გიორგი ჯავახაძე, ალია
პატარა ივანიშვილმა – პრემიერმა ღარიბაშვილმა, თხა თხაზე ნაკლები მგელსაც შეუჭამიაო და ცოლს ტყე აჩუქა. დახმარებით ამაზონის ტყეებს ეხმარებიან და ჩუქებაზე რომ მიდგება საქმე, ცოლებს საქართველოს ტყეებს ჩუქნიან (49 წლიანი იჯარა, ჩუქება, მა, რა ბედენაა?). და რად უნდაო 49 წელიო ღარიბაშვილის ცოლს ის ტყე? ხე უნდა გაჩეხოსო? აბა, უნდა ისერნოსო? და ისე უშლიდა ვინმე ამ ტყეში სეირნობას? და რას უზამს ახლა ამ ტყეს, გალავანს შემოარტყამს? და 49 წლის მერე აქ ისევ ტყე იქნება, თუ სასტუმრო კომპლექსი? მართალია, ხელისუფლება ამტკიცებს, ხეებს არ ვჩეხავთ ტყეებში, ვრგავთო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – ტყეები მეჩხერდება და მდინარეთა კალაპოტები მცირდება. რა დააშავეს წინა პრემიერებმა? ვაჩუქოთ 5 958 კვ.მ. ტყე გახარიასაც, ბახტაძესაც, კვირიკაშვილსაც, ღარიბაშვილს მეორედ, იმიტომ, რომ მეორედაა უკვე პრემიერი. მადლობა, პრემიერო, რომ უკვე მზა ტყე აჩუქეთ ცოლს და დიდი ივანიშვილივით, საკუთარი ტყე არ შექმენით, ნაწილ-ნაწილ არ ამოძირკვეთ და ათრიეთ ხეები, ამისათვისაც მადლობა.
ამასობაში, მიშას მომხრეებში კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია გავრცელდა – ამჯერად, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი პოლონეთში წავა სამკურნალოდ და მალე, პოლონეთი ძალიან გააქტიურდება ამ კუთხით. როგორც ყვებიან, მოფიქრებულია ფორმაც, რაც შეიძლება ნაკლები რომ იჯუჯღუნონ ოცნების მომხრეებმა – სამაგიეროდ – არჩევნები აღარ იქნება 2024 წლამდე. მოკლედ, მიშას ვცვლით ვადამდელ არჩევნებშიო. ჯერჯერობით, მიშა რასაც ამბობს, ისე გრძელდება სურდა – ჩამოვიდა, სურდა – ჩაჯდა, სურდა – გადაიყვანეს კლინიკაში, სურდა – დააბრუნეს ციხეში და სურდა – გამოვიდა სასამართლოზე. თქვა, ის ადამიანები, ვინც ჩემი შემოყვანის გამო დააკავეს, უნდა გამოუშვანო და გამოუშვეს. ხოდა, თუ ვინმე ვინმეს გადაუცვლის მიშას თავისუფლებას ვადამდელ არჩევნებში, ეს ისევ თავად მიშა იქნება, ასე ჰგავს.
ჯგუფებში, რომლებშიც ადრე ოპოზიციური მასალები ვრცელდებოდა “ენმ”-ზე და სააკაშვილზე, ახლა გამოკითხვები დაიწყეს – უნდა წავიდეს, თუ არა სააკაშვილი საქართველოდან? გამოკითხვას, ნაწილი პასუხობს, რომ კი, უნდა წავიდეს, რადგან საქართველოში მაინც არ გაახარებენ და მეორე, შედარებით უფრო დიდი ნაწილი თვლის, რომ არა, არ უნდა წავიდეს, რაკი ასეთი ნაბიჯი გადადგა და ჩამოვიდა, მეტიც, ისინი თვლიან, რომ მიშა უარს იტყვის ქვეყნის დატოვებაზე. უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ამ გამოკითხვის კომენტარებში, არავინ, არც ერთი სვამს კითხვას – მაინც როგორ უნდა გამოვიდეს ციხიდან მიშა და წავიდეს პოლონეთში?
სხვათა შორის, იგივე ჯგუფები ადრე ამტკიცებდნენ, მიშა უნდა იყოს დღის წესრიგშიო, ასე გადააგორეს საარჩევნო პერიოდი, ახლა კი ამტკიცებენ, მიშა აღარ უნდა იყოს დღის წესრიგშიო – ახლა სხვა მოცემულობაა, ახლა “შუაშისტებს” უნდა მივცეთ ასპარეზიო – კაი, ძმებო, როგორც იტყვით…
პარალელურად, ნაციონალური მოძრაობა გაიყო – მიშას მომხრეებად და მიშას მეტად უფრო მომხრეებად. მიშას მომხრეები, მიშას უფრო მეტად მომხრეებს სექტანტებს ეძახიან და მიშას უფრო მეტად მომხრეები კი ამტკიცებენ, გვარამია და მელია ღალატობს ჩვენ ბელადსო. ვკითხეთ მათ, სულელია მათი ბელადი? ვერ ხვდება სააკაშვილი და მხოლოდ ისინი ხვდებიან, თუ როგორ მოხდა, რომ მიშას პარტიას მელია ხელმძღვანელობს და გვარამია და კი მიშას ადვოკატია? გვიპასუხეს – მიშამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ახლა ასე სჭირდება, ასეა ახლა საჭირო და ქვეყანას რომ დატოვებს, მერე იტყვის სრულ სიმართლესო. ხოოო, როგორ გამოდის ახლა ეს, მიშას ახლა ასე სჭირდება და მიშასვე მომხრეები ხელს უშლიან იმის გაკეთებაში, რაც სჭირდება? თუ მიშას აღარ შეუძლია გარემოცვის არჩევა და ესენი ურჩევენ?
ჰაერში კი სისხლის სუნი ტრიალებს, რუსეთ-უკრაინიის ომს ელოდება მსოფლიო. ამარაგებს დასავლეთი უკრაინას იარაღით და გერმანიამ იარაღი ვერა, მაგრამ სამედიცინო დახმარებას გპირდები, დაჭრილი ჯარისკაცებისთვისო, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის დროს. და თუ რუსეთ-უკრაინას შორის, მართლაც ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ვინ დასჭირდება დასავლეთს საქართველოში რუსეთის საზღვართან, მთავრობა, რომელმაც ევროპარლამენტარებთან დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა 20-21 იანვარს, მთავრობა, რომელიც განცხადების გაკეთებასაც ვერ ბედავს უკრაინის დასაცავად, თუ თავისი კაცი? და ვინ იქნება საჭირო დროს დასავლეთის და ამერიკის კაცი საქართველოში? ან, ქალი? და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა წააგებს ამ ომს და რუსეთი მეტად გაიმყარებს პოზიციებს, დაუშვებს დასავლეთი და ამერიკა საქართველოს ჩათრევას 3+3 ფორმატში ირანთან და რუსეთთან ერთად? ჯერჯერობით დასავლეთისა და ამერიკის კაცი, თუ ქალი, საქართველოში ღიად არ ჩანს, არც პოზიციიდან და არც ოპოზიციიდან, ერთი აქცია რა გაუხდა ოპოზიციას, ერთი დიდი აქცია უკრაინის მხარდასაჭერად? დაკავებულია რუსთაველის გამზირი? რამე სხვა აქციაა იქ დღეს და არ ვიცით? კარგი, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია არ გვინდა, რუსეთის საწინააღმდეგო აქცია იყოს, კარგი, არც ეგ გვინდა და ომის საწინააღმდეგო აქცია რომ იყოს? – არც ეს? კაი, ძმებო, თქვენც კაი…
ამასობაში, ღარიბაშვილი რომ ბაქიბუქობდა, მეო, ავღანეთიდან ლტოლვილებს მივიღებო – სად არიან ის ლტოლვილები?
ამასობაში, დავით გარეჯი დავიბრუნეთ? რუკა არ გამოგვადგა?
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც კლინიკებს დასდო ბრალი ადამიანების დაავადმყოფოებასა და გარდაცვალებაში (საკმაოდ მაღალი პროცენტით), დაკითხეთ? საქმე აღიძრა?
კომენტარები