პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ “ინტერპრესნიუსთან” თქვა:
“თუკი ლაპარაკი არის საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელმაც არჩევნების საკითხი უნდა მოაწესრიგოს და თუ 2024 წლამდე არჩევნები არ იქნება, მაშინ უფრო ადრე რა საჭიროა ეს ცვლილებები? ვადამდელ არჩევნებს არც არასდროს ჰპირდებოდა მმართველი პარტია არავის, არ იდგა ეს საკითხი და 2024 წელს ჩატარებულ არჩევნებში როგორი იქნება პირობები ამაზეა ლაპარაკი და ეს პირობები პრინციპში, 2023 წელს რომ გახდეს მსჯელობის საგანი მე მგონი, არც არაფერი შავდება. პირიქით, რაღაცები შეიძლება უფრო დალაგდეს, მომწიფდეს, გაირკვეს. ეგ ისეთი საკითხებია, სადაც სიჩქარე აუცილებლობას არ წარმოადგენს.
მეტოქეები იბრძვიან და ყველა ბრძოლის დროს- ფიზიკურს, პოლიტიკურსა და ეკონომიკურს წინ სიტყვიერი ბრძოლა უძღვის ხოლმე. ამჟამად სიტყვიერი ბრძოლის გამოხატულება გვაქვს. ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობა” იძახდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” გავაქრობთო და ჟურნალისტები არ კითხულობდნენ როგორ გააქრობო, იმიტომ, რომ ამას წინასაბრძოლო რიტორიკის ნაწილად აღიქვამდნენ. ასევე, საბრძოლო რიტორიკის ნაწილია ჩემი აზრით ეს ფრაზა.
რაც შეეხება იმას, მოახერხებს თუ არა “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” გაქრობას ამოვიდეთ ციფრებიდან. ყველაზე დიდი პროცენტი ოპოზიციურ პარტიებს შორის “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა და ეს დიდი პროცენტი უშუალოდ სააკაშვილთან იყო დაკავშირებული. იმიტომ, რომ ის ჯგუფები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” გამოეყვნენ და სააკაშვილის ქუდის ქვეშ რომ არ იყვნენ, იმათ დაბალი რეიტინგი აქვთ. ასე რომ, ფაქტობრივად, სააკაშვილის, როგორც ქარიზმატული პოლიტიკური ფიგურის მხარდამჭერების ხარჯზე დგას “ნაციონალური მოძრაობა” და ასეთი ფენომენის ნულამდე დაყვანა იშვიათია ხოლმე.
რაც შეეხება პოლარიზაციას – საერთოდ არ მესმის პოლარიზაცია რატომ არის უარყოფითი მოვლენა მრავალპარტიულ ქვეყანაში. ბუნებრივია, პარტიები ერთმანეთს უპირისპირდებიან. როდესაც დაპირისპირება კანონის ან ზნეობის ფარგლებს სცდება, ისაა პრობლემა, თორემ თავისთავად პოლარიზაცია მეტ-ნაკლებად ბუნებრივია.”
კომენტარები