8 თებერვალს, იწყება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში შემავალი ქალაქებისა და სოფლების სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩევნები. წალენჯიხის “თავისუფლების ქარტიის” განცხადებით, “თავისუფლების სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის მერთან არსებული მუდმივმოქმედი, არჩევითი სათათბირო ორგანო, რომლის ფუნქციაა კონკრეტულ თემთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების შემუშავება, მიღებასა და მათ აღსრულებაზე საზოგადოებრივი ჩართულობის უზრუნველყოფა. სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერის – გიორგი ხარჩილავას მიერ მიღებული “წალენჯიხის თავისუფლებათა ქარტიის” ერთ-ერთი მექანიზმი. ქარტია მიზანს ისახავს მოქალაქეთა ჩართულობის, თანამმართველობის რეალური მექანიზმების დანერგვას და წალენჯიხის მაგალითზე ძალაუფლების დეცენტრალიზაციის, მოქალაქეთა ჩართულობის პრეცედენტის შექმნას.”
14 ადმინისტრაციულ ერთეულში სახალხო არჩევნები ჩატარდება და გუნდები (1/2) წარმომადგენლებს აირჩევენ, რომელნიც შემდგომში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტში, ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებში.
„თავისუფლებათა ქარტიის“ ფარგლებში, 8 თებერვალს, 10.00 საათზე პირველი სახალხო არჩევნები გაიხსნება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაკიფუსა და მიქავაში.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, “ამ უპრეცედენტო, გამორჩეული და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით, ხალხს უბრუნდება ხელისუფლება. გამომდინარე იქედან, რომ არჩეულ ადამიანებს არ ექნებათ ხელფასი და ეს იქნება ნებაყოფლობითი სამოქალაქო აქტივიზმი – არ იქნებიან დამოკიდებულნი ხელფასზე, რაც მათი მოქმედებების თავისუფლების ხარისხს გაზრდის და გარკვეული სახით, ხელისუფლების მონიტორინგის ფუნქცია დაეკისრებათ. 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებულ არჩევნებზე დაყრდნობით, ჯამში გვეყოლება 98 ადამიანი, ვინც ხალხის სახელით მიიღებს მონაწილეობას რაიონის მართვაში.”
კომენტარები