ანი დვალიშვილი, ალია
დღეს მთელი მსოფლიოს პოლიტიკა უკრაინის საკითხის გარშემო არის მიმართული და იმაზე მიდის მსჯელობა, დაიწყება თუ არა ომი. ხანდახან ისეთი შეგრძნება გვრჩება, რომ დასავლეთის ქვეყნები კი არ აშინებენ რუსეთს სანქციებით, არამედ აქეზებენ და მართალია, ეს სადაო საკითხია, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, რუსული აგრესიის შემდეგ, დასავლეთის ძირითადი ნაწილი შეშფოთებითა და აღშფოთებით იყო დაკავებული. წაქეზებაში იმ განცხადებასაც ვგულისხმობთ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა და აღნიშნა “ერთია მცირე შეჭრა, თუმცა, თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება… ბაიდენის სიტყვებმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისე გააბრაზა, რომ კრიტიკაც არ დაიშურა: “მინდა გავახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო. ამას ვამბობ როგორც დიდი ძალის, უკრაინის პრეზიდენტი.”
ამ ყველაფრის ფონზე, ქართული მხარე თითქოს ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. უფრო კონკრეტულად კი, ქართველი პოლიტიკოსები (ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის გარდა) მკაცრი განცხადებებით არ გამოირჩევიან და ხმამაღლა არ აკრიტიკებენ რუსულ მხარეს. როგორც გვითხრეს, ქართული მხარე დასავლეთზე ძალიან გაბრაზებულია და ამის მიზეზიც ჰქონია. პირველი ის, რომ ამერიკელებმა უკვე მეორედ მიყიდეს ქართულ მხარეს “ჯაველინები” და თუ პირველ ჯერზე 75 მილიონი ლარი გადავიხადეთ, ახლა 26 მილიონი დოლარის გადახდა გვიწევს. ეს მაშინ, როცა ამერიკამ ავღანეთში თალიბანს დაახლოებით 18 მილიარდი დოლარის შეიარაღება დაუტოვა და ახლა, უკრაინას იარაღის რაღაც ნაწილი მიყიდა, დიდი ნაწილი კი აჩუქა. ქართული მხარის დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ ევროპარლამენტარების ვიზიტის გაუქმებიდანაც ჩანს – სამი ევროპარლამენტარი შალვა პაპუაშვილს უნდა შეხვედროდა, მაგრამ პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ, დრო არ მაქვს, ვერ შეგხვდებითო და ვიზიტი გაუქმდა. ანუ, პარლამენტის თავმჯდომარემ ორი საათი ვერ გამონაახა იმისთვის, რომ ევროპარლამენტარების დელეგაცია მიეღო.
საგარეო კურსის ასეთი სასწრაფო ცვლილების მთავარი მიზეზი სერგეი ლავროვის განცხადებაა. მთელი მსოფლიო მიეჩვია იმას, რომ ლავროვის პოზიცია ასი პროცენტით ვლადიმირ პუტინის პოზიციაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიერკავკასიაში სამი სახელმწიფოა და გვსურს, მოლაპარაკების მაგიდასთან სამივე ისხდესო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა პირდაპირი მინიშნება გააკეთა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არიან სახელმწიფოები და საუბრის შემთხვევაში, ეს ყველაფერი უფრო ხმამაღლა ვთქვაოì,-გვეუბნება “ოცნების” ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.
უფრო მეტიც, ზალკალიანის უწყება ახლა ეძებს გზებსა და საშუალებებს, რათა 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართვა უმტკივნეულოდ მოხდეს და ამ მიმართულებით საუბარი გაგრძელდეს. სავარაუდოდ, ამას ხვდება დასავლეთიც და გასულ კვირას ამერიკის ელჩის შეხვედრებიც ამის დასტურია – კელი დეგნანი რიგ-რიგობით შეხვდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და როგორც გვეუბნებიან, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ 3+3 ფორმატში ჩართვისგან თავის შეკავება იყო. არადა, მეორეს მხრივ, ეს არის შანსი იმისა,რომ რუსეთთან ურთიერთობაში არსებული გამყინვარება ადგილიდან დაიძრას. რაღა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იციან ოპოზიციაში, მაგრამ ჯერჯერობით კომენტარებისგან თავს იკავებენ.
როგორც კი ხელისუფლება პირველ ნაბიჯს გადადგამს და პირველ განცხადებას გააკეთებს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ, ოპოზიცია მაშინვე გააქტიურდება და დასავლეთს “ქართული ოცნების” გაშვებაში დახმარებას სთხოვს. რეალურად, ეს არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ ხელისუფლება 2024 წლამდე შეიცვალოს, სხვა საშუალება ოპოზიციას უბრალოდ აღარ დარჩა და ვარაუდი იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ვადაზე ადრე გამოუშვებენ და ექსპრეზიდენტი საპროტესტო ტალღას ააგორებს, რეალობას მოკლებულია.
ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც თავის დროზე უკრაინაში იბრძოდნენ, ახლაც მზად იყვნენ წასასვლელად, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ჯერ საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, ხელისუფლებამ ისინი საზღვარზე… უბრალოდ არ გაუშვა. ოპოზიციამ ესეც იცის, რადგან მებრძოლთა უდიდესი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და ისინი უკრაინაში თავის დროზე, სააკაშვილის მოწოდების შემდეგ ჩავიდნენ. ნაციონალურმა მოძრაობამ ხმაური არც ამის შემდეგ ატეხა, ანუ ისინი ყველაფერს აგროვებენ და სურთ, დარტყმა ერთიანი ფრონტით განახორციელონ და ხელისუფლებას ყველა მიმართულებაზე მოსთხოვონ პასუხი.
პარალელურად, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ევროპელ ელჩებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და პარტიის სტრუქტურული ცვლილებაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ბევრად რადიკალურები გახდებიან. ნაციონალების ხელმძღვანელობაში აკაკი მინაშვილისა და გივი თარგამაძის დაბრუნება სწორედ ამის ნიშანია.
კომენტარები