ეთერებიდან არაერთხელ მოვუწოდე და გავაკრიტიკე გუბაზ სანიკიძე. არა მხოლოდ ის, ჩემი რამდენიმე ყოფილი თანამებრძოლის მოღალატეობრივი და აბსოლუტურად გაუგონარი ნაბიჯი… ბოლოს მივხვდი, რომ ეს მგლის თავზე სახარების კითხვის მცდელობა იყო. ამ ადამიანებისთვის რაიმეს შესმენა და უკან მოტრიალება არც შესაძლებელია და მე ასე ვფქრობ, რომ აღარც გვინდა. ამ ხალხზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ ჩვენ და ქვეყანა წინ წავიყვანოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„28 იანვარს იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საზარელი თარიღი. მე მაინტერესებს გუბაზ სანიკიძეს თუ გაახსენდა ეს ამბავი. როდესაც ჩემთან და ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად ამას აპროტესტებდა რამდენიმე წლიანი ქუჩის პროტესტის დროს. თუ გაახსენდა სააკაშვილის რეჟიმის სხვა რომელიმე მსხვერპლი?! რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა კობა დავითაშვილი. კობა იყო სააკაშვილის რეჟიმის პირდაპირი მსხვერპლი. თუ გაახსენდა კობა დავითაშვილი ან ირინა ენუქიძე, რომელიც გადაყვა შვილის საშინელ სიკვდილს. გუბაზ სანიკიძე ქალბატონ ირინასთან ერთად მიტინგებზეც მინახავს და სასამართლო სხდომათა დარბაზებში და ა.შ. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და ძალიან გულგასატეხი ამბავი. რამდენიმე წელი სააკაშვილს გამუდმებით ეძახდა მურვან ყრუს ახლა ეძახის ქვეყნის გადამრჩენელს. რამხელა ვარდნაა პრინციპების, მორალის, ზნეობის“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
კომენტარები