ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, 3+3 ფორმატის სარგებლიანობას საქართველოს მისი მეზობელი ქვეყნები გაუზიარებენო. ცხადია, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი იგულისხმა, რომლებიც ამ ფორმატის წევრები არიან. აზრი აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში მონაწილეობას, სადაც თუ შევალთ, მეორეხარისხოვანი როლი დაგვეკისრება, მეორე რიგის ფიგურა ვიქნებით და ეს თავიდანვე ვიცით და წინასწარ არის განსაზღვრული?
– არა თუ უაზროა 3+3 ფორმატის წევრობა, არამედ რისკის შემცველია. 3+3 ტყუილად არ ჰქვია ამ ფორმატს, ექვსთა კავშირი კი არ ჰქვია, რომ ყველა წევრის თანაბარუფლებიანობა და თანასწორობა ჩანდეს დასახელებაშივე. იგულისხმება, რომ სამი დიდი რეგიონული მოთამაშე, რუსეთი, თურქეთი და ირანი იყოფენ ინტერესებს სამ პატარა ქვეყანაში. ეს ფორმულის დასახელებიდანვე იკითხება, შორს რომ აღარ წავიდეთ. ამ ფორმატში არმონაწილეობის ძალიან ბევრი მიზეზი გვაქვს. რუსეთთან ურთიერთობა გასაგებია, საერთოდ გაუგებარია, ირანს რა უნდა ამ ფორმატში, რა ინტერესები აქვს ამ რეგიონში და მით უმეტეს, საქართველოში. შესაბამისად, პატარა ქვეყნები, ასეთი ტიპის ინტეგრაციულ პროცესში ყოველთვის იჩაგრებიან. აქედან გამომდინარე, ჩვენ საგარეო ვექტორი სულ სხვა მიმართულებით გვაქვს გაცხადებული, არა რეგიონალური მოთამაშეების კურაციის ქვეშ, არამედ დასავლური კურაციის ქვეშ. ამ ტიპის პროექტებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება ჩვენს სტატეგიულ გეგმებს, არა მხოლოდ გაცხადებულს, კონსტიტუციაში ასახულსაც. სხვა საკითხია, რამდენად გავიტანთ ამ პოზიციას ბოლომდე, ეს არ არის იმ ტიპის საკითხი, რომ უარზე ვიყოთ 3+3 ფორმატზე და ამით დამთავრდება ყველაფერი. თუ ამ მოთამაშეებმა გადაწყიტეს, რომ ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, შეიძლება უკვე ფიქრობენ კიდეც იმ ტიპის წინადადებებზე, რომლებზე უარის თქმაც გაგვიჭირდება და იქ შეგვათრიონ.
– რა წინადადებები შეიძლება იყოს? სავაჭრო–ეკონომიკური ხელშეკრულებები და ქართული პროდუქციისთვის გზის გახსნა ამ ქვეყნებში?
– არა მგონია. სავაჭრო–ეკონომიკური ბერკეტები არის ყოველთვის მეორეხარისხოვანი, დამატებითი ინსტრუმენტი პოლიტიკური კონტროლისთვის. მე როდესაც ვამბობ, რომ შეიძლება იყოს წინადადება, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით, მათ შეიძლება ისეთი ვითარების მოდელირება მოახდინონ საქართველოში, რომ სხვა გზა აღარ დაგვიტოვონ და იძულებით დავთანხმდეთ ამ ფორმატის წევრობას. მე ახლა ფრჩხილებს ვერ გავხსნი, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ასეთი სცენარები არსებობს.
– მე გავხსნი ფრჩხილებს. შესაძლოა, რომელიმე ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით დასახლებული რეგიონი აგვიფეთქონ, აგვიჯანყონ და იქით გაგვიხდეს სახვეწარი, ოღონდ ეს ვითარება დაამშვიდეთ, სადაც გვეტყვით, იქ შემოვალთო. მსგავსი სიტუაცია უკვე გვქონდა, როდესაც დსთ–ში არ შევიდა საქართველო, ჯერ გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო და მერე აფზახეთში ომის პროვოცირება მოახდინა რუსეთმა.
– კი, ბატონო, აქვთ იმისი რესურსები, ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ, რომ მერე იქით გაგვიხადონ სახვეწრად საქმე, ოღონდ ჩააქრე ეს ყველაფერი და ყველაფრისთვის მზად ვართო. ისევე, როგორც დღეს სომხეთია ყველაფრისთვის მზად. არც სომხეთს არ უნდოდა ბევრი რამ, მაგრამ სომხეთ–აზერბაიჯანის ხანმოკლე ომის შემდეგ, რის შედეგადაც სომხეთმა დაკარგა ყარაბაღის ხუთი რაიონი, ახლა ყარაბაღი სრულად რომ არ დაკარგოს, ყველაფერზეა თანახმა.
კომენტარები