შავი ზღვა ნატოსთვის სასიცოცხლო სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია, რეგიონში გვყავს ნატოს სამი მოკავშირე, ასევე ჩვენი ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო – შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას ნატოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, – განაცხადა რუმინეთში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადგილი არ ექნება გაუგებრობას ან არასწორ გათვლებს ჩვენი ვალდებულებისა და მზადყოფნის შესახებ. რუმინეთსა და ნატოს ყველა სხვა მოკავშირეს დავიცავთ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინაში და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა.
„თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს, საკუთარი გზა აირჩიოს. ჩვენ ყველა მოკავშირეს დავიცავთ. ნატოს პირველი და მეორე კლასის წევრები არასდროს ეყოლება. მხოლოდ ნატოს მოკავშირეები არიან – გაერთიანებულნი, როგორც ერთი“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
კომენტარები