრებოდა და გამსახურდიას მომხრე შვილმა მამას სახლი გადაუწვა ამის გამო. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მე და ჩემი უმცროსი ძმები ბავშვები ვიყავით. მამა ახალი გარდაცვლილი გვყავდა, დედა პოლიტიკური აქტიურობით არ გამოირჩეოდა. ამიტომ ფიზიკურად არ გაგვისწორდნენ, მაგრამ ერთ დღეს ჩვენც მოგვადგნენ და, რომ იტყვიან, პირწმინდად გაგვძარცვეს. მახსოვს, ავტომატებით იდგნენ ჩვენს გვერდით, რომ არ გავნძრეულიყავით. ჩვენ, როგორც ტყვეები, ისე ვიდექით გაშეშებულები და ბავშვები ვუყურებდით, როგორ ეზიდებოდნენ ჩვენი მშობლების მიერ პატიოსანი შრომით შეძენილ ქონებას. საყოფაცხოვრებო ნივთებსაც კი არ ტოვებდნენ. ყველაფერი გაზიდეს, თეთრეულიც კი არ დაგვიტოვეს. მერე ავტომატებით დახოცეს ფრთა-ფრინველი, გვშია, გვშიაო, – დედაჩემს მოამზადებინეს საჭმელი. ეს რა გაუგონარი ცინიზმი იყო. ჯერ ჩვენ გვასინჯინებდნენ საჭმელს და მერე თვითონ ჭამდნენ. ასე დანაყრდნენ და დატოვეს ჩვენი სახლ-კარი. სახლში რომ შევედით, ცარიელი კედლები დაგვხვდა, სადაც მხოლოდ გარდაცვლილი მამის სურათი ეკიდა. იმისთვისაც მადლობა უფალს, რომ ჩვენთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. სხვებთან რომ შედიოდნენ, ყველაფერი მიჰქონდათ და თან ქალებსაც აუპატიურებდნენ. ჩვენს მეზობლებს სახლებიც გადაუწვეს. ზეპირად იცოდნენ, ვინ იყო გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერი. მაგრამ ყველას ხომ არ დახოცავდნენ, მთელი წალენჯიხა გამსახურდიას მომხრე იყო.
-ირინა, როგორც ამბობენ, განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებს არ ინდობდნენ.
– კი, ასე იყო. სულ გახიზნულები ჰყავდათ ქალები, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ არ ზოგავდნენ და ყველანაირ არაადამიანობას იჩენდნენ. შევარდნაძის ბანდებმა საშინელებები აკეთეს წალენჯიხაში. რეაქტიული ჭურვები და ბომბებიც ჩამოყარეს. ერთი სიტყვით, ჩვენი ოჯახი გადაურჩა ამ ყველაფერს. სკოლის დამთავრების შემდეგ სოხუმში წავედი. ჩავაბარე ჯავახიშვილის სახელობის სოხუმის უნივერსიტეტში და სტუდენტი რომ გავხდი, უნივერსიტეტში რომ უნდა წავსულიყავი 1-ლ სექტემბერს, სოხუმი დაეცა. მე ზუსტად იმ იაპონელივით დამემართა, ხიროსიმაში ატომური ბომბი რომ ჩამოაგდო ამერიკამ, შეეშინდა იაპონელს და ნაგასაკაში რომ წავიდა, მაგრამ ამერიკელებმა იქაც ბომბი ჩამოაგდეს. ჩემი საქმეც ასე იყო. როცა შევარდნაძემ წალენჯიხაში ბომბი ჩამოაგდო, სოხუმში გავიქეცი, მაგრამ იქაც ბომბი ჩამოაგდეს და სოხუმი დაეცა. დავტოვე სოხუმი და თბილისში წავედი საცხოვრებლად.
– თბილისში რას საქმიანობდი?
– სწავლის გაგრძელება მინდოდა. ერთი პერიოდი რედაქციაში ვმუშაობდი, მაგრამ მალე ოჯახი შევქმენი და სწავლა ვეღარ გავაგრძელე. შვილს ვზრდიდი. ამ დროს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა საქართველოში და ხელისუფლებაში მოვიდა სააკაშვილი. ისეთი დრო დადგა, რომ ყველა ერთმანეთს აბეზღებდა, ადამიანებთან ურთიერთობებიც კი საშიში გახდა. მეც სრულიად უკანონოდ და უდანაშაულოდ საქმე შემიკერეს და აღმოვჩნდი ციხეში. არც დაზარალებული მყავდა და არც მომჩივანი. მაგრამ ეკონომიკური მუხლით გამასამართლეს და სამი წელი მომისაჯეს. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ არც პოლიციასთან და არც პროკურატურასთან არ ვითანამშრომლე. როგორი პატიმრობა მქონდა და რა ხდებოდა სააკაშვილის ქალთა ციხეში, ამაზე იმდენი დაიწერა, მე ახალი რა უნდა ვთქვა, მაგრამ მინდა, „ალიას“ მკითხველს ვუამბო იმის შესახებ, რომ სასჯელის მოხდამდე სულ სამიოდე თვე მქონდა დარჩენილი, როცა მოხდა ე.წ. ქალთა ბუნტი და მე, რომელსაც ბუნტში მონაწილეობაც კი არ მიმიღია, ერთ-ერთ ორგანიზატორად დამასახელა ადმინისტრაციამ. რას მერჩოდნენ, რა უნდოდათ, ამის გამკითხავი ვინაა.
ქალთა ბუნტის საქმე, გამოუძიებელი, თეთრი ძაფით შეკერილი დევს პროკურატურის თაროზე. ეს საქმე ციხის ადმინისტრაციამ და დეპარტამენტმა ერთად მოქსოვეს. ყველამ კარგად იცის, იმ ავად მოსაგონარ დღეს გარეთაც კი არ გავსულვარ, აღდგომის დღესასწაულისთვის ვემზადებოდი და ნამცხვარს ვაცხობდი. ხმაური რომ ატყდა და ციხეების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რომ შემოვიდა, ეს კი ვნახე, მაგრამ ის არ მინახავს, ერთ აბეზარ პატიმარს შაშკინისთვის უკანალში სადგისი რომ გაუყრია. მას სიმწრისგან ე.წ. ქალთა ზონა დაუტოვებია. ერთი სიტყვით, ვერ შეძლო პატიმრებთან საერთო ენის გამონახვა და იმიტომ მიიღო ის, რაც მიიღო. მე „მატროსოვზე“ ნამდვილი ქალთა ბუნტის მცდელობასაც მოვესწარი მანამდე, როცა ციხეეების მაშინდელი მინისტრი ბაჩო ახალაია შემოვიდა.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ახალაია კაცურად დაელაპარაკა პატიმარ ქალებს, რა გიჭირთ, რა გაწუხებთ, მე ყველაფერში დაგეხმარებითო და პატიმარ ქალებს ისე მოექცა, რომ სულ სიხარულით გააცილეს ბაჩო ახალაია ზონიდან. ეს არის სრული სიმართლე. სხვაგან რას აკეთებდა ბაჩო ახალაია, მე არ მინახავს. მე რასაც შევესწარი, იმას ვამბობ და ამის სიმართლეში ასეულობით ციხეგამოვლილი ქალი დამეთანხმება. ახალაია უკვე წლებია, იხდის სასჯელს. შაშკინი რა, მამა აბრამის ბატკანია, მართალი კაცივით პოლიტიკურ განცხადებებს რომ აკეთებს?
განსაკუთრებით მწარედ მახსოვს შაშკინის მოადგილის, ვინმე ზარანდიას სიტყვები, ქალებს რომ უთხრა, ციხეში ჩაგალპობთო. ისინი ამ განწყობით შემოვიდნენ და მერე მიზანმიმართულად დატოვეს პატიმრები ზედამხედველებისა და უსაფრთხოების გარეშე. ყველანი გაიკრიფნენ. ქალები ყვიროდნენ, მიშა წადი, მიშა წადიო. მეტი იქ უჩვეულო არაფერი ხდებოდა. მე კი „მატროსოვის“ გასასვლელი ალაყაფის კარებთან, სამორიგეო ჯიხურიდან ვთხოვდი, ვეხვეწებოდი მაშინდელ სახალხო დამცველს სოზარ სუბარს, შემოდით, ბატონო სუბარ-მეთქი, მაგრამ ის ხმას არ იღებდა და ელოდებოდა მოვლენების შემდგომ ესკალაციას. ის ამაგრებდა სააკაშვილის რეჟიმს და პატიმრები სულ ფეხებზე ეკიდა, მათ რა დაემართებოდათ, სულ არ აინტერესებდა. ეს ხომ ის სოზარ სუბარი იყო, რომელმაც სააკაშვილს გაპრეზიდენტება პირველმა მიულოცა, ცესკოსაც რომ დაასწრო მილოცვა. ქალთა ბუნტის იმ ბარბაროსულ აქტს, როდესაც კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმი და ათასი ჯურის პოლიციის შენაერთი შემოვიდა ზონაზე აღდგომა ღამეს, სოზარ სუბარი და სხვა დანარჩენი პოლიტიკოსები ყველაფერს შორიდან უყურებდნენ. მადლიერებით მინდა მოვიხსენიო მხოლოდ ჯონდი ბაღათურია, რომელიც გვამშვიდებდა პატიმრებს, ნუ გეშინიათ, ქალებოო. მერე როგორ გადაგვასახლეს მატროსოვიდან, ეს შეიძლება მხოლოდ იმ სცენას შეადარო, როცა ებრაელ ტყვეებს მიერეკებოდნენ გერმანელი ფაშისტები. ეს ბარბაროსობა 21-ე საუკუნის საქართველოში ხდებოდა. არსებობს ამის ვიდეოფირები. ეს იყო საშინელება, რომელმაც წალენჯიხის ამბებიც კი გადაფარა, რაც მაშინ სააკაშვილის ჯალათებმა ჩაიდინეს პატიმარ ქალებთან.
– ირინა, შენ გაგასამართლეს როგორც ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და 37 მონაწილიდან ერთ-ერთი იყავი, რომელმაც დანაშაული არ აღიარე. დანარჩენმა ყველა მონაწილემ აღიარა. ეს მაშინ სამოქალაქო გმირობის ტოლფასი იყო, რომ მიშას ჯალათებს არ გაურიგდი. გვიამბე ამის შესახებ.
– სასამართლო პროცესზე მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ, როცა ვიდეოფირები ნახა, გაკვირვებულმა ხმამაღლა იკითხა, ირინა კვარაცხელია რატომ გყავთ აქო? მაგრამ მას ადეიშვილის პროკურატურამ „კანონის უზენაესობის“ მასტერკლასი ჩაუტარა და მოსამართლე ჯორბენაძე დაადუმეს. აბა, კაი ბიჭი იყო და კიდევ ეთქვა, კვარაცხელია დამნაშავეთა რიგებში რატომ გყავთო. მე მართლა არაფერს ვაშავებდი, პირიქით, მოვუწოდებდი პატიმრებს დამშვიდებისკენ, ნუ ხმაურობთ-მეთქი, ვთხოვდი. იმაზე სამარცხვინო რა უნდა ყოფილიყო, როცა ცრუ მოწმემ პროცესზე ვერ ამომიცნო და სულ სხვას დაადო ხელი. ატყდა სიცილი, ხარხარი და შერცხვენილმა თავი იმართლა, ეს მეგონა ირინა კვარაცხელიაო. რამდენი „ნასედკა“ ჰყავდა ცრუ მოწმედ შერჩეული ადმინისტრაციას, ვინ მოთვლის. სასამართლო სხდომის ოქმებში ყველას გვარებია აღნიშნული. რცხვენოდეთ მათ ამისთვის! მათ შეპირდნენ თავისუფლებას, სასჯელის განახევრებას, მაგრამ მერე რომ გააპრავეს ბუნტის საქმე, ის უბედური პატიმრები, ჩვენ რომ ხელები დაგვადეს, ყველანი გადააგდეს. ერთი დღეც კი სასჯელი არავისთვის დაუკლიათ. მე კი, რომელსაც სამი თვე მქონდა „სვაბოდამდე“ დარჩენილი, 13 წელი დამიმატეს, ისეთი სიტუაცია შემიქმნეს, რომ ჩემს არჩეულ ადვოკატებს ჩემთან არ უშვებდნენ და თავიანთ ადვოკატებს მიგზავნიდნენ, დაჭერით ემუქრებოდნენ ჩემი ოჯახის დანარჩენ წევრებს.
ჰოდა, ახლა პატიმარი სააკაშვილი რომ აცხადებს, ჩემთან ადვოკატების შემოსვლას ზღუდავენ და პროტესტის უმაღლეს ზომებს მივიღებო, ჩემთან, ჩემს არჩეულ ადვაკატებს რომ არ უშვებდნენ, გამწარებულმა ერთ დღეს ვენები ისე გადავიჭერი, რომ სისხლისგან ვიცლებოდი და ძლივს გადამარჩინეს. მას არ ვურჩევ, რომ ეს გააკეთოს, მაგრამ ვეკითხები, მასთან „ოცნებას“ თავისი ადვოკატები შეჰყავს თუ სააკაშვილის მიერ არჩეული ადვოკატები? მე თავიანთ ადვოკატებს მიგზავნიდნენ. ჰოდა, თუ არ მოსწონს ივანიშვილის რეჟიმი, თავისი რეჟიმი მოითხოვოს. მე არც სახელმწიფო ბიუჯეტი მიმითვისებია, არც კერძო პირი დამიზარალებია არც ერთი თეთრით და რამდენი წელი ვხეხე ციხე! მან კანონიერად უნდა მოიხადოს სასჯელი. დავიღალეთ. სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, სულ „მიშა, მიშა“ გვესმოდა. მოვიდა და „მიშა, მიშას“ ყვიროდნენ, წავიდა და „მიშა მოდის, მიშა მოდისო“. ახლა პატიმარია და ისევ „მიშას“ გაიძახიან. უკრაინის მოქალაქეა და ბოლოს და ბოლოს, გაუშვან უკრაინაში, იქ მოიხადოს სასჯელი და დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ, ხალხი დაიღალა. ჩვენ რა ვქნათ, მისგან უკანონოდ რეპრესირებულებმა და ჯანმრთელობადაკარგულმა ადამიანებმა? ციხიდან გამოსვლის შემდეგ ხუთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული და ოჯახს რომ შევეხიდო, საკუთარ თავს არ ვზოგავ, გადახვეწილი ვარ უცხოეთში, იქ ვშრომობ და იმ სიმწრით მოპოვებულ გროშებს ოჯახში ვაგზავნი. იმ ბავშვობის წლებიდან მოყოლებული, ამ რეჟიმებისგანაც სულ დაუცველი ვარ. ჯერ წალენჯიხაში ჩამიტარეს დემოკრატიის გაკვეთილები, მერე დემოკრატიის უმაღლეს კურსს სოხუმში მაზიარეს სხვადასხვა ჯურის დემოკრატებმა, შემდეგ სააკაშვილის ჯალათებმა მიმაბრძანეს ვირის აბანოში და თავიანთ დაგეგმილ ბუნტზე 13 წელი დამიმატეს. რომელ ეროვნულ შერიგებაზე ლაპარაკობენ ახლა? ესენი ჩემნაირებს არ ურიგდებიან იმიტომ, რომ ჩვენს კანონიერ უფლებებს ესენი არ დაიცავენ. მაგრამ მე მაინც ვიბრძოლებ ჩემი კანონიერი უფლებებისა და ღირსების აღსადგენად.
– ირინა, ბოლოს არ შემიძლია არ გკითხო, როგორ შეხვდი იმ ფაქტს, რომ წალენჯიხაში ნაციონალების სიით არჩეულმა დეპუტატმა გაიმარჯვა?
– მე ის ვიცი, რომ ნაციონალების ახალი დეპუტატი პიროვნულად კარგი ადამიანია, მაგრამ ისეთ პოლიტიკურ ჩარჩოებშია მოქცეული, ძალიანაც რომ უნდოდეს გააკეთოს კარგი საქმე, ვერ შეძლებს, გაუჭირდება. ახლა გამოსცა „თავისუფლების ქარტია“. ეს ძალიან კარგია, მაგრამ იმ ქარტიაში ჩამოთვლილი პრინციპების უკან მყარი ეკონომიკური ბაზისი არ არის. სანამ 1992 წელს წალენჯიხის ჰაერიდან დაბომბვას სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა, წალენჯიხის განვითარებაზე, მისწინსვლაზე და იქ რაიმე სიკეთეზე ლაპარაკი ზედმეტია.
კომენტარები