აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ, არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან [World Vision, დანიის ლტოლვილთა საბჭო, UNDP- გაერთოს განვითარების პროგრამა] მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებს აუკრძალა ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელება.
ე.წ. მინისტრმა დაუშვებელი უწოდა აფხაზეთში განხორციელებულ ზოგიერთ პროექტს”. კერძოდ, საუბარია UNDP-ის მიერ აფხაზეთში 2021 წლის ზაფხულში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაზე მოქალაქეებს შორის, სადაც შიდაპოლიტიკური საკითხები, ასევე, საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ განწყობები შეისწავლეს.
“თქვენს ორგანიზაციას არ აქვს უფლება, ამ საკითხით დაკავდეს. გარდა ამისა, ეს საქმიანობა შეთანხმებული უნდა იყოს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან”.
არძიბნამ ისაუბრა COBERM-ის [ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი] პროგრამის შესახებაც.
“ეს დაუშვებელი პროექტია, რომლის მიზანიცაა აფხაზეთის მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, პირდაპირი დიალოგი აფხაზ და ქართველ ექსპერტებსა და ახალგაზრდებს შორის. ამ პროექტის განხორციელება დაუშვებელია აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩაიწერეთ ეს და მსგავსი პროექტები აღარ აკეთოთ. ჩვენ გიკრძალავთ ამას”.
ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრად 17 ნოემბერს დაინიშნა. არძინბამ პოლიტიკური გამოცდილება ძირითადად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააგროვა, სადაც მრჩევლიდან კურატორის ჩათვლით სხვადასხვა პოსტი ეკავა – რელიგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უკრაინის საკითხებზე. ე.წ. მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე დღეში არძინბა აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და განუცხადა, რომ განსაკუთრებით დააკვირდებიან მათ მუშაობას საქართველოს მიმართულებით.
წყარო – ნეტგაზეთი
კომენტარები