საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის მოთხოვნას საგანგებო მდგომარეობის შემოღების თაობაზე.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში გააკეთა.
“ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები, ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა. გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე, ასევე დროული და ეფექტური რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი. მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ათეულების ფარგლებშია. ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეჩერება მოვახერხეთ, რითაც შეიძლება ვიამაყოთ, ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის ერთობლივი მიღწევა. ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, მზად უნდა ვიყოთ დაავადების მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს.
“მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს. ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი, ამიტომ ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული მზაობის გათვალისწინებით, პრემიერის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე”, – განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოაცხადების მოთხოვნით დღეს მიმართა.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ ქვეყნის მოსახლეობას პირდაპირი ეთერით ამცნო.
“საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.
საგანგებო სხდომა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 16:30 საათისთვისაა ჩანიშნული.
კომენტარები