თამაზ ალავიძე
მეორე ნაწილი
ბეთანიის მონასტერში წასასვლელად მზადება ძალიან ადრე დავიწყე. ვიცოდი, სულ მცირე დრო მრჩებოდა ბერობამდე. სიმართლე გითხრათ, ბოლო დროს, შიში უფრო მიპყრობდა, ვიდრე სიხარული. ვფიქრობ, ალბათ, იმ განცდამ იმატა ჩემში, რომ ასეთ მცირე ასაკში, ვერ შევძლებდი ბერის მძიმე ჯვარის აწევას. ასე იყო თუ ისე, ის დღეც დადგა. მე და შოთა მარგალიტაშვილი (შემდგომში მეუფე კალისტრატე) პატრიარქმა გვიხმო, უკანსკნელად დაგვარიგა და ფული მოგვცა, სამარხვო პროდუქქტები რომ გაგვეყოლებინა მონასტერში. დიდი თოვლი იყო მაშინ მთაში მოსული და ერთ-ერთი მღვდლის ახალი ნივით გავემგზავრეთ მეუფე თადეოზთან ერთად. მანქანა პატარა სოფლამდე მივიდა და მონასტრამდე საკმაოდ დიდი მანძილი ფეხით უნდა გაგვევლო. სანამ თოვლი დაბალი და გახვეტილი იყო, მეუფე წინ მიდიოდა. სოფელს რომ გავცდით და თოვლმაც აიწია, მღვდელმთავარი მომიბრუნდა (მე უკან მივყვებოდი დიდი ჩანთით) და მითხრა:
– მე უნდა გამაკვალინო ამხელა თოვლი, ეპისკოპოს კაცს? მიეცი ეგ ჩანთა შოთას, არაფერი უჭირს და გამიძეხი წინ!
– გუშინ ლესელიძეზე რომ მივდიოდით და შენიშვნა მომეცით – სასულიერო პირს ნახევარი ნაბიჯით მაინც უნდა ჩამორჩებოდე სიარულშიო?
შოთას და მამაოს ერთდროულად გაეცინათ. მეუფე რომ შემობრუნდა და შეგვხედა, მასაც გაეცინა.
– არ გიშველის ახლა მაგ არგუმენტის მოშველიება! აბა, დროზე თორემ მე და მამა ნოდარი უკან ვართ წამოსასვლელი და დაგვაღამდება!
როგორც იქნა, მონასტრამდე მივაღწიეთ. ეპისკოპოსი წინამძღვარს ცალკე გაესაუბრა. შემდეგ ჩვენ დაგვმოძღვრა და მამა ნოდართან ერთად, უშველებელი მთის აღმართს შეუყვა.
ბეთანიის მონასტერი, გარკვეული მიზეზების გამო, დროზე ადრე დავტოვე, ანუ სიონის ტაძარში მხოლოდ შოთა აღიკვეცა ბერად. დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე თვეში ეკლესიიდან საერთოდ წამოსვლა მომიხდა. დღესაც არ ვიცი, სხვაგვარად უნდა მოვქცეულიყავი თუ არა. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, იქიდან წამოსულს, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს მარტოდმარტო დავრჩი სადღაც უკაცრიელ უდაბნოში, სადაც გზა არსად მიდიოდა. ეს ცალკე თემაა და ჩემს წიგნებში ბევრი რამ მაქვს ამის შესახებ წარმოდგენილი. წლების განმავლობაში, უამრავი წვალება და წამება გავიარე, რაც იმით დამთავრდა, რომ ფიზიკურად საწოლს მივეჯაჭვე. ვიგრძენი, რომ ჩემი საშველი აღარ იყო, ანუ არავის შეეძლო ადამიანთაგან ჩემი ხსნა. მეუფე თადეოზი მას შემდეგ აღარ მინახავს, რისი მიზეზიც მქონდა. ვფიქრობდი, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა მომიწევდა და უწინდელი საქმეების გახსენება აღარ მსურდა. ბევრი ვიწვალე, მაგრამ ერთი ადამიანის მეტი, არავინ მაგონდებოდა. ეს იყო მეუფე თადეოზი, რომელსაც შეეძლო ჩემი გადარჩენა.კუჭზე ახალი ნაოპერაციები, შიმშილისაგან უკვეგონებას ვკარგავდი. ბოლოს, ჩემი მეუღლის გასაგონად, ძლივს ამოვილუღლუღე, რომ როგორმე ხმა მიეწვდინა მეუფესთვის. 1997წლის 31 დეკემბერი იდგა. ჩემთვის, ალბათ, საათებიც კი დათვლილი იყო. ვფიქრობდით, რომ ჩვენი მცდელობის მიუხედავდ, ხმა ვერ მივაწვდინეთ მას. ამიტომ, ახალი წლის დადგომის მაგივრად, ჩემს სიკვდილს უფრო ველოდით. დაბინდებისას, ჩვენთან მეუფე მოვიდა. ყველაზე მეტად, ახლა, ამ ადგილზე გამიჭირდა წერა. ამას რომ ავერიდო, მკითხველს ვეტყვი: ინტერნეტში მრავალ ადგილას დევს ჩემი წერილი „სადილი მდიდართათვის,“ რომელიც პირველად 2007 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ დაიბეჭდა. იქ არის ასახული, თუ როგორ მიხსნა მეუფე თადეოზმა გარდაუვალი სიკვდილისაგან. ყველაზე მთავარი კი, იცით, რა იყო? მას შემდეგ, მთელი ჩვენი შემდგომი ურთიერთობის მანძილზე, არასოდეს, ვიმეორებ ამ სიტყვას – არასოდეს არ დაუსვია არცერთი კითხვა (რასაც ვერიდებოდი და ამიტომ არ ვუხმობდი საშველად), თუ რამ განაპირობა ეკლესიიდან ჩემი წამოსვლა და რა მოხდა. აი, კიდევ ერთი შტრიხი მისი დიდებული ბუნებისა, რომელსაც ვერავის და ვერაფერს დავადრი.
ფეხზე დავდექი, მაგრამ დუხჭირი ცხოვრება თავს არ მანებებდა. ერთ საღამოს, ღამის გასათევი ვერ მოვძებნე და დაღლილი, ქაშვეთის ტაძარში შევედი და სკამზე ჩამოვჯექი. ორი ბავშვობის მეგობარი მყავდა შემორჩენილი და ვცდილობდი, ისინიც არ დამეკარგა ჩემი გაჭირვების გამო, მითუმეტეს, მათაც ძალიან უჭირდათ ოჯახების რჩენა. ტაძარი რომ დაკეტეს, გარეთ გამოვედი და მის უკან, ბაღში ჩავედი. ხალხის სიარულიც ნელ-ნელა მიწყდა და დავრჩი დიდ გაფოთლილ ხესთან და მშვიდ ღამესთან ერთად. აღარაფერზე აღარ ვფიქრობდი, რადგან ეს უფრო მაღიზიანებდა. შუაღამე მოახლოებული იყო, რომ წვიმა წამოვიდა. მე იმ უზარმაზარი ხის ქვეშ გადავინაცვლე, დასველებისგან რომ მეხსნა თავი. აი, იქ ამერია გონებაში ფიქრები და ვეღარ მოვთოკე საკუთარი თავი. ჩემს თვალსაწიერში, ერთ წამში გაიშალა რეალური ცხოვრება, მთელი თავისი „მშვენიერებით.“ და პირველი, რაც აზრად ჩამომიყალიბდა ის იყო, რომ თურმე რა იოლი ყოფილა ყველაფერი. ხსენებული აზრი სათავეში ჩაუდგა ჩემს თავში აშლილ ფიქრთა არმიას და შემოქმედი ადამიანის გონების საზღვარი ადვილად რომ გაერღვია, დევიზად, 25 საუკუნის იქიდან კონფუცის შეგონება გამოიხმო: „როცა მიზანს ვერ აღწევ, მიზანი კი არა, ნაბიჯები შეცვალე: „გადაქანცული ხორციელი ბუნება, უმალ დაიმორჩილა სიცოცხლის წყურვილმა და მისი აზროვნების დაუკითხავად, გეგმების დალაგებას თავადვე შეუდგა: გათენდებოდა დილა, შევიდოდი რომელიმე წარმატებულ პარტიაში; ავიღებდი დროშას და, რაც შეიძლება, მაღლა ვაფრიალებდი; თუ ვინმე რამეს დამავალებდა, შევასრულებდი; არავითარი ნაკლი და ზადი, როგორც ადამიანს, არ მქონდა. პირიქით, სხვაზე მეტად მოვახერხებდი საკუთარი აზრის, ბოდიში, სხვისი აზრის გამოთქმას და მივიღებდი, არც მეტი, არც ნაკლები – თავშესაფარს და საკვებს. თურმე რა სასიამოვნო ყოფილა ამაზე ფიქრიც კი, რომ ამ დროს, ყურში მკაფიოდ ჩამესმა მეუფე თადეოზის ოცი წლის წინანდელი ნათქვამი: „არასოდეს იფიქრო, რომ ღვთისგან ნაბოძები ჯილდო, ხორციელი არსებობისთვის დათმო, თორემ ის ჯილდო გექცევა სწორედ სასჯელად.“ უეცრად ყველაფერი დამთავრდა – ფიქრიც, აზრიც და გეგმებიც. დამრჩა მხოლოდ მეუფე თადეოზის მიმართ მოკრძალებული პატივისცემა, რომელმაც ჭეშმარიტი სიცოცხლის აზრს მაზიარა. ასე გათენდა დილა. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და ვუძლებდი ასეთ ყოფას, მაგრამ გამოხდა ხანი და რაღაც მომენტში, ძალაგამოლეულს, კიდევ მიღალატა აზროვნებამ. ჩემს ცოლ-შვილს, ჩემს მეტი არავინ ჰყავდათ, თორემ სიამოვნებით გავიქცეოდი და სადმე გამოვიკეტებოდი საკუთარ ბედზე გამწყრალი. თითქოს წარსულიდან აღარაფერი მახსოვდა და მეუფის შეგონებაც საგულდაგულოდ გადაეფარა ჩემს სიბრაზეს. ცოლ-შვილი რომ ვერ გავწირე და გასაქცევად გზა ვერ მოვნახე, შევუტიე იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემს წარმოდგენაში, ჩემი ბედის გაუკუღმართებაში დამნაშავეებად აღვიქვამდი. დავიწყე გაზეთში ამ ყველაფრის წერა და ზოგიერთმა (ალბათ, მანაც ცხოვრებაზე გაბრაზებულმა) ადამიანმაც არ დააყოვნა, ჩემს გონებაში აგიზგიზებულ ცეცხლზე ნავთის დასხმა. მე უკვე არაფერი მესმოდა. ეს იყო საშინელი დრო, როცა ვეძებდი „დამნაშავეს,“ რომელმაც ეს ბედი „მარგუნა.“
შობის დღესასწაულია. ერთ პატარა, ნაქირავებ ოთახში ვზივართ ოჯახი და ერთმანეთს შევყურებთ. საჭმელი არ გვაქვს, მაგრამ უკვე არც პრეტენზიაგვაქვს. ვსხედვართ გამტკნარებულები, მაგრამ ისიც არ ვიცით, რას ველით. ისინი ჩემგან ელოდებიან სიტყვას, მაგრამ მე აზროვნება გადაკეტილი მაქვს და მარტო სამაგიეროს გადახდის ჟინი მიტრიალებს. მეზობელმა მომიკაკუნა, სასულიერო პირი გკითხულობსო. ახალი შემოსული ვიყავი ამ ბინაში და ბევრმა არავინ იცოდა ჩემი მისამართი. ბუნებრივია, ჩემი გონება მათზე გადავიდა და გარეთ გამოვედი. გაოცება ვერ დავფარე, როცა ეზოს ჭიშკართან მეუფე თადეოზი დავინახე. ვინც მეუფეს იცნობდა, დამეთანხმება, რომ მას იმდენად კეთილშობილური გამომეტყველება ჰქონდა, რომ მისი მკაცრი სახე წარმოუდგენელი იყო. იმ დროს, საოცრად გაბრაზებული მეჩვენა ჩემს მიმართ. სახლში შევიპატიჟე. ჩემებს მოეფერა. სიხარულისაგან ცრემლმორეული გიორგი გულში ჩაიკრა და უთხრა – ჩემი მიხო და შენ ტოლები ხართ და იცოდე, მისგან არასოდეს გამოგარჩევო. ცოტა ხანში, ჩემს მეუღლეს სთხოვა – იქნებ ხუთ წუთს ეზოში გაიაროთ და თამაზისთან დამტოვოთო. ისინი გავიდნენ თუ არა, სახე ისევ შეეცვალა და მკაცრად გადმომხედა.
– გახსოვს ჩემი სიტყვები, როცა ცხოვრებას იწყებდი? თუ არ გახსოვს, მე გაგახსენებ! შეიძლება სადღაც მოგერიოს ნერვები და გაწყრე შენს ბედზე-მეთქი! გახსოვს? – მე თავდახრილი ვიჯექი და ხმა არ გამიღია. – კიდევ კარგი, ეს მიუსაფარი ცოლ-შვილი ქუჩაში არ დაყარე და ისე არ გაიქეცი, თორემ ადამიანად აღარ ჩაგაგდებდი! რას მივაწეროთ ეს შენი საქციელი?! ვის აბრალებ და რას აბრალებ, თუ იცი?! სულ დაკარგე ცხოვრებისა და სიცოცხლის ვექტორი?! ვინ რა ფურცლებს გაჩეჩებს, რას წერ, რა აბლაბუდას ახვევ, ვეღარ გრძნობ, სადამდე დაეშვი?! მე შენ წლების წინ გითხარი, – სინანული და ლმობიერება შეეპარა მეუფეს ხმაში. – საერო ცხოვრებაში რა გელოდა! ყოფილიყავი მღვდელი, არავინ გაძალებდა არაფერს და დარჩენილიყავი სასულიერო საზოგადოებაში, ამდენ ტანჯვას, ცოდვას და უბედურებას ხომ ასცდებოდი?! შენ ჯოჯოხეთისკენ გაქვს გეზი აღებული და ამ საცოდავ ქალსა და ბავშვსაც ამ უბედურებაში აცხოვრებ! შენ მეფე არ ხარ, აღმატებულ ხარისხში მყოფ ხალხს მსჯავრი დაადო! შენ მწერალი ხარ და აკეთე შენი საქმე! საერო ცხოვრება, შენი არჩევანი იყო და არავის ამაში ბრალი არ მიუძღვის! ჩემგან ცალკე გარბიხარ… – ხმის ტონს ბოლომდე დაუწია. – გეხათრება, ალბათ, არ შემაწუხო. იცი ჩემი ხასიათი და მაინც ასე იქცევი. მე ყოველთვის გაგიყოფ ლუკმას და რომც არ შემეძლოს მისი მოპოვება, მაინც არ მიგატოვებ. ახლა, მოცემულ მომენტში, გამოსავალი არის ერთი – უნდა გამოიღო ეგ რაღაც არაფრისმთქმელი დოკუმენტები და ჩემს თვალწინ დაწვა, რადგან მისი ფრიალი, გიმეორებ, შენი საქმე არ არის. მოიქეცი ისე, როგორც მწერალს, უჰ, დიდ მწერალს შეეფერება! – სიცილით დააბოლოვა სიტყვა, გადმოიწია და მხარზე ხელი დამარტყა. – აბა, შევუდგეთ საქმეს და მერე სამაღარიჩო სუფრა გავშალოთ, რომ ცოდვებისაგან განწმენდილ კაცს, მაცხოვრის შობა მოგილოცო!
უჩუმრად დავემორჩილე მეუფეს და თაროზე შემოდებული საქაღალდე ეზოში დავწვი. ჩემმა უფროსმა და ძვირფასმა მეგობარმა ხელი ჰაერში აღმართა და მეც იგივე მოქმედებისკენ მომიწოდა:
– ახლა ხელები ერთმანეთს დავარტყათ და ასე გამოვხატოთ ეშმაკზე გამარჯვება!
შემდეგ, მძღოლი იხმო და საჭმელ-სასმელი შემოატანინა, რომელიც ჩემთვის ჰქონდა წინასწარ შეძენილი. საოცარი ადამიანი იყო მეუფე თადეოზი. სუფრა რომ გაიშალა, ჯერ ქალისა და ბავშვის დაპურებაზე იზრუნა და თავის ხელით გადაუღო თეფშებზე სხვა და სხვა რაღაცები, მიუხედავად იმისა, რომ მაგიდაზე უხვად ეწყო ყველაფერი. მე, მართალია, ხასიათის ბოლომდე გახსნა გამიჭირდამეუფის წინაშე, მაგრამ ის კი გავუმხილე, რომ ემიგრაციაში მინდოდა წასვლა.
– იქნებ, იქ მაინც დაინტერესდეს ვინმე შენი შემოქმედებით და იქ არის შენი გზა. ეს უფალმა იცის მხოლოდ. არ ვიცი, რა გირჩიო, მაგრამ კარგად ვიფიქროთ მაგაზე. ეჰ, ჩვენს ლამაზ ქვეყანას და ამ უჭკვიანეს ხალხს, ეს პრობლემა არ უნდა გვქონდეს – მწერალი უცხო ქვეყანაში, სარჩოს საძიებლად მიდიოდეს. – მეუფე უეცრად ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა. – ჰონორარი თუ მოუცია ვინმეს შენთვის, ან წიგნებში, ან წერილებში?
–მე უსასყიდლოდ ვემსახურები ჩემს ქვეყანას. – ყველას გაგვეცინა.
– მაშინ, ახლა მე მოგცემ შენ 100 ლარს და ჩათვალე, რომ ჰონორარს გაძლევ. ნეტავ მეტი მქონდეს, მაგრამ მაგაზე მეტი ვერ მექნება. შეკრიბე შენი ქრისტიანული ხასიათის მოთხრობები და დავბეჭდოთ. წაიკითხოს ხალხმა, მარტო მე ხომ არ უნდა მადინო ცრემლი?!
რამდენიმე თვის შემდეგ, მართლაც გამომიცა მოთხრობების კრებული, თავისი ლოცვა-კურთხევითა და წინასიტყვაობით.ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული და სიხარული იყო. განა მწერლისთვის სხვა ამაზე უკეთესირამ არსებობს?! ერთი სიტყვით, სანამ ემიგრაციაში წავიდოდი, მეუფემ აღარ მიმატოვა.
ერთხელ, გიორგი გახდა ავად. 41 ჰქონდა სიცხე და დამძიმდა ძალიან. ახლობელ ექიმს დავურეკე, სიმპტომები ზედმიწევნით აღვუწერე და მითხრა, რომ ვირუსია მძიმე ფორმებშიო. ცოტა ძვირი ღირს და თუ ამ წამლებს გაუკეთებ ამაღამვე, უკან დაიხევს, თუ არადა, კლინიკაში მოგიწევსო წაყვანა. არანაირი საშუალება არ მქონდა და ისევ მეუფეს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. საღამოს ათის ნახევარი იყო,ტელეფონზე რომ ველაპარაკე. მითხრა (მაშინ უკვე ძალიან ავად იყო, მაგრამ მაინც მოძრაობდა და არ იმჩნევდა), ახლა მოვედი დაღლილი. ფეხსაცმელები ფეხიდან ძლივს გავიძვრე. წამოვწექი და ოდნავი ძალაც აღარ მაქვს ასადგომადო. იქნებ ძმრიანი ტილოები დაადოთ და დილით, სანამ ირიჟაჟებს, თქვენთან ვარო. ნუ გეშინიათ, უფალი მოწყალეაო და დაგვლოცა, წამლები ჩაიწერა და დამემშვიდობა. ბავშვი კიდევ მძიმდებოდა.უკვე ვაპირებდი სასწრაფოს გამოძახებას და კლინიკაში გადაყვანას, მაგრამ იქაც ფული მჭირდებოდა და აი, ამას ვფიქრობდი. თერთმეტის ათი წუთი იყო, ანუ მეუფესთან საუბარი რომ დავამთავრე, 40 წუთიც არ იყო გასული, ეზოს ჭიკარზე რომ დააკაკუნეს. გამოვედი, კარი გამოვხსენი და რას ვხედავ, – ფეხზე ოთახის რბილი ნაჭრის ამოსაცმელებით და ხელში წამლებით, ჩემს წინ იდგა მეუფე თადეოზი. ეს უკვე მეტისმეტი იყო, რამეთუ, ასეთი რამ, აღემატებოდა არა მარტო ადამიანურ ნორმებს, არამედ ძალებსაც. ოთახში რომ შემოვიდა, გიორგისთან მივიდა დათავზე ხელი დაადო. დიდხანს არ მოსცილდა ბავშვს, შუბლს ფრთხილად უსრესდა და დაბალ ხმაზე უმღეროდა. ფანატიკურად სასწაულების მიმართ არ ვარ განწყობილი, მაგრამ რაც იქ ვიხილე, წარმოუდგენელი მოხდა – უკონტაქტო ბავშვმა თვალი გაახილა და წყალი მოითხოვა. ისეთი შეგრძნება მქონდა, მეუფის იქ ყოფნის დროს, რომ თითქოს რაღაც ძალა ტრიალებდა ჩვენს გარშემო. ფაქტია, რომ სანამ ვუწამლებდით, სიცხე 38-მდე იყო ჩამოსული.
– ამ კაცს დავურეკე და ამან წამომიყვანა. წამლების ფულიც მან გაიღო თქვენი ძვირფასი ბიჭუნასთვის. – გვითხრა მეუფემ და მის უკან მოყოლილი კაცისკენ შებრუნდა ნახევრად.
მე თავდახრით გამოვხატე მადლიერების გრძნობა. მამაკაცი უხერხულად ჩავარდა. ცოტა ხანს გიორგისკენ გადაიტანა ყურადღება. შემდეგ ბოდიში მოიხადა და ჩაილაპარაკა, მანქანაშიდავიცდიო. როდესაც მეუფე თადეოზს ვაცილებდი და მადლობას ვუხდიდი, მომიბრუნდა და მითხრა:
– მადლობა მე კი არა, ღმერთს ეკუთვნის. ახლა სანამ მკითხავ, რატომო, გეტყვი. ადამიანური შესაძლებლობები აღარ მქონდა და გითხარი, რომ ვერ შევძლებდი ადგომას. არც ფული მქონდა და ვიფიქრე, დილას ვივალებდი აფთიაქში. ამ ფიქრში ვიყავი, უფალმა ძალით აღმავსო და მიმანიშნა, ვისთვისაც უნდა დამერეკა. ასე რომ, მადლობა უფალს და ჯანმრთელობა გიორგის. აბა, კარგად იყავი. ნუ გეშინია. ხვალ დილით შეგეხმიანებით.
აი, მისი ხასიათის კიდევ ერთი დამახასიათებელი და იშვიათი ნიშანი, რომელსაც ადამიანური ენით, ახსნას ვერ მოუძებნი.
ერთი თვით ადრე, სანამ ემიგრაციაში წავიდოდი, თავისი ლექსების დიდი კრებული მაჩუქა. მე იქ აღმოვაჩინე მისი ახალგაზრდობაში დაწერილი ლექსები, რომელსაც არ ვიცნობდი. უამრავი ლექსი მოვნიშნე და საღამოსდავურეკე. გაუკვირდა – წაიკითხე და მონიშნე კიდეცო? იმ დღიდან, ერთი კვირის განმავლობაში, ვურეკავდით ერთმანეთს და ყოველ დღე, საათი და მეტი, ვუკითხავდი ჩემს მიერ მონიშნულ თავის ლექსებს. განსაკუთრებით, ყმაწვილკაცობაში დაწერილმა მისმა პოეზიამ მომხიბლა. როდესაც ფიროსმანზე დაწერილ ლექსს მივადექი, რომელიც ძალიან მომეწონა და მაღალ დონეზე, გამოთქმით წავუკითხე, მეორედ წამაკითხა. ამის შემდეგ, ცოტა ხნით გაჩუმდა და ბოლოს მითხრა:
– მე მაგ ლექსს მასე არ აღვიქვამდი. თითქოს მე სხვანაირად დავწერე. შენ კი სხვანაირად მიკითხავ. არა, უფრო კარგი კუთხით დავინახე ახლა. – ჩაილაპარაკა თავისთვის.
ამ ამბებიდან, ემიგრაციაში მალევე გავემგზავრე. ჩასვლისთანავე, მეუფეს შევატყობინე, რომ კარგად დავბინავდი. მან ვრცელი წერილი მომწერა. უნდოდა ერწმუნა, რომ იქ მაინც ვიპოვნიდი ნავსაყუდელს. ჩემი წასვლიდან, დიდი ხანი არ იყო გასული, როცა მეუფის გარდაცვალება შევიტყვე. ნათლისღებას, 19 იანვარს, თავისიანებისთვის უთქვამს თურმე – ფეხზე წამომაყენეთ, ქრისტე ღმერთი მოდის და მას უნდა შევეგებოო! ასე გარდასულა მისი დიადი სული მარადიულობაში.
და კიდევ ერთი:
როდესაც ყმაწვილკაცობაში დაწერილ მის ლექსებს გავეცანი, იქ აღმოვაჩინე, რომ სულმნათი მღვდელმთავარი, მეუფე თადეოზი, თავადაც რომანტიკოსი ყოფილა.
კომენტარები