თურქეთში 2020 წლის ნოემბერში კოვიდით დაინფიცირებული კაცი ამ დრომდე კოვიდდადებითია და კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია NTV იტყობინება.
56 წლის მუზაფერ კაიასანს, რომელიც სტამბოლში ცხოვრობს, ლეიკემია აქვს. 2020 წლის ნოემბერში მას კორონავირუსი დაუდასტურდა და მას შემდეგ ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. კაიასანმა უკვე 78 PCR-ტესტი ჩააბარა. თავის დაზღვევის მიზნით ის ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტზე უარს ამბობს და იზოლირებულად ცხოვრობს.
„ექიმები მეუბნებიან, რომ კორონავირუსი კვლავ ჩემს ორგანიზმში რჩება, თუმცა გადამდები აღარ ვარ. თუმცა ჩემი ავადმყოფობის გამო გარე სამყაროსთან კონტაქტი არასასურველია და ამიტომ კარანტინში ვრჩები“, – ამბობს მუზაფერ კაიასანი.
ექიმების განცხადებით, ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ პაციენტის იმუნური სისტემა ძალიან დასუსტდა და მასთან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნება მხოლოდ პრეპარატების საშუალებით ხერხდება.
14 თვის განმავლობაში კარანტინში მყოფი მუზაფერ კაიასანი ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
კომენტარები