ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე.
–დევნილებმა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის ზღვასთან მდებარე ყოფილ სანატორიუმში და ამჟამად, სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა, საპროტესტო აქციები დაიწყეს. ეს ხალხი მართლა აუტანელ, ადამიანის ღირსებისთვის შეურაცხმყოფელ პირობებში ცხოვრობს. როგორ შეაფასებთ 53 წლის ზურაბ ქირიას ტრაგიკულ ამბავს და ზოგადად, დევნილთა მძიმე ყოფასა და მდგომარეობას?
– დევნილები ცდილობენ თავი გადაირჩინონ ფიზიკურად. აქ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე არაა საქმე. საცხოვრებელი პირობები რომ გაიუმჯობესო, ჯერ ის უნდა გქონდეს. დევნილებს კი საცხოვრებელი პირობები, უბრალოდ, არ აქვთ. ისინი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში იმყოფებიან, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ტრაგედია. მითუმეტეს, რომ ყველას გვახსოვს ბათუმის ტრაგედია. ღმერთმა დაიფაროს და რამე რომ მოხდეს, ვინ აგებს პასუხს? შემდეგ მიტანილი ყვავილები და სამძიმარი უშველის? ზურა ქირიას ოჯახს სამძიმარი შეუმსუბუქებს მდგომარეობას? მითუმეტეს, რომ ის სამძიმარიც ვერ გაიმეტა ირაკლი ღარიბაშვილმა. მშიშარა კაცია. არც პრემიერად არ ვარგა და არც ადამიანად. ცხოვრებამ, უსამართლობამ და უიმედობამ ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ადამიანი, რომ გადაწყვიტა თავი მოეკლა. სათქმელად და წასაკითხად მარტივი სიტყვებია თითქოს, მაგრამ აბა, თავი წარმოიდგინონ მის ადგილზე. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ შევძელით ადამიანის გადარჩენა. თითქოს ჩვენ განა რა შეგვეძლო, მაგრამ საზოგადოების ყველა წევრს, ერთმანეთის მეტი სოლიდარობა და ურთიერთგატანა გვმართებს ზოგადად. ღრმად მჯერა იმის, რომ ერთიანობით, თანადგომით შეგვიძლია ადამიანების ხსნა, ვიდრე ყველაზე უკიდურეს მდგომარეობაში მივლენ. ისიც ნათელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობას, უპასუხისმგებლობას, გულგრილობას აქვს ადგილი და მეტიც – დამნაშავე ხელისუფლება გვყავს, რომელიც დამნაშავეა ხალხის გაღატაკებაში, ქვეყნის ჩამოშლაში, ყველა მიმართულებით კრიზისის შექმნაში და ადამიანების სასოწარკვეთილების უმაღლეს გამოვლინებამდე მიყვანაში.
– ხელისუფლება ტრადიციულად შეეცადა, რომ დევნილთა ეს სოციალური პროტესტი პოლიტიკურად შეეფუთა – პროტესტი „ნაცმოძრაობის“ მიერაა აგორებულიო და კონკრეტულად, ზვიად კუპრავას დააბრალა, ფარულად მუშაობდა დევნილებთან, რომ ქუჩაში გამოეყვანა ხალხიო. არადა, ამ ვერსიის არაერთგზის გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზვიად კუპრავას სასტუმრო „ქართლში“ მეგობარი ჰყავს და მხოლოდ მასთან სტუმრობდა რანდენჯერმე, აქციებთან შეხება არ ჰქონია. სადამდე შეიძლება ყველა პრობლემის პოლიტიზირება, სხვისთვის გადაბრალება და ამ ხელისუფლების უნამუსობას, საერთოდ, გააჩნია საზღვარი?
– დევნილთა პროტესტის ორგანიზატორები არიან თავად დევნილები. ნურავის ნუ დააბრალებენ და ნურავინ ნუ დაიბრალებს ორგანიზატორობას. არაერთხელ ვარ ამ აქციებამდე ამ ლოკაციაზე ნამყოფი, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო ავარიული ეს შენობა და დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა იმ ზომამდე, რომ ახლა უკვე ყოველი ღამის გათენება დიდი რისკია, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დევნილთა, ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს დევნილების მოთხოვნების დაკმაყოფილება და პრევენცია მოახდინოს, სანამ ჩამონგრეულა შენობა. სახელები აქვთ ამ უწყებებს უშველებელი, ბიუჯეტიც არანაკლები, მაგრამ მადაც კარგი აქვთ ჩინოვნიკებს, როგორც ვხედავთ და ჯერ საკუთარი ჯიბეების გასქელებით და ხელფასების გაზრდით არიან დაკავებულები. ხო მართლა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არ დაგვავიწყდეს. დიახ, ისინი არსებობენ, 18 მილიონზე მეტია მათი ბიუჯეტი, არც სახელფასო ბიუჯეტის ნაკლებობას უჩივიან და ახლა, როცა წესით გვერდში უნდა ედგნენ დევნილებს და მათ ინტერესებს იცავდნენ, სირაქლემებივით იმალებიან. დავით ფაცაცია კი მივიდა ყოფილ სანატორიუმ ,,ქართლში“, მაგრამ ვაი, ასეთ მისვლას, ჯობდა სულ არ მისულიყო. მივიდა, კისერი წაიგრძელა და შენობით ნუ მელაპარაკებით, თქვენობით მომმართეთო, მიახალა დევნილებს. ამიტომაც გამოაგდეს იქიდან კინწისკვრით აქციის მონაწილეებმა. ეს კლასიკური მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს საჯარო მოხელე. ამათ ავიწყდებათ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხის მიერ არიან დაქირავებულები, ხალხი უხდის ხელფასს იმაში, რომ მათ მოემსახურონ ჯეროვნად. ესენი კიდე ზევიდან გადმოჰყურებენ ადამიანებს, გეგონება, რამეს წარმოადგენდნენ. აევსო ხალხს მოთმინების ფიალა. დევნილები კიდევ კარგად ითმენდნენ ამდენ ხანს. 30 წელია ბინებს ელოდებიან. 30 წელი, მთელი ცხოვრებააა. ბევრი მათგანი ისე გარდაიცვალა ამ ლოდინში, რომ კუთვნილ ბინას ვერ ეღირსა. მავანთ, მგონი, ავიწყდებათ ან უგუნურობით მოსდით ეს დამოკიდებულება დევნილების მიმართ, დევნილები იძულებით გადაადგილებული პირები არიან, მათ გგონიათ უხარიათ დევნილის სტატუსი? უხარიათ კი არა, ამ ხალხმა რა სიმწარეც გამოიარა, მტერს არ უნდა უსურვო. საკუთარი ცხოვრება მოპარეს ამ ადამიანებს. იძულებით დაატოვებინეს სახლ-კარი. მოუკლეს ნათესავები, ოჯახის წევრები. ვინც გადარჩა, რის ფასად გადარჩა და რა გზა გამოიარა, აქამდე რომ მოსულიყო, წარმოგიდგენიათ? მას შემდეგ ეს ხალხი არსებობისთვის იბრძვის. დიახ! სახელმწიფო ვალდებულია ამ ადამიანებს უპატრონოს! ის კი არაა საქმე, 45 ლარი რომ აქვთ წლებია დევნილის შემწეობა. ისიც ყველას არა. მხოლოდ მათ, ვისაც 1250 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი. ხოლო მათ, ვინც უკიდურეს სიღარიბეშია და სოციალურად დაუცველის სტატუსიც აქვს, საარსებო შემწეობის თანხას და დევნილის შემწეობას, ორივეს ერთდროულად არ აძლევენ. ეტყობა ბევრი მოუვათ 45 ლარი და 60 ლარი ერთად, სულ რაღაც 105 ლარი ერთ ადამიანზე. სირცხვილია ასეთი კანონები რომ გვაქვს. 45 ლარი ჩვენი ჩინოვნიკებისთვის ერთი ფინჯანი ყავის საფასურია. ასამდე მისამართია, სადაც კომპაქტურად არიან დევნილები ჩასახლებულნი, საცხოვრებლად მძიმე პირობებია, ბევრგან კი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაც კი, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებითაც დასტურდება, მაგრამ „ოცნების“ მთავრობა დაბრმავდა და დაყრუვდა.
– თქვენი აზრით, როგორ უნდა გადაწყდეს დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების საკითხი ისე, რომ ეს 30 წლიანი პრობლემა მოიხსნას დღის წესრიგიდან? მესმის, რომ ამას სოლიდური თანხები სჭირდება, ისიც მესმის, რომ ყველა დევნილს ერთ თვეში და ერთ წელიწადში ვერ დააკმაყოფილებენ ბინებით. რა და როგორ უნდა გაკეთდეს? კონკრეტულად, რომელმა უწყებამ თუ უწყებებმა უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი და როგორ?
– საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები ერთობლივად. კეთილი ინებონ და თავად შეისყიდონ ბინები და ის გადასცენ. დევნილებს სთხოვენ, 1 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი 550 დოლარად თავად იპოვნონ, უკვე აშენებულ , ექსპლუატაციაში მიღებული საცხოვრებელში. მერე მეპატრონემ დევნილს უნდა მიჰყიდოს და აუცილებლად გადაუფორმოს ეს ბინა, მას სიტყვაზე უნდა ენდოს, რომ 20 დღეში სამინისტრო ჩაურიცხავს სრულად ბინის ღირებულებას თანხას. ეს რა ბიუროკრატიაა? ვის აწყობს ეს პირობები? ჰოდა, კეთილი ინებონ და თავად მოახდინონ შესყიდვა და მერე გადაანაწილონ ბინები დევნილებზე. პრიორიტეტი უნდა იყოს ეს საკითხი და რესურსიც და გზებიც გამოინახება. მეასეხარისხოვანი რომაა ეს თემა, იმიტომაც გაიწელა ამდენ ხანს ეს პროცესი.
– ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები, დევნილები ბინებს მოითხოვენ თუ არა, პატარა პროტესტი თუ გაჩნდება ამის საფუძველზე, მაშინვე იმას აცხადებენ, რომ არა ერთ დევნილს 2, 3 და 4 ბინა აქვს მიღებული. მათგან ზოგმა გაყიდა ეს ბინები და ზოგს გაქირავებული აქვს. ეს მართლა ასეა და ვფიქრობ, დანაშაულია, მაგრამ ვინ უნდა გამოარკვიოს ეს, სავარაუდო დანაშაულის შემცველი ფაქტები? ხელს სხვისკენ რატომ იშვერს ხელისუფლება, როდესაც ეს სავარაუდო კორუფციის ფაქტები მისი გამოსაძიებელია? რას გვეუბნება ამით ხელისუფლება?
– ამით ახდენს დევნილი საზოგადოების დისკრედიტაციას. რომ კიდევ უფრო დააშორონ დანარჩენ მოქალაქეებს და ნაკლები სოლიდარობა იყოს მათ მიმართ, რომ მერე უფრო მარტივად ჩაახშონ ეს პროტესტის კერები. უკაცრავად, მაგრამ თუ ვინმეს 3-4 ბინა აქვს უსამართლოდ და უკანონოდ მიღებული, მე მივეცი? მე ვარ დამნაშავე? თვითონ არ გასცეს? ჰოდა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას ამ ყბადაღებულ თემას წერტილი. გამოძიებით კი, ვფიქრობ ამათ არაფრის გამოძიების სურვილი არ აქვთ, მაგრამ შემდეგმა მთავრობამ მაინც უნდა გამოიძიოს ეს საკითხი და დაიდოს შედეგი საბოლოოდ.
კომენტარები