ანი დვალიშვილი, ალია
„ალიამ“ არაერთხელ დაწერა, რომ ქვეყანას მალე ხორბლისა და ზოგადად, პურის ფქვილის სერიოზული პრობლემა დაუდგებოდა. ეს იმის მიუხედავად, რომ თავად წისქვილკომბინატების ხელმძღვანელებიცა და ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, ყველაფერი რიგზეა, პრობლემა არ არსებობსო. „ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები სტაბილურად მუშაობს და პრობლემა არ არსებობს არც მარაგების, არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ“, – ეს განცხადება ბატონმა ლევანმა შარშან გაზაფხულზე გააკეთა, თუმცა მაშინ უკვე ვიცოდით, რომ ზაფხულისთვის რუსეთი საბაჟო გადასახადს შეცვლიდა. ზუსტად ვიცით, რომ ხელისუფლება და კერძოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სილაგავას და შესაბამისად, ამ სფეროში მოღვაწე ყველა ბიზნესმენს არწმუნებდა, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
პრობლემა არათუ მოგვარდა, არამედ უფრო გაღრმავდა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყური არც მაშინ შეიბერტყა, როცა 10-ზე მეტი წისქვილკომბინატი სწორედ ხორბლის პრობლემის გამო გაჩერდა.
ისე ჩანს, საბოლოოდ ყველა დარწმუნდა, რომ ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას არ აპირებს და ხორბლის ნაცვლად, მთლიანად პურის ფქვილის ექსპორტზე გადავალთ, რაც ქვეყანაში ქატოზე ფასის მატებას აუცილებლად გამოიწვევს და ამასთან ერთად, შეუძლებელი გახდება ორთვიანი მარაგების შექმნა. ხორბლის შემთხვევაში ეს შესაძლებელი იყო, პურის ფქვილის შემთხვევაში – გამორიცხულია.
„ქვეყანა გადადის ფქვილის იმპორტზე, ხორბლის არშემოტანის ხარჯზე, რაც არის საკმაოდ საგანგაშო და საყურადღებო მდგომარეობა იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის სასურსათო მარაგები მიდის მილევისკენ. გაეროს რეკომენდაციით, იმისათვის, რომ სასურსათო უსაფრთხოება იყოს დაცული, ქვეყანას უნდა ჰქონდეს სურსათის მთლიანი მოხმარების 2 თვის მარაგი. ახლა მარაგები არის, მაგრამ იმაზე დაბალი, რაც ორი თვის უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ეს არის რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილი მემორანდუმი იმის შესახებ, რომ ჩვენ, ანუ კერძო სექტორი ვუზრუნველყოფთ სასურსათო უსაფრთხოებას და ორ თვიანი მარაგების მუდმივად არსებობას ქვეყანაში.
ვადასტურებ, რომ შევატყობინეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ ჩვენ ჩვენი ხელმოწერის გამოწვევას ვახდენთ ამ მემორანდუმიდან იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვუზრუნველყოფთ ორთვიანი მარაგების შენარჩუნებას. სახელმწიფო საქმის კურსშია, რომ ჩვენი ხელმოწერა გამოწვეულია მემორანდუმიდან და ცხადია, ფქვილის იმპორტის შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა ჩვენზე არ არის“, – ეს განცხადება სილაგავამ გასულ უქმეებზე გააკეთა.
ეს ყველაფერი გასაგებ ენაზე რომ გითხრათ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვექნება მთავარი საკვები პროდუქტის, პურის ფქვილის მარაგი და საკმარისია, რუსეთმა მოინდომოს და უბრალოდ აღარ მოგვყიდოს ფქვილი, 90-იანი წლები მოგვენატრება.
ჩვენ ისიც კი ვიცით, რას ითხოვს სანაცვლოდ რუსეთი. სერგეი ლავროვმა პირდაპირ მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, საქართველოს დაელაპარაკეთ და აუხსენით, რომ 3+3 ფორმატს შემოუერთდეს, ეს მათთვისაც ძალიან კაარგი იქნებაო. საქართველოს ხელისუფლება კი ჯიუტად არ აპირებს ამ ფორმატში მონააწილეობის მიღებას.
კომენტარები