“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ხელისუფლებაში მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე კომენტარის გაკეთებისას, ამბობს:
“დარწმუნებული ვარ, რომ ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, თქვენ კიდევ შეიძლება უამრავი რაღაც ამგვარი ინფორმაცია მოიგონოთ, რომელსაც ფაქტად გაასაღებთ. უცვლელი არაფერი არ არის, ყველაფერი შეიძლება რაღაც ეტაპზე შეცვალოს და ეს თქვენი წინასწარ აგორებული კამპანიები მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, რომ ადამიანებში გააჩინოთ განცდა გარკვეული არეულობის ან დაპირისპირების, ან რაღაც მსგავსი მოტივის. გუნდში დაპირისპირება არ არსებობს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ესე შეწყობილი და ესე უპრობლემოდ ჩვენს გუნდში რაღაც ნამდვილად არ მახსენდება არცერთი პერიოდი”
ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში “ქართულ ოცნებას” ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დატოვებს და ეროვნულ ბანკში გადავა. ის სავარაუდოდ, კობა გვენეტაძის მოადგილე გახდება. ეკონომიკის მინისტრის პოსტს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაიკავებს.
ნინო წილოსანის კომენტარს “მთავარი არხის” ავრცელებს.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, მასზე “ალია” ორიოდე კვირის წინ წერდა:
“დავითაშვილის მისამართით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი არარეალურად გაძვირდა და ხორბლის ექსპორტთან დაკავშრებით სერიოზული კითხვები გაჩნდა. მოგეხსენებათ, მცურავი ბაჟის გამო, ხორბალი გაძვირდა და ყველა წისქვილკომბინატი დახურვის საფრთხის პირასაა. მეწარმეებმა დავითაშვილს “რაღაცის” მოფიქრება შესთავაზეს და ის, რაც მან მოიფიქრა, პურის მზა ფქვილზე ბაჟის გაზრდაა. ანუ, დავითაშვილის უწყება იმას კი არ ცდილობს, ხორბლის შემოტანის გზები გააიოლოს, არამედ ფქვილზე ზრდის ბაჟს, რაც ავტომატურად გამოიწვევს პურის ფასის გაზრდას და თანაც მთელი 30 თეთრით, რაც “ოცნების” ისედაც მყიფე რეიტინგს საგრძნობლად დაარტყამს. კულუარულად ამბობენ, რომ დავითაშვილი ფქვილის შემომტანებს ვერ ერევა და ეს მონოპოლიზირებული სფერო საქართველოში ერთ-ერთი მძლავრი “კრიშით” სარგებლობს. ჰოდა, სავარაუდოდ ამ “კრიშასთან” ბრძოლაში მარცხდება მინისტრი, თუმცა ხალხს ამით სარგებელი არ ექნება – გაზაფხულისთვის პურის კიდევ ერთხელ გაძვირება ძალიან რეალურია.“
კომენტარები