ლევან ჯავახიშვილი
“ალიას” ესაუბრება ანალიტიკოსი სამხედრო სფეროში, ვახტანგ მაისაია.
– თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არსებობს იმის საფრთხე, რომ პარალელურად საქართველოშიც შემოიჭრას?
– იმედი მაქვს, ეს არ მოხდება, მაგრამ ალბათობა მაღალია. ნახეთ, იმ მთავარ 3 პუნქტიან ულტიმატუმში, რომელიც რუსეთმა დასავლეთს წაუყენა, ფიგურირებს საქართველო. ანუ, რუსეთი მოითხოვს, რომ საქართველო არ გაწევრიანდეს ნატო-ში და ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ან მისი რომელიმე წევრი ქვეყნის სამხედრო ინფრასტრუქტურის არ განთავსებას. მეორეც, როგორც უკრაინას, ჩვენც გვიწერია კონსტიტუციაში, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს პუნქტები კონსტიტუციაში არავის შეუცვლია და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი კონსოლიდირებულია, რომ ეს მოხდეს. გამოდის, რის გამოც უკრაინაში ატყდა მთელი ეს აურზაური, ამაში ჩვენც მოვიაზრებით. შესაბამისად, ამის გარდა, ლაპარაკია შავი ზღვის აკვატორიის კონტროლზე, რაც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ქვაკუთხედია და აქ ჩვენც ვართ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს და რუსეთს შორის არ არის შეწყვეტილი საომარი მოქმედებები, მხოლოდ დაზავებითი შეთანხმება არსებობს. ჩვენ რუსეთთან დღესაც ომის მდგომარეობაში ვართ. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, შესაძლებელია, რუსეთი შემოიჭრას საქართველოში.
– ღმერთმა ნუ ქნას და დავუშვათ, ეს მართლა მოხდა, რა სცენარი განვითარდება?
– პირდაპირ და მოკლედ გეტყვით. 2008 წლის აგვისტოს ომის დროინდელი ვითარებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, კრემლს უკვე გააჩნია საქართველოში პოლიტიკური ბაზისი. არ ვაკონკრეტებ, ვინ არიან. შესაბამისად, ხელისუფლების ჩანაცვლების პერსპექტივაც გააჩნია რუსეთს. მოდით, აქ შევჩერდეთ და ამ საკითხზე მეტი კონკრეტიკისგან ამჯერად თავს შევიკავებ.
კომენტარები