ანი დვალიშვილი, ალია
ხელისუფლება თავს იმითაც იწონებს, რომ ზედ წინასაახალწლოდ, დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა კანონი სათამაშო ბიზნესის მიმართულებით. ოფიციალურად, ონლაინ-კაზინოებს გადასახადი გაეზარდათ და რეგისტრაციაც გართულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში საჯარო მოხელეების გარდა, ვეღარ შეძლებენ არასრულწლოვნები.
მიღებული კანონის მიხედვით, რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ორივე მხარის ფოტო და რაც ყველაზე მთავარია – იმავე პირადობის მოწმობით გადაღებული სელფი. ანუ, თუ არასრულწლოვანს შესაძლებლობა აქვს, მშობელს ან უფროს დედმამიშვილს მოპაროს პირადობა, გადაუღოს ფოტო და გაგზავნოს, ვერანაირად ვერ გაგზავნის სელფს, იმიტომ, რომ ვერც უფროს დედმამიშვილს და ვერც მშობლებს ვერ ეტყვის, პირადობის მოწმობა სახესთან დაიკავეთ, სურათი უნდა გადაგიღოთო.
ერთი შეხედვით, ეს არის გადასარევი დაზღვევა იმისგან, რომ ონლაინ-კაზინოებში არასრულწლოვნები ვერ დარეგისტრირდნენ, თუმცა…
ააღნიშნული კანონის მოქმედებამ 1-ლ მარტამდე გადაიწია და რეგისტრაცია ახლა კვლავ ტელეფონით და მასზე მოსული სმს-ით არის შესაძლებელი. ამასთან ერთად, გაზრდილი გადასახადი საერთოდ არ აისახება ონლაინ-კაზინოებზე, რადგან მათ უბრალოდ გატანის საკომისიო გაზარდეს და მთავრობის მიერ გაზრდილს გადასახადსაც მოთამაშეები გადაიხდიან.
უფრო მარტივად რომ აგიხსნათ – ვთქვათ, მოიგეთ 1000 ლარი, მისი გატანისთვის აქამდე მოგებული თანხის 1%-ს, ანუ ათას ლარზე 10 ლარს იხდიდით. ახლა გატანის საკომისიო 3%-მდეა გაზრდილი, ანუ ათას ლარზე 30 ლარს გადაიხდით და ბიუჯეტიც სწორედ მოთამაშეთა ჯიბიდან შეივსება და არა ონლაინ-კაზინოების ბიუჯეტიდან.
მეტსაც გეტყვით, იმ საჯარო მოხელეებმა, რომლებმაც არ ისურვეს დარეგისტრირება და კანონს დაემორჩილენ, არ გადააგზავნეს არც პირადობა, არც სელფი, არც სმს-ით დაადასტურეს მზაობა რეგისტრაციაზე, მათ მიუვიდათ შეტყობინებები, რომ წარმატებით გაიარეს… რეგისტრაცია.
როგორ? როგორ და მარტივად, ის ადამიანები, რომლებიც ონლაინ-კაზინოში მსხვილ თანხებზე თამაშობდნენ, კანონის გვერდის ავლით დაარეგისტრირეს, ანუ არაფერი მოთხოვეს და მისცეს შესაძლებლობა, მშვიდად ითამაშონ, ოფიციალურად ისინი რეგისტრირებულები არიან, რეალურად – არა, მაგრამ თამაშობენ და ეს ორივე მხარეს აწყობს – კონფიდენციალურობა თუნდაც კანონის გვერდის ავლით, დაცულია. რაც მთავარია, ჯერ-ჯერობით არ არსებობს მექანიზმი (ამასაც დაზუსტებით გეუბნებით), რომელიც გადაამოწმებს, წესების სრული დაცვით არის თუ არა დარეგისტრირებული ესა თუ ის მოთამაშე. ანუ, კონკრეტულმა ონლაინ-კაზინოებმა დიდი მოთამაშეები ხელიდან უბრალოდ არ გაუშვეს.
კომენტარები