თამაზ ალავიძე
80-იანი წლების დასაწყისი იყო. მე უკვე მქონდა მონასტრული ცხოვრების მცირე გამოცდილება. ორი მონასტრიდან ერთ-ერთში, რამდენიმე თვე სრულიად მარტომ გავატარე. ეს განმარტოება მჭირდებოდა იმ გადაწყვეტილების გამოსატანად, რომელსაც ჩემი მომავალი უნდა განესაზღვრა. ბოლოს ისე მოხდა, რომ პატრიარქმა მიხმო და მითხრა, რომ მის სიახლოვეს ვყოფილიყავი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჩემი ბერად აღკვეცის თაობაზე. მოუთმენლად ველოდი იმ ნანატრ დღეს, რომელსაც ცხოვრების იდუმალ გზაზე უნდა გავეყვანე. დროის იმ მოკლე მონაკვეთში გავიცანი სასულიერო პირი, რომელსაც რაღაც განასხვავებდა თავის მოძმეთაგან. მისი ხასიათის ასეთმა თავისებურებამ, მაშინაც დიდი თავსატეხი გამიჩინა და შემდგომშიც ძალიან დიდხანს ვცდილობდი ამ ფენომენის ამოხსნას. შემიძლია ვთქვა, რომ მისი სულიერი პორტრეტის წარმოსაჩენად, დასკვნა ჯერაც ვერ დამიწერია. მოკლედ, მოვლენები ასე განვითარდა:
ძველი საპატრიარქოს პირველ სართულზე, შესასვლელშივე, ხელმარცხნივ კანცელარია იყო და ხელმარჯვნივ – ქორეპისკოპოს კონსტანტინეს (მელიქიძე) კაბინეტი. თბილისში ჩამოსული სასულიერო პირები, მეუფე კონსტანტინეს ოთახში იყრიდნენ ხოლმე თავს. მაშინ ძალიან გახსნილი ურთიერთობები იყო და ასეთი ხალხმრავლობა მეუფეს არავითარ დისკომფორტს არ უქმნიდა. მეტიც, მუდამ ღიმილიანი სახით, თავადაც ჩაერეოდა ხოლმე მათ საუბრებში და თვითონ რომ არ იყო ადგილზე, ოთახს მაინც ღიას ტოვებდა, სტუმრებს სკამებზე რომ მოესვენათ. აი, ასეთი გარემო სუფევდა ძველ საპატრიარქოში და მორიგი დღე იდგა, როდესაც შიგნით მჯდომს, ერთი, ჩემთვის მანამდე უცნობი ახალგაზრდა ეპისკოპოსი მომიახლოვდა და გამეცნო:
– შენ თამაზი ხარ, ალბათ, ალავიძე, ხომ? – მითხრა და გვერდით მომიჯდა
– დიახ… – მივუგე ცოტა გაოცებით უცნობ მღვდელმთავარს და დაველოდე მის სიტყვას.
ოთახში ორი სასულიერო პირი იყო შემოსული, რომლებიც მეუფე კონსტანტინეს ელაპარაკებოდნენ და რაღაც ფურცლებს ატრიალებდნენ ხელში.
– გავიგე, რომ ლექსებს წერ. – ღიმილიანი სახით შემომხედა ეპისკოპოსმა და დააყოლა. – შეგიძლია, რამდენიმე ლექსი წამიკითხო?
– რათქმაუნდა, სიამოვნებით! – ამოვთქვი გახარებულმა და ლექსები, შეძლებისდაგვარად, ჩუმად, მაგრამ გამოთქმით წავიკითხე. კითხვა რომ დავამთავრე, მეუფე უკვე სერიოზული სახით მიყურებდა. შემდეგ თავი დახარა და როდესაც კვლავ მე მომაპყრო მზერა, თვალებში ეტყობოდა, რომ ფიქრით იმ დროს სხვაგანაც იყო. მართალია, ისევ მე მიყურებდა, მაგრამ თითქოს თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა:
– რომანტიკოსი ყოფილხარ…
კიდევ გაიარა ჩვენს შორის მდუმარე წამებმა. მე რატომღაც ჩემი სრული შეფასების მოლოდინით შევყურებდი მას, რაც, ალბათ, მეტყობოდა კიდეც, რომ მღვდელმთავარმა იმავე გამომეტყველებით განაგრძო. – რომანტიკოსებს აქვთ თავიანთი პატარა სამყარო, რომელიც გასაქცევად აქვთ შემონახული.
– მეუფე, კი მაგრამ, ვის გაურბიან რომანტიკოსები? – ჩემდაუნებურად, ღიმილიანი სახით ამოვთქვი და პასუხის მოლოდინში კვლავ მას მივაჩერდი.
– ღმერთს… – მოჭრით მიპასუხა მან.
უეცრად დავიბენი. ენის ბორძიკით ძლივს მოვახერხე ორიოდე სიტყვის თქმა და მღვდელმთავრისთვის თვალის გასწორება გამიჭირდა.
– რატომ და რისთვის? –აკანკალებული ხმა ამოვაყოლე ნათქვამს და გავირინდე.
ეპისკოპოსი უკვე იმ მიზნით დამაკვირდა – ვიყავი თუ არა იმის გამგები, რაც მას ჩემთვის უნდა ეთქვა? როცა დარწმუნდა, რომ თუ ახლა არა, შემდეგში მაინც ჩავწვდებოდი მის ნათქვამს, საუბარი განაგრძო:
– ასეთი ნიშნით გამორჩეულ ადამიანებს, ძალზედ საინტერესო წარმოდგენა აქვთ ზოგადად სიცოცხლეზე. ისინი იდეალურ ჭრილში ხედავენ ყველას და ყველაფერს, მაგრამ მათ ცხოვრებაში დგება ჟამი, როცა წუთისოფლის რეალურ სახეს ეჩეხებიან. ეს გარდაუვალი მომენტი, ჯერ კიდევ მათივე სიყმაწვილეში ხდება და ბუნებრივია, ღირებულებათა სისტემის ასეთი კონტრასტული შეჯახების ამოხსნას, ახალგაზრდა ასაკში ვერ ახერხებენ. გამოსავალის სახით, რა რჩებათ? იმ რეალობისთვის მაშინვე ზურგის შექცევა და მოძებნა იმ ადგილისა, სადაც, ფიქრობენ, რომ ამ მოულოდნელად წარმოქმნილი ანომალიის ამოსახსნელად, ნავსაყუდელს იპოვნიან.
მეუფე თადეოზმა ოდნავ დახრილი თავი ნელა წამოსწია და მე შემომხედა. მღვდელმთავარი საოცარი დაკვირვებით მიყურებდა. მის თვალებში ძალიან დიდი სევდა მოსჩანდა, რომლის ფონზე, არ გამჭირვებია, ჩემდამი განსაკუთრებული ყურადღებაც რომ დამენახა. სწორედ ასეთ ყურადღებას და ამგვარ დამოკიდებულებას ვიყავი ბავშვობიდან მოკლებული, რაც ჩემთვის, თავისთად, უკვე იყო ბედნიერება. ამ დროს, ოთახში კიდევ შემოვიდა რამდენიმე სასულიერო პირი და ჩემი თანამოსაუბრის ინიციატივით, გარეთ გამოვედით. სიონის ტაძრის აღმოსავლეთ კუთხესთან მივედით და მისი მოპირდაპირე შენობის კედლის ძირში მდგარ სკამზე ჩამოვჯექით. ახლო-მახლო არავინ იყო და მე მთელი სერიოზულობით მოვემზადე მის მოსასმენად. ეპისკოპოსი კი, სანამ საუბარს დაიწყებდა, კიდევ ერთხელ დამაკვირდა. მას განსაკუთრებული კეთილშობილური გამომეტყველება ჰქონდა, რომელიც სიცოცხლეში არასოდეს განელებია. სწორედ ეს იყო მისი ხასიათის უპირველესი ნიშანი, რომელიც თავის გვერდით მყოფ ადამიანს, ყველანაირ დაძაბულობას უხსნიდა. ამიტომ, როცა მეუფემ საუბარი დაიწყო, მე უკვე მშვიდად ვიყავი.
– მაშ, ასე! – ჩაილაპარაკა მან და საუბრისას (როგორც მას სჩვეოდა) თავი ოდნავ დახარა. კიდევ რამდენიმე წამი ვისხედით მდუმარედ. აშკარა იყო, რომ ჩემი სულის მოსარგებად, სათქმელის ფორმას არჩევდა. ვფიქრობ, რომ ის ძალიან ფრთხილობდა, რადგან გრძნობდა, რომ მის ამ შეგონებას, შეიძლებოდა, მთელი ჩემი ცხოვრება განესაზღვრა, რაც მოხდა კიდეც ასე. ეპისკოპოსმა პირჯვარი გამოისახა, თვალი ააყოლა სიონის ტაძრის გუმბათს და განაგრძო: – ამ ლექსებიდანაც ჩანს შენი რომანტიული ბუნება, დიდი შემოქმედებითი უნარი და გარკვეულწილად, სულიერი მდგრადობაც, მაგრამ ღვთისგან ბოძებული ეს ჯილდო, შეიძლება, ერთი არასწორი მოქმედების შედეგად, სასჯელად გექცეს. შემოქმედებითი ხედვა, რომელიც რომანტიკოსის წარმოსახვითი სამყაროს მესაჭეა, მის პატრონს დაატარებს ქვეყანაზე და ადამიანებში ამაღლებული სულის პოვნას ავალებს. ის მას იმ მასალად სჭირდება, რომელსაც ლექსში, პოემაში, მოთხრობაში, ან რომანში ხორცს შეასხამს და მისაბაძ პერსონაჟებად აქცევს. აი, ასეთია, რომანტიკოსის საზოგადოებასთან ურთიერთობის პირველი მცდელობა, რომელიც მისთვის ფიასკოთი მთავრდება. ამას განაპირობებს ერთადერთი ფაქტორი: ადამიანთა დიდი უმრავლესობა, რეალური ცხოვრების კანონებით ცხოვრობს და მათ გონებაში, იდეალურ სამყაროზე მოსაუბრე ყმაწვილი, ხალიჩას მოწყვეტილ ადამიანად აღიქმება. – მღვდელმთავარმა კვლავ წამოსწია თავი, თვალი გამისწორა და აზრი ასეთი სიტყვებით დააბოლოვა. – ეს არის მიზეზი და სხვა არაფერი, რამაც შენ, ამ ასაკში აქ მოგიყვანა.
მეუფე მართალი იყო. ამიტომ, თანხმობის გამოსახატავად, თავი უმნიშვნელოდ დავიქნიე და თვალები დავხარე. ყველაზე მეტად კი ის მაინტერესებდა, რატომ და როდის შეიძლენოდა, გავქცეოდი ღმერთს. ეს ინტერესი, ალბათ, მეტყობოდა კიდეც, რომ ეპისკოპოსმა საუბარი განაგრძო:
– შენი აზროვნების სიჯანსაღე ჩანს იმაშიც, რომ შენ სულიერი ცხოვრების გზა აირჩიე, მაგრამ ამთავითვე უნდა იცოდე, რომ ამ კუთხით, გარკვეული დაბრკოლებები აქაც გექნება. იმასაც გეტყვი, რომ ეს საკითხი, საერო ცხოვრებისგან განსხვავებით, აქ იოლად მოგვარებადია.
– რას გულისხმობთ, მეუფე? – მცირე პაუზით ვისარგებლე და მოკრძალებულად ჩავეჭერი.
მღვდელმთავარს სახეზე ღვთიურმა ღიმილმა გადაუარა, რაც იმის მიმანიშნებელი იყო, რომ მას ჩემი კითხვა ესიამოვნა და ჩათვალა, რომ მე გულისყურით ვისმენდი მის შეგონებას.
– ვგულისხმობ იმას, – საუბარი განაგრძო მან და უმალ დაიბრუნა სერიოზული იერი. – რომ საერო ცხოვრებაში მეტი შანსია, გამოჩნდეს ადამიანი, ვინც ვერ ჩასწვდება შენს აზრებს და თავისი ვიწრო აზროვნების გადასაფარად, დაცინვით გამოხატავს შენდამი დამოკიდებულებას.
– ამის აცილება რა გზით შეიძლება? – ვკითხე კვლავ მე.
– მიწამდე თავის დახრით. – მშვიდად მიპასუხა მან და დაამატა. – მაგრამ ეს არ არის ის ქმედება, რომელიც საერო საზოგადოებასთან ადაპტირებაში დაგეხმარება. სამაგიეროდ, ასეთი თავმდაბლობა, სასულიერო საზოგადოებაში უფრო აღგამაღლებს და თუ ერთი უგუნური სადმე გამოჩნდება, გონიერ მოძმეთა შორის ვერაფერს დაგაკლებს.
– იმ შემთხვევაში, თუკი ვერ შევძელი სასულიერო გზაზე შედგომა, საერო ცხოვრებაში საბოლოოდ რა მელის? – ვკითხე და დიდი ინტერესით დაველოდე მის პასუხს.
– ღმერთთან პაექრობა და მარცხი. – მიპასუხა და სახეზე საფუძვლიანად დამაკვირდა.
გული ამიჩქარდა და ცოტა ავღელდი, მაგრამ სწრაფადვე მოვახერხე გონების მობილიზება და კვლავ შეკითხვით მივმართე ჩემთვის უკვე უცნაურ მღვდელმთავარს:
– რა დროს მოხდდება ასე?
– როცა მიხვდები, რომ ჩვეულებრივი ადამიანებისგან რაღაც განგასხვავებს; როცა ადამიანებს ვერ დაანახებ შენგან აღქმულ სამყაროს; როცა მიხვდები, რომ ისინი ამ სახით არ მიგიღებენ, მაშინ ზურგს შეაქცევ მათ და შენს სვე-ბედზე გამწყრალი სადმე გამოიკეტები, სადაც იწყებ შემოქმედებით წვას. იფიქრებ, რომ ამ გზით მაინც შეახედებ ადამიანებს შენი თვალით დანახულ სიცოცხლეს, მაგრამ აქაც ვერ მიაღწევ მიზანს. ამის შემდეგ დაგებადება კითხვები, რომლებსაც ვერ უპასუხებ და ამ კითხვებით, ბოლოს მიადგები ღმერთს. ცხოვრების მიმართ შენი უკმაყოფილების გამო, შენსა და ღმერთს შორის დიალოგს მასთან პაექრობაში გადაზრდი და იქ დამარცხდები. შეშინებული მიატოვებ მას, წამოხვალ და ჩაიკეტები იმ სამყაროში, რომელიც ამ დღისთვის გაქვს შემონახული. პირველ ხანებში, შენს პერსონაჟებთან და გმირებთან გააგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ ისინი იმ საზრდოს ვერ მოგცემენ, რაც შენ გჭირდება. შენ გასაქცევი აღარსად გექნება და ამიტომ, მათთან ურთიერთობაში გადაღლილი, გაბრუებაშიღა ჰპოვებ შველას. ეს კი, საბოლოოდ მიგიყვანს არაადეკვატურ აზროვნებამდე. რომანტიკოსების უმრავლესობა, ზოგი ადრე და ზოგიც გვიან, მაინც გადის ამ გზას.
– ეს გარდუვალია? – ამოვიძახე იმ ტონით, რომელიც მიანიშნებდა, რომ მე არ მინდოდა ამ გზის გავლა.
– არა. – მომიგო ჩვეული სიმშვიდით მან.
– აბა, როგორ უნდა ავიცილო ეს?
მეუფე თადეოზს შეეტყო, რომ საუბრის დასკვნით ნაწილზე გადავიდა, გამიღიმა და მითხრა:
– ახლავე უნდა ჩახერგო გონებაში ის სამყარო, რომელიც გასაქცევად გაქვს შემონახული. ჩახერგო ისე, რომ იქ ვეღარასოდეს შეაღწიო. ეს არის ერთადერთი, რაც აგაცილებს ღმერთთან პაექრობას.
– ყველაფერი გასაგებია. – ჩავილაპარაკე თავდახრილმა და ვაღიარებ, რომ მაშინ მთლიანდ ვერ ჩავწვდი იმ დიდებული მღვდელმთავრის შეგონებას. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მე დავრჩებოდი სასულიერო საზოგადოებაში და საერო ცხოვრებაში ამდენ ტანჯვა-წამებას ავცდებოდი. დღესაც არ ვიცი, რატომ მებადებოდა კითხვები, რომლებიც ჩემს ეკლესიის მიღმა შესაძლო ცხოვრებას ეხებოდა. ვფიქრობ, რომ ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ ასე უნდა მომხდარიყო და უკანასკნელი კითხვა დავუსვი მღვდელმთავარს:
– მეუფე, ერთხელ უკვე გკითხეთ და არ მინდა, იფიქროთ, რომ მე ახლა ასე ვფიქრობ, მაგრამ თუკი მაინც მოხდა და არ მოხერხდა ჩემი ბერად კურთხევა, როგორ უნდა ვიცხოვრო იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც არ მიმიღეს?
მეუფე თადეოზი ცოტა დიდხანს ჩაფიქრდა. მე კი ისეთი განცდა დამეუფლა, რომ თითქოს ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან პასუხს ველოდი. მღვდელმთავარი უეცრად მომიბრუნდა და ასეთი რამ მითხრა:
– კარგი, ახლა სხვა კუთხით შეგახედებ ამ ყოველივეს: რადგან მე შენში დავინახე ღვთისგან უხვად მადლმონიჭებული შემოქმედებითი უნარი, ეს მაძლევს იმ დასკვნის საშუალებას, რომ შენც იმავე გზას გაივლი, რაც შენმა წინამორბედებმა გაიარეს კაცობრიობის ისტორიაში. ანუ რას ნიშნავს ეს? საზოგადოების თითოეული წევრი, საკუთარი არსებობისთვის ქმნის მატერიალურ დოვლათს, რომ მას ჰქონდეს საკვები, თავშესაფარი და სხვა საარსებო საშუალებები. მათგან განსხვავებით, შენ ქმნი სულიერ საგანძურს და მატერიალურზე ფიქრს მხოლოდ მაშინ იწყებ, როცა გშია, გცივა, გწყურია და მიუსაფარი ხდები, მაგრამ ფიქრს იწყებ არა მის შექმნაზე, არამედ მის მოპოვებაზე. რატომ დაიხოცნენ დიდი კლასიკოსები შიმშილში და გაჭირვებაში? რა, მათ გონება არ ეყოთ, საარსებო წყაროს შექმნისთვის? არა. ისინი, უბრალოდ, ვერ მოსწყდნენ თავიანთ ულამაზეს სულიერ სამყაროს, რითაც ყოველი მათგანი საფრთხესაც კი უქმნიდა საკუთარ სიცოცხლეს. ეს იყო მათი ცხოვრებაც და მათი არჩევანიც. ამიტომ, თუკი ოდესმე დადგები ასეთი დილემის წინაშე, იფიქრე, რომ ეს გადაწყვეტილება შენ გეკუთვნის. ამასობაში, სხვათა მსგავსად, შენც შესთავზებ შენს თანამედროვეებს საკუთარ ნაწარმოებებს და მზად იყავი, რომ ისინი ამას არ მიიღებენ. რატომ? იმიტომ, რომ რამდენიმე ფურცლის წაკითხვის შემდეგ, დახურავენ წიგნს და იტყვიან – ეს მოჩვენებითი, ილუზიური სამყაროა და რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ხოლო, როდესაც გაივლის წლები და თითქოს დავიწყებას მიეცემა ჭეშმარიტი შემოქმედიც და მისი ქმნილებებიც, მომავლის ერთი ჭკვიანი მკითხველი შემთხვევით აიღებსიმ „დაწუნებულ“ წიგნს და ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავს. შემდეგ, მეორე ასეთის ხელში მოხვდება და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ამგვარი მოაზროვნე ხალხის მეშვეობით არ ჩამოყალიბდება საერთო აზრი კონკრეტული მწერლისა და მისი წიგნების მიმართ. ამას დიდი დრო და თაობათა ცვლა შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ ამის მიზეზი, გარკვეულ კანონზომიერებაზე მიგვანიშნებს. აი, როგორ გამოიყურება ის: ყოველი ადამიანი, რა პროფესიისაც არ უნდა იყოს, ქვეცნობიერად ფიქრობს საკუთარ სულიერ სრულყოფილებაზე. მან იცის, რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამიტომ, საერთო ფეხის ხმას აყოლილიეს ჩვეულებრივი ადამიანიც წაიკითხავს და აღმოაჩენს, რომ მწერალი სულიერი სრულყოფილებისთვის მზა რეცეპტს სთავაზობს თურმე. საბოლოოდ, ადამიანები აღიარებენ იმას, რომ თუ მათი უმრავლესობა მატერიალურ დოვლათს ქმნიდა საკუთარი თავისთვის, ჭეშმარიტი შემოქმედი სულიერ საზრდოს ქმნიდა მათთვის. – მეუფე წამოდგა და სკამს ორი ნაბიჯით მოშორდა. მეც ავდექი და მის გვერდით დავდექი. – ბოლოს იმას გეტყვი, რომ არ გირჩევ ასეთ მოწამეობრივ ცხოვრებას. დარჩი აქ. და თუ მაინც გააკეთებ მაგ არჩევანს, ხშირად დადგები იმ დილემის წინაშე – გაცვალო თუ არა შემოქმედებითი უნარი პურში. გახსოვდეს, რომ უფალი იმდენ ტანჯვას არ მოგივლენს, რომ ვერ აიტანო. არასოდეს იფიქრო, რომ ღვთისგან ბოძებული ჯილდო, ხორციელი არსებობისთვის დათმო, თორემ ის ჯილდო გექცევა სწორედ სასჯელად. – მეუფემ მხარზე ხელი დამადო. – დღეისათვის, მგონი, ბევრიც კი გითხარი. ჩვენ გვექნება დრო, ამ ყველაფერზე სასაუბროდ. ახლა კი, ლოცვისთვის მოვემზადები. მე ვატარებ დღეს ლოცვას და თუ დამეხმარები, კარგი იქნება.
– სიამოვნებით, მეუფე! – ამოვიძახე უმალ და მადლიერების გამოსახატავად, თავი დავუხარე.
მღვედელმთავარი ტაძარში შევიდა. მე კი ცოტა ხნით დავრჩი ჩემს ფიქრებთან. ვიდექი მარტო და ვფიქრობდი, რომ ამ დიდებულმა ადამიანმა, ხელის გულზე გამიშალა ჩემთვის უცნობი ცხოვრება და მისი საფრთხეებიც გამაცნო. და პირველი, რომელიც მეუფის წასვლის შემდეგ ვიფიქრე ის იყო, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, არასოდეს არ მიმემართა უფლისთვის პრეტენზიული კითხვებით და გონებაში ჩამეხერგა ის ადგილი, რომელიც ამისკენ მიბიძგებდა. მართალია, ეპისკოპოსის შეგონებიდან ყველაფერს ზედმიწევნით ვერ ჩავწვდი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, რადგან გვერდით უკვე ძალიან ჭკვიანი და კეთილშობილი გულშემატკივარი მყავდა. ამ ფიქრებში ჩაძირული, რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ გაივლიდა ოთხი ათეული წელი და იმ ადგილზე, სადაც მეუფე თადეოზმა, სრულიად ყმაწვილი კაცი ცხოვრების სიბრძნეს მაზიარა, ემიგრაციიდან დაბრუნებული, ხნეს მიტანებული და ცხოვრებისგან განადგურებული, სანთლით ხელში, მუხლმოყრილი ვიდგებოდი მისი საფლავის ქვასთან და მის სულს შენდობას ვთხოვდი. შენდობას ვთხოვდი იმისათვის, რომ სწორად ვერ მოვეკიდე მის რჩევას და არ გავხდი სასულიერო პირი, რისთვისაც მივიღე სულიერი და ხორციელი სატანჯველი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.
ლოცვა დამთავრდა. ეპისკოპოსი თადეოზი სიონის ტაძრიდან გამოვიდა და კიბეებს (მაშინ პირდაპირ ადიოდა კიბე) აუყვა. ზარები გამალებით რეკდა. მე მას უკან მივყვებოდი. კიბეზე თავდახრილი ხალხი იდგა, ძირითადად ქალები. მეუფე ყოველ მათგანს პირჯვარს სახავდა და თავზე ხელს ადებდა. ერთ-ერთი ქალბატონი, მეუფის ხელსორივე ხელით ჩაეჭიდა და თავისკენ მიიზიდა, რათა მთხვეოდა მას. ცოტა უხეშად კი გამოუვიდა და მეუფემაც არ დააყოვნა და ხელი გააშვებინა. მასაც დასჭირდა პატარა ძალისხმევა ამისათვის, რამაც გარკვეული უხერხულობა შექმნა. მე ყველაფერი კი კარგად დავინახე, მაგრამ ვერ გავიგე, რა მოხდა. უეცრად ქალმა დანანებით ამოთქვა:
– მე მინდოდა, თქვენს წმინდა ხელს ვმთხვეოდი.
მომეჩვენა, რომ მეუფემ ყელში მომენტალურად ამოჩრილი ბურთი გადაყლაპა, წამებში თავს ძალა დაატანა და ქალს ასე მიმართა:
– ქალბატონო, თქვენ ფიქრობთ, რომ მე თქვენზე აღმატებული ვარ? მეც ისეთივე ცოდვილი ვარ, როგორც ჩვეულებრივი სხვა ადამიანი შეიძლება იყოს. ჩვენს შორის ქრისტეა და ჯობია, მეც და თქვენც მას ვემთხვიოთ. – მან ჯვარი გაუწოდა, რომელსაც ჯერ დაბნეული ქალბატონი ემთხვია, ხოლო შემდეგ თვითონ მეუფე.
ეს მოვლენა მაშინ ვერაფრით ავხსენი და ეპისკოპოსის ასეთი ქმედება, ქრისტიანული წესის დარღვევადაც კი მომეჩვენა, მაგრამ, როდესაც მისი ხასიათის თავისებურება კარგად შევიცანი, მივხვდი, რომ მას არ სურდა, საკუთარი თავის სხვაზე მაღლა წარმოდგენა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მე მისი სახით, საქმე მქონდა ძალიან უცნაურ ფენომენთან.
მეუფე თადეოზი მეორე დღეს თავის ეპარქიაში გაემგზავრა. დამშვიდობებისას მითხრა, რომ ერთ კვირაში დაბრუნდებოდა. საპატრიარქოში შემობრუნებისთანავე, საშინელი სიცარიელე ვიგრძენი და გონებაში მომდევნო დღეებს თვალი გადავავლე. მოლოდინის რეჟიმი უმტკივნეულოდ რომ დამეძლია, გადავწყვიტე, რომ მონასტერში მარტო ყოფნისას, მგლების, ტურებისა და აფთრების ღამეული ხმაურის ფონზე შექმნილი ჩანაწერები გამესწორებინა და მეუფესთვის წამეკითხა. მოკლედ, ამ მუშაობაში დრომ სწრაფად გაირბინა და მეუფე თადეოზიც დაბრუნდა. არის განსაკუთრებული სიხარულით დატვირთული დღეები, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრება ამახსოვრდება. ასეთი იყო ის დღე ჩემთვის, როცა მეუფე თადეოზმა, ფურცლებზე დაწერილი ჩემი ემოციური მოგონებებით ხელში, მთელი საპატრიარქო შემოიარა და ბოლოს, პატრიარქსაც კი წაუკითხა. კორიდორში ვიდექი, როდესაც მეორე სართულიდან ჩამოსული ერთ-ერთი დედაო მომიახლოვდა და ჩუმად მითხრა – უწმინდესი გიხმობსო. პატრიარქის მისაღებ ოთახში რომ შევედი, მეუფე თადეოზიც იქ ბრძანდებოდა და ხელში ჩემი ჩანახატები ეჭირა. როგორც კი კარი მივხურე, პატრიარქმა ღიმილით მომმართა:
– თამაზი, ძალიან მომეწონა შენი ხედვა, მაგრამ იმას ვფიქრობ, აფთრებმა ხომ არ შეგაშინეს, ქალებივით რომ კისკისებენ?
ყველას ერთად გაგვეცინა. არადა, მართლა მქონდა ერთ ღამეს ასეთი შემთხვევა. მე არ ვიცოდი, ამგვარ ხმებს თუ გამოსცემდნენ და იმ ღამეს დიდი შიშის დაძლევა მომიხდა საკუთარ თავში. ჩემი კელიის კარიც კარგად არ იხურებოდა და მაგიდას ვადგამდი ხოლმე დაძინებისას. მაშინ დილამდე თვალი არ მომიხუჭავს, კარზე მიმდგარ მაგიდაზე ვიყავი ჩამომჯდარი.
მხიარულმა წუთებმა რომ გაიარა, პატრიარქი მიუბრუნდა მეუფე თადეოზს და უთხრა:
– მეუფე, მძიმე მარხვა რომ დაიწყება, თამაზი და შოთა (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე) წაიყვანე ბეთანიის მონასტერში. იქ იქნებიან გარკვეული დროით და სანამ მარხვა დამთავრდება, ჩამოიყვანე და მე თვითონ ვაკურთხებ ორივეს ბერად. სახელებიც კი შერჩეული მაქვს მათთვის, მაგრამ ახლა არ გეტყვით. – კიდევ გაგვეცინა ყველას და ასე დამთავრდა ის დღე. დღე, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემს შემდგომ აზროვნებაზე და, რომელიც ეულად ატრიალებული ფიქრის სახით, მეგზურად დამყვებოდა მთელი ცხოვრება.
მეორე დღიდან ჩვეული რეჟიმით გაგრძელდა ყველაფერი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მე დაძაბული ველოდი მძიმე მარხვის დადგომას, რომელიც არც თუ ისე შორს იყო. არაფერზე აღარ ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ ძალიან მალე, მე უნდა შევმოსილიყავი ბერის სამოსით. ერთ დღეს, მეუფე თადეოზი კვლავ ჩამოვიდა თავისი ეპარქიიდან. ბუნებრივია, ძალიან გამიხარდა, რადგან ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც უკვე სულიერ ახლობლად მიმაჩნდა. პატარა გასაუბრების და მიკითხვა-მოკითხვის შემდეგ (ისე, ყოველთვის მეკითხებოდა – ახალი ხომ არაფერი დაწერეო და წამაკითხებდა ხოლმე), მითხრა, რომ ერთ ადგილზე გავყოლოდი.
– ერთი კარგი კაცი მყავს სანახავი. იქნებ რამე გვაჩუქოს და შენც გიწილადებ. ფული გექნება, ქალაქში გაივლი და სანამ ბერის კაბას გადაიცვამ, საერო პირის სახით, კიდევ ერთხელ გადაავლებ ქვეყანას თვალს.
ქალაქგარეთ გავედით და ერთი უზარმაზარი და შემოფარგლული ტერიტორიის ეზოში შევედით, სადაც საწყობების ტიპის ერთსართულიანი შენობები იყო ჩამწკრივებული. მეუფემ დირექტორი იკითხა და დაცვამ შედარებით გამოკეთებული შენობის ერთ-ერთ კარამდე მიგვაცილა. კარი რომ გამოვხსენით, მაგიდასთან მჯდომმა ახალგაზრდა კაცმა დაგვინახა, რომელიც სწრაფად წამოდგა და შემოგვეგება. ძალიან გაუხარდა მეუფე თადეოზის დანახვა და დანანებითაც კი უთხრა – დიდი ხანია, არ გამოჩენილხართ და ხომ კარგად ხართო?
– არასდროს მიყვარდა ადამიანებისთვის თავის მობეზრება და ახლა ხომ ვეღარ შევიცვლები?! – მიუგო მეუფემ ღიმილით და მამაკაცს სანთლები და პატარა ხატები მიაწოდა.
– უღრმესი მადლობა. – წარმოთქვა გახარებულმა ჩვენმა მასპინძელმა და საჩუქრები თავისი მაგიდის თავისუფალ ადგილზე დაალაგა. შემდეგ მიბრუნდა და სეიფი გამოხსნა. იქიდან რაღაც გამოიღო, ჩვენსკენ წამოვიდა და მეუფეს წინ დაუდო. – ეს არის ჩემი მცირედი დახმარება ეკლესიისა და ღვთის გაჭირვებული შვილებისთვის. – თქვა მოკრძალებული ტონით ოდნავ თავდახრილმა კაცმა და ჩვენს წინ ჩამოჯდა.
ბუნებრივია, მე იქვე ვიყავი და ყველაფერს ვხედავდი. მაგიდაზე იდო მსხვილი კუპიურებით წარმოდგენილი საკმაოდ სერიოზული თანხა. მის დანახვაზე, რაღაც მომენტში, მეუფე უხერხულადაც კი ჩავარდა, მაგრამ სწრაფადვე დაიბრუნა მშვიდი მდგომარეობა და მამაკაცს მიმართა:
– ეს არის მაქსიმუმი, რისი გაღებაც შეგიძლია?
კაცმა ჯერ გაოცებით შეხედა ეპისკოპოსს და შემდეგ უმალვე დაღუნა თავი. ვერ ჩასწვდა შეკითხვის არსს, ძალიან დაიბნა და არ იცოდა, რა ეპასუხა. მაშინ მღვდელმთავარმა კითხვა ასე შეუბრუნა:
– ჩემო მეგობარო და ძმაო, მე გკითხე და მაინტერესებს, ეს არის თუ არა შენი მაქსიმუმი და მეტის გაღების შემთხვევაში, დაზარალდება თუ არ შენი ოჯახის ბიუჯეტი?
მამაკაცი ცოტა გამოგონდა და ძლივს გასაგონი ხმით ამოილუღლუღა:
– რამდენიც შემძლო, მეუფე, და, რაც შემეძლო, იმდენი გავიღე.
– გასაგებია… ეგ მაინტერესებდა, მეტის გაღებისას, რა მოხდებოდა. – სიცილით უთხრა მეუფე თადეოზმა და შედარებით სერიოზული ტონით დაამატა. – ახლა კარგად მომისმინე!
დაბნეულმა კაცმა, როგორც იქნა, თავი ასწია და საცოდავ დღეში ჩავარდნილი ადამიანის თვალებით მიაჩერდა ეპისკოპოსს:
– გისმენთ, მეუფე! – კვლავ ძლივს ამოთქვა მან.
– მე რომ აქედან გავალ, ათიოდე წუთში, ხეიბარი რომ მოგადგეს, უხელო, ან უფეხო და ხელი გამოიწოდოს შენსკენ, რას იზამ, გაიკითხავ?
– რა თქმა უნდა. – გამოცოცხლდა ჩვენი მასპინძელი.
– კარგი. – განაგრძო მეუფემ. – იმ ხებარის გასვლის შემდეგ, რომელსაც დაეხმარები, პატარა, მშიერ ბავშვებთან ერთად, ქვრივი ქალიც რომ მოგადგეს და მანაც ხელი გამოგიშვიროს, რას იზამ?
– მასაც დავეხმარები, დაუნანებლად დავეხმარები. – წამოიძახა უკვე ანთებულმა კაცმა იმ თვალებით, რომ თან არ იცოდა, რატომ უსვამდა სასულიერო პირი მას ასეთ შეკითხვებს.
– ვიცი, რომ დაეხმარები. ვიცი, რომ კეთილი ადამიანი ხარ და ყველას დაეხმარები. მე რომ არ ვიცოდე, შენ ვინ ხარ, შენთან არასოდეს მოვიდოდი ამ საკითხზე, მაგრამ როდესაც გავიგე, რომ შენ შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაიღე დღეს ჩემთვის, ამან დამაფიქრა.
– რატომ? – უკვე ინტერესით იკითხა შედარებით, დამშვიდებულმა კაცმა.
– რატომ და, ამის შემდეგ გაღებული ყოველი კაპიკი, შენი საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა გავიდეს. – მღვდელმთავარი სახეზე აკვირდებოდა თავის მასპინძელს, რომელიც, თავის მხრივ, ინტერესით შეჰყურებდა ძვირფას სტუმარს.
– მაგაზე ნუ იფიქრებთ, მეუფე.
– მაგაზე მე თუ არ ვიფიქრე, სასულიერო პირმა, ვინ უნდა იფიქროს, აბა?!. – ჩაილაპარაკა მეუფე თადეოზმა და განაგრძო. – არავინ იცის, ვის როგორ და როდის გამოსცდის უფალი. ამიტომ, ჩვენი აქედან გასვლის შემდეგ, შენ რომ მოგადგეს ორი, სამი, ან ხუთი გაჭირვებული ადამიანი, ვიცი, არაფერიც რომ აღარ დაგრჩეს, მაინც ბოლომდე გაიღებ ყველაფერს, მაგრამ ქვეცნობიერი შეგაწუხებს.
– როგორ თუ? – ვერ გაიგო კაცმა.
– როგორ და, გაფიქრებინებს – მეუფესთვის ცოტა ნაკლები რომ მიმეცა, ამ ყველაფერს ხომ უმტკივნეულოდ გავართმევდი თავსო.
– რას ამბობთ, ასეთ კაცად მიცნობთ, მე ეგ ვიფიქრო?
– მასეთ კაცად რომ არ გიცნობ, იმიტომ მენანები. – მეუფე თადეოზმა პატარა პაუზა გააკეთა და განაგრძო. – ჩვენი ქვეცნობიერი, ხშირად ჩვენივე სულის წინააღმდეგ მომართული ეშმაკის იარაღია, რომელსაც ძნელად თუ დაეხსნება ვინმე. ამიტომ, ჩვენი, როგორც ღვთის მოყვარული და მოაზროვნე ადამიანების ვალია, მას ასეთი მოქმედების არეალი არ მივცეთ. – მღვდელმთავარმა მაგიდაზე დადებული ფული აიღო, ვარაუდით შუაზე გაყო და შედარებით უფრო დიდი ნაწილი იმ კაცის მხარეს გადადო. – შენ მადლიანი და ძვირფასი ადამიანი ხარ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს კარგად გაიგებ. ეს ფული ახლა შუაზე გავყოთ. ჩემთვის ეს ნახევარიც ძალიან ბევრია და გაცილებით მეტი მშიერის დაპურების საშუალებას მომცემს. შენ კი, ჩემი გასვლის შემდეგ, თუ მოგადგება ხეიბარი, ქვრივი, ობოლი და მიუსაფარი, უფრო იოლად შეძლებ მადლის ქმნას, რითაც ქვეცნობიერს არ მისცემ საშუალებას, შენივე სიკეთის წინააღმდეგ თუნდაც ერთხელ მაინც გაფიქროს.
არასოდეს დამავიწყდება იმ კაცის აწყლიანებული თვალები, რომელიც ძალიან შორს იყურებოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეორე დღიდან, ის გაცილებით მეტ მადლზე და სიკეთეზე იფიქრებდა და იმდღევანდელი ამბავი, სიცოცხლის ბოლომდე სულიერ საგზლად გაჰყვებოდა.
გაგრძელება იქნება
კომენტარები