“მთავარი არხის” ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დევნილება 14 იანვარს საპროტესტო აქციას გამართეს. ისინი ამბობდნენ, რომ საცხოვრებელი, სადაც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო არ არის და ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.
მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ ჩამოცვენილი ბათქაშის გამო ერთ-ერთ პირს ჯანმრთელობაც დაუზიანდა და მას სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. ასეთივე შემთხვევა მოხდა წინა დღესაც, რა დროსაც ოთხმა ბავშვმა მცირე დაზიანებები მიიღო.
დევნილები უკვე რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ. 12 იანვარს აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მის ნაცვლად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე შეხვდათ და როგორც ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ წერილში ეწერა, მოადგილე დაპირდა მათ ფართებით დაკმაყოფილებას, მანამდე კი, მოუწოდა გადასულიყვნენ ქირით. თუმცა, აქციის მონაწილეები, არ ენდობიან მინისტრის მოადგილის სიტყვებს და განაცხადეს, რომ ბევრი დაპირება მოუსმენიათ.
დევნილებმა 14 იანვარს თქვეს, რომ აქცია გამაფრთხილებელია და თუ მათი მოთხოვნები დროულად არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავენ.
“უკიდურესად მძიმე პირობებში ვცხოვრობთ. გაუსაძლისია ჩვენს შენობაში ცხოვრება და იქიდან გამომდინარე, რომ არავინ გვაქცევს ჯანდაცვის სამინისტროდან ყურადღებას, ერთადერთი რაც დაგვრჩა არის ის, რომ მოვიდეთ კანცელარიის წინ, მშვიდობიანად, მოვითხოვთ ერთადერთი რამ, ეს არის საყოფაცხოვრებო ბინებით დაკმაყოფილება, თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება მივმართავთ უკიდურეს ფორმას და დავიწყებთ შიმშილობას”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეების თქმით, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დევნილებს უთხრა, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წერილი დაეტოვებინათ.
დღეს, 16 იანვარს სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კომენტარები