ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც დღეს საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობდა და სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულები – გიორგი კავილაძე და აკაკი ჭელიძე, თქვა:
“გიორგი კავილაძემ მანქანა კვარცხელიას მანქანიდან 15-20 მეტრში გააჩერა, საიდანაც ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გადმოვიდა. ჭელიძე კვარაცხელიას ავტომობილთან დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა უკან. ნივთის აღების შემდეგ, კვარაცხელია პირისპირ ხვდება აკო ჭელიძეს, ის ზურგით შეტრიალდა ჭელიძისკენ, ბრალდებული იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და თითქმის მიბჯენით, იწყებს მისთვის ზურგში სროლას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი მოარტყა, კვარაცხელიამ ვერაფერი ქნა, მანქანაშიც ვერ ჩაჯდა, ძალაც არ ეყო და მანქანის უკან გაიქცა. კვარაცხელიაც და ჭელიძეც ტოლები არიან, არ ვიცი რა უნდოდათ. კვარაცხელია უკან ცდილობს გაქცევას, ჭელიძე უკან მისდევს, არ ანებებს თავს, კიდევ ერთი სროლა, კიდევ მეორე სროლა, მაინც არ დაანება თავი, წაქცეულს ესვრის, დაიღალა თვითონაც და მჭიდიც დაცალა. კვარაცხელია სისხლისგან იცლებოდა, ჭელიძე გაიქცა და კავილაძის ავტომობილში ჩაჯდა და ორივე გარბის.
ამის შემდეგ, ორივე გადაჯდა აგლაძის ქუჩაზე დატოვებულ მანქანაში, მერე ტაქსებში და ადგილსამყოფელს ყოველდღე იცვლიდნენ.
ჭელიძემ და კავილაძემ იარაღი და ტყვიები მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ასევე იქირავეს “ჰიუნდაი ელანტრა” და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.
მკვლელობა კამერების ქვეშ ხდება, დათვლა შეიძლება სროლების, როგორ გარბის კვარაცხელია მანქანის უკან და როგორ ესვრის მას ჭელიძეს, ეს ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარია, ამ ყველაფერს მტკიცებულების სახით წარმოგიდგენთ და თქვენც ზუსტად ეს განცდა დაგრჩებათ, რა განცდითაც ახლა გესაუბრებით. არც პატარა ვარ და არც ცოტა მინახავს, მსგავსი არ მინახავს, სპეცეფექტებით არის გადაღებული, რომ იტყვიან. ამ კამერას თქვენ წინაშე რომ გამოვიკვლევთ, მერე ვკითხოთ ბრალდებულებს, ეს ქმედება რატომ ჩაიდინეს. არამხოლოდ კამერას, თვითმხილველებს წარმოგიდგენთ…3-მილიონნახევრიანი საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, პირიქით მას ყველა როგორც ნოვატორზე საუბრობს, მართლა მაქვს კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს”
შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, გასული წლის 15 სექტემბერს მოკლეს. ბრალდებული აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, პოლიციამ წყნეთში, 7 ოქტომბერს დააკავა.
შეგახსენებთ, მკვლელობის მოტივი, ამ დრომდე, უცნობია.
კომენტარები