ლევან ჯავახიშვილი
“ალიას” ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– უკრაინისა და საქართველოს ახლო მომავალში ნატო-ში გაწევრიანება რომ რეალობას მოწყვეტილი ამბავია, ეს ფაქტია. თუმცა, დავუშვათ და სხვა ქვეყნებმა მოითხოვეს ნატო-ში გაწევრიანება, რას შვრება ნატო? რუსეთის შიშით იმათაც უარს ეტყვის? აგერ, ნეიტრალურმა შვედეთმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, სწორედ რუსეთისგან თავდაცვის მიზნით, ნატო-ს მიმართოს, რომ მის რიგებში მიიღონ. უარს ეტყვის ნატო შვედეთს? რუსეთი მოითხოვს ნატო-ს გაფართოების შეწყვეტას და ამის გამო, არ მიგიღებთო?
– უკრაინას და საქართველოს ნატო-ში მიღების იმედს დაუტოვებენ, რაღაც ჩანაწერს გააკეთებენ, რომ დაგვამშვიდონ, მაგრამ ახლო მომავალში იქ არავინ მიგვიღებს. ვფიქრობ, ისეთ დიპლომატიურ ჩანაწერს გააკეთებენ, რომ არც ჩვენ დაგვწყვიტონ გული და არც რუსეთი გააღიზიანონ, მოძებნიან შესაბამის ფორმულირებას. ბაიდებმა უკვე თქვა, ახლო მომავალში უკრაინის, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი არ განიხილებაო. აქ საქართველოც იგულისხმება. ამით უთხრა პუტინს, რა გინდა, მაინც არ განვიხილავთ უკრაინის მიღებას და რაზე ნერვიულობო. ამერიკამ მწვანე შუქიც რომ აგვინთოს ორივეს, ევროპა მაინც არ შეგვიშვებს ნატო-ში. გერმანია, საფრანგეთი, იტალია დაგვბლოკავენ. ამასთან, უნგრეთის პრემიერი ორბანი, პუტინის ძმაკაცია, ეგეც დაგვბლოკავს. ბოლოს და ბოლოს, თავის დროზე, გერმანიამ და საფრანგეთმა არ დაგვბლოკეს? მერე მიჰყვნენ იტალია, ესპანეთი, ბელგია, ჰოლანდია, ავსტრია… ევროპა ჩვენს გამო, იმ დალაგებულ ცხოვრებას არ აირევს.
რაც შეეხება ნეიტრალური შვედეთის სურვილს, ნატო-ში შესვლის შესახებ. მარტო შვედეთს აქვს ეს სურვილი? ასევე, ნეიტრალური ფინეთიც ფიქრობს ნატო-ს წევრობაზე და ეს უკვე განაცხადა – ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება გვაქვს და თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ნატო-ში შესვლა ჩვენთვის თავდაცვის ერთადერთი საშუალება იქნებაო. ეშინიათ ფინელებს, რუსეთი მათაც არ დაესხას თავს. კარგი, ჩვენი და უკრაინის შემთხვევაში, ნატო-ს ჰქონდა საფუძველი, რომ თავის დროზე უარი გვითხრეს ნატო-ში შესვლაზე – არ გვქონდა დემოკრატიული სახელმწოფოები, არც სამხედრო კუთხით ვაკმაყოფილებდით ნატო-ს სტანდარტებს და ორივეს გვაქვს სასაზღვრო კონფლიქტები და სადავო ტერიტორიები. ასეთ შემთხვევაში ნატო არ მიგიღებს წევრად. გეუბნება, ჯერ გადაწყვიტე ტერიტორიების საკითხი და მერე ვნახოთო.
აი, ფინეთს და შვედეთს რას ეტყვის ნატო? უარს ეტყვის? რა მიზეზით? ორივე ქვეყანა ყველა პარამეტრით აკმაყოფილებენ ნატო-ს სტანდარტებს, მოთხოვნებს. ბალტიის, ბალკანეთის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი და უნგრეთი მიიღეს და შვედეთს და ფინეთს არ მიიღებენ? თან ფინეთი და შვედეთი ნეიტრალური ქვეყნები კი არიან, მაგრამ ნატო-ს პროგრამის “პარტნიორობა მშვიდობისთვის” წევრები არიან. ამასთან, ორივე ქვეყანა მონაწილეობას იღებდა ნატო-ს მისიებში ბალკანეთსა და ავღანეთში. რუსეთს უნდა კიდევ ერთი მეზობელი, ფინეთი ნატო-ს წევრად? ან შვედეთი, რომელიც, ასე ვთქვათ, საზღვაო მეზობელია? არ უნდა, მაგრამ თუ ამ სახელმწიფოებმა მოინდომეს ნატო-ს წევრობა, უარს ვერ ეტყვიან, საამისო მიზეზი არ აქვს ნატო-ს. ნატო-ს წესდებაში სწერია, რომ ნატო-ს წევრი შეიძლება გახდეს ქვეყანა, რომელიც ნატო-ს პრინციპებს ითვალისწინებს და აკმაყოფილებს. ფინეთი ცხოვრების დონით 2 წელია, პირველ ადგილზეა მსოფლიოში, შვედეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა და მაგათ უარს ვერ ეტყვიან. თან გითხარი უკვე, მაგათთან შედარებით, ეკონომიკურად დაქცეული მონტენეგრო, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი მიიღეს თავის დროზე ნატო-ში. ამ ქვეყნების დემოკრატია მაშინ კი არა,როცა ნატო-ში მიიღეს, დღესაც ახლოს ვერ მივა ფინეთისა და შვედეთის დემოკრატიის ხარისხთან და იგივეს ვიტყვი მათ სამხედრო პოტენციალზე. მორჩა, მეტი აღარაფერი დარჩა. ვერაფერს შეედავება ნატო ვერც ფინეთს, ვერც შვედეთს. ესეც გასათვალიწინებლია პუტინისთვის. ადრე თუ გვიან ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში და აი, აქ უკვე, რუსეთსა და ნატო-ს შორის ახალი დაპირისპირება მოხდება.
კომენტარები