2017 წელს მიშელ როკატი მოტოციკლით ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. 2020 წელს მან ფეხზე კვლავ გაიარა და ეს ზურგის ტვინის ინოვაციური იმპლანტის წყალობით შეძლო.
იმპლანტი ელექტრულ პულსებს მის კუნთებს უგზავნის, თავის ტვინის მოქმედების იმიტაციას აკეთეს და ერთ მშვენიერ დღესაც, ხერხემლის დაზიანებების მქონე ადამიანებს შეიძლება კვლავ ფეხზე გავლის საშუალება მისცეს.
„ძლიერ ემოციური გამოცდილება იყო“, — უთხრა როკატიმ ჟურნალისტებს, როცა ელექტრული პულსები გააქტიურდა და მან პირველი ნაბიჯი გადადგა.
ის კვლევაში ჩართული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი იყო. ავარიის შემდეგ, არც ერთ მათგანს ქვედა ტანის მოძრაობა არ შეეძლო.
თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ ექვს-სანტიმეტრიანი იმპლანტი ჩაუდგეს და მისი პულსები დაარეგულირეს, სამივე მათგანმა მალევე შეძლო ფეხზე გავლა.
პაციენტების რეაბილიტაცია დაუყოვნებლივ დაიწყო და უკვე ოთხ თვეში, როკატის სიარული ბალანსის დამხმარე ჩარჩოთი შეეძლო.
„სასწაული უკვე ჩვენ წინ არის. როკატის ორ საათზე მეტხანს შეუძლია ფეხზე დგომა და შეჩერების გარეშე თითქმის კილომეტრს გადის“, — ამბობს შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტის ნეირომეცნიერი გრეგორი კურტინი.
ცდაში მონაწილე სამივე ადამიანი უკვე კიბეებზეც ადის, ცურავს და კანოეთიც მოძრაობს.
სამივე მამაკაცს ავარიაში დაზიანებები კვლევამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე აქვთ მიღებული; ბლოხის ჯგუფი იმედოვნებს, რომ ახალ ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანებზე ავარიიდან მალევეც შეეძლებათ.
„ვფიქრობთ, რაც უფრო ადრე მოხდება იმპლანტის ჩადგმა, მით მეტი ეფექტი ექნება“, — ამბობს ბლოხი.
ამ დროისათვის, იმპლანტები გამოსადეგია მხოლოდ მათთვის, ვისაც დაზიანებები ქვედა გულმკერდს ზემო ზურგის ტვინში აქვს, კისრის ფუძესა და მუცლის ღრუს შორის მონაკვეთში, რადგან საჭიროა ექვს-სანტიმეტრიანი ჯანმრთელი ზურგის ტვინი.
მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ ბევრი სამუშაოა იქამდე, ვიდრე მკურნალობის ეს საშუალება კლინიკურ კვლევებს გასცდება. როგორც ბლოხი აღნიშნავს, ის და მისი კოლეგები დღეში დაახლოებით ხუთ შეტყობინებას იღებენ დახმარების მსურველი პაციენტებისგან.
მათი შემდეგი გეგმაა, ის კომპიუტერი, რომელიც პულსებს ააქტიურებს, ზომაში იმდენად შეამცირონ, რომ ისიც პაციენტებს ჩაუდგან და მისი სმარტფონით კონტროლი იყოს შესაძლებელი.
ვარაუდობენ, რომ ეს წლის ბოლოს გახდება შესაძლებელი; აქვთ ფართომასშტაბიანი ცდის გეგმაც, რომელშიც 50-დან 100-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას აშშ-დან და ევროპიდან.
კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია “პირველი არხის” მიერ Agence France-Presse-ის მიხედვით.
კომენტარები