გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შიონბახი, უკრაინის, რუსეთისა და საქართველოს შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. მან ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ინდოეთში, თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავდა გერმანიის თავდაცვის უწყების აზრს. განმარტების გაკეთება შიონბახს გერმანიის თავდაცვის უწყებამ მას შემდეგ მოსთხოვა, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ბერლინს, სარდლის განცხადებების საჯარო უარყოფისკენ.
შეგახსენებთ, მან განაცხადა:
“დონბასი ოკუპირებულია რუსეთის არმიის, თუ როგორც უწოდებენ „სახალხო ლაშქრის“ მიერ. შევხედოთ საქართველოს, რომელიც ნატოში ესწრაფვის გაწევრიანებას. შეესაბამება თუ არა ალიანსის ის კრიტერიუმებს? კი. გონივრულია, თუ არა მისის ნატოს წევრად მიღება? არა.
სინამდვილეში რუსეთს უბრალოდ ჩვენგან პატივისცემის მიღება სურს. ო, ღმერთო, ჩვენთვის ხომ არაფრად გვიღირს ცოტა პატივისცემის გამოჩენა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უკეთესია, რომ მისთვის მიგვეცა ის პატივისცემა, რასაც იმსახურებს. რუსეთი – ძველი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ჩვენც კი – ინდოეთსა და გერმანიას, რუსეთი გვჭირდება“
უკრაინის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ გერმანელი სარდლის განცხადებები “მიუღებელია და ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, და იმ ძალისხმევას, რაც ევროპაში შექმნილი სიტუაციის დეესკალაციისკენ არის მიმართული.“
კომენტარები