სომხეთის პარლამენტმა 20 მარტს, საღამოს საათებში საგანგებო სხდომა გამართა, სადაც დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იკრძალება „ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც, შესაძლოა, პანიკა გამოიწვიოს“.
ამ გადაწყვეტილებას ოპოზიცია და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.
კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში „პანიკის გამომწვევი ინფორმაციის“ გავრცელება დაისჯება 300 000 დრამამდე ($600-მდე) თანხით. კანონის ინიციატორია იუსტიციის სამინისტრო. მეორე მოსმენა ორშაბათშაა ჩანიშნული.
ცვლილებები ფაშნიანის ალიანსმა „ჩემმა ნაბიჯმა“ დაუჭირა მხარი და 102 ხმით 0-ის წინააღმდეგ მიიღო, მიუხედავად წინააღმდეგობისა ოპოზიციის მხრიდან. მეორე მოსმენა ორშაბათსაა ჩანიშნული. ოპოზიციის თანახმად, ცვლილებების პაკეტის არაერთი ასპექტი ბუნდოვანია.
სომხეთს 16 მარტიდან ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა აქვს გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ხელისუფლებამ ინფორმაციის გავრცელებაზე შეზღუდვები დააწესა, ახლა კი ამას კანონმდებლობაშიც ასახავს.
როგორც სომხური გამოცემა, გამომძიებელ რეპორტიორთა ერთობლიობა Hetq წერს, გამოცემა „ჰრაპარაკმა“ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის თანახმადაც ერევანში პატიმრები ჩიოდნენ, რომ ოჯახის წევრებისგან გზავნილებს ვეღარ იღებდნენ. მეორე გამოცემა „არავოტმა“ გამოაქვეყნა სტატია რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების დამალვასთან დაკავშირებით.
პოლიციამ პირველ გაზეთს ინფორმაციის ამოღება მოსთხოვა, მეორეს — შეცვლა. ორივე მათგანი იძულებული გახდა, ასეც მოქცეულიყვნენ.
16 მარტსვე, — მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, — საერთაშორისო ორგნიზაციამ, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ტვიტერზე დაწერა:
„სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მედია დაავალდებულა, მხოლოდ ოფიციალურ წყაროების ციტატები მოიტანოს. ინფორმაციის კონტროლი არ უწყობს ეპიდემიასთან ბრძოლას ხელს — ის ჭორებისა და შიშის გავრცელებაში ეხმარება“.
კომენტარები