მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ახალი დავალება მისცა. უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
“მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ, – შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მისცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“ შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ იზრდება.
პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები